Digest Logo

🎥 „იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, კინაღამ სიცოცხლე დავამთავრე...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი შანტაჟზე, TikTok-ის შემოსავლებსა და ქეთა თოფურიას მიწვევაზე

1785232211
ქეთი ეგიდუნაშვილი

პოდკასტ „სარკასტიკას“ სტუმარი სოციალური ქსელების ცნობილი სახე, ქეთი ეგიდუნაშვილი იყო. ინტერვიუში მან განვლილ სირთულეებზე, სოციალურ ქსელში არსებულ ბულინგზე, კარიერულ გეგმებსა და ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ეგიდუნაშვილის თქმით, ინტერნეტსივრცეში მის მიმართ გავრცელებულმა უარყოფითმა კომენტარებმა და შანტაჟმა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედა:

„ძალიან ბევრი შიში და დიდი შანტაჟი გადავიტანე. იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, რომ კინაღამ სიცოცხლე დავამთავრე. თუმცა ეს იყო ჩემი დეპრესიული მდგომარეობა... ახლა დასამალი რა მაქვს. ჩემი კარიერის აწევა იმიტომ მინდა, რომ ჩემს შვილს ჰქონდეს ყველანაირი კომფორტი და ჩემგან მეტი ფინანსური სარგებელი მიიღოს“, - აღნიშნა ქეთი ეგიდუნაშვილმა.

გადაცემაში საუბარი შეეხო მომღერალ ქეთა თოფურიასთან კომუნიკაციასაც. ეგიდუნაშვილის თქმით, A-Studio-ს სოლისტმა მას პირადად დაურეკა და თანამშრომლობა შესთავაზა:

„ქეთა თოფურიამ დამირეკა, ბავშვის დაბადების დღე იყო, თბილისში გახლდათ ჩამოსული და მითხრა: „ჩამობრძანდი მოსკოვში და ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, შენც და უჩასაც, აქ გააგრძელეთ თქვენი კარიერაო“. ბავშვი ვერ დავტოვე და ამიტომ ვერ წავედი“, - იხსენებს იგი.

კითხვაზე, თუ ვისთან ისურვებდა დუეტის ჩაწერას, ქეთი ეგიდუნაშვილმა რამდენიმე ცნობილი შემსრულებელი დაასახელა:

„ნინო ჩხეიძე ჩემი ფავორიტია, ლელა წურწუმია ნამდვილი დივაა, დედოფალი. ანრი ჯოხაძე, გია სურამელაშვილი და მერაბ სეფაშვილი“.

გადაცემაში საუბარი შეეხო სოციალური ქსელიდან მიღებულ ფინანსურ სარგებელსა და ვირტუალურ საჩუქრებს. ეგიდუნაშვილის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც მისი შემოსავალი საკმაოდ მაღალი გახლდათ:

„ადრე დღეში მქონდა შემოსავალი, მინიმუმ 2000 ლარამდე. ეს მაშინ ხდებოდა, როცა 212 000-იანი გვერდი მქონდა და პოპულარობის პიკში ვიყავი“, - იხსენებს ქეთი.

გადაცემის წამყვანებმა აღნიშნეს შემთხვევა, როდესაც ქეთის პირდაპირ ეთერში 5 წამში ზედიზედ 5 „ლომი“, რომლის თითოეულის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 300 დოლარია გაუგზავნეს. ეგიდუნაშვილმა განმარტა, თუ როგორ ნაწილდება ეს თანხა:

„ლომის ღირებულება იყოფა - ნახევარი TikTok-ს მიაქვს, ხოლო მეორე ნახევარი მიგვაქვს ჩვენ. თუმცა, მაგას ჯობია, თუ ადამიანს დახმარება უნდა, პირდაპირ ანგარიშზე ჩაურიცხოს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად თბილისში იმყოფება, აქტიურად ეძებს სამსახურს და სურს, ძალები სარეკლამო სფეროშიც სცადოს.

ინტერვიუს დასასრულს ქეთი ეგიდუნაშვილმა გადაცემის წამყვანებთან ერთად იცეკვა და მაყურებელს ცნობილი სიმღერა „ამ სიყვარულს შენს სახელს ვარქმევ“ ცოცხალი შესრულებით აჩუქა.

ვრცლად, ნახეთ ინტერვიუ ვიდეოში: