Digest Logo

ინექცია თუ თვითმოვლა? სად გადის ზღვარი და რატომ არის კრიტიკა არაჯანსაღი - ფსიქოლოგის განმარტება

1778867667
თავის მოვლა და ინექციები

ბოლო დროს პლასტიკური ქირურგია და კოსმეტოლოგიური პროცედურები ერთგვარ განტევების ვაცად იქცა. ხშირად გვესმის კრიტიკა ტუჩის ფორმის, ბოტოქსის თუ ფილერების გამო, თუმცა, როგორც ფსიქოლოგი, მინდა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ.

რატომ არის ეს ისეთივე ბუნებრივი, როგორც თმის შეღებვა?

მოდით, ვაღიაროთ როდესაც თმას ვიჭრით, ვიღებავთ ან ახალ სამოსს ვირჩევთ, არავინ გვეკითხება რატომ არ იღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხარ? ეს იმიტომ, რომ ეს ქმედებები თვითგამოხატვის ნაწილად მიიჩნევა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ტუჩის მცირე კორექცია ან ნაოჭის გასწორება ზუსტად იგივეა. ეს არის სხეულის ავტონომია ჩვენი უფლება, თავად გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყურებოდეთ. თუ გარეგნობაში რაღაცის შეცვლა გვეხმარება, რომ სარკეში უფრო თავდაჯერებული ადამიანი დავინახოთ, ეს ისეთივე ჰიგიენური და ესთეტიკური აქტია, როგორც ნებისმიერი სხვა თავის მოვლის პროცედურა.

ჩვენი თვითშეფასება მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს. როდესაც მცირე კორექცია ადამიანს ათავისუფლებს მრავალწლიანი კომპლექსისგან, ეს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მთავარია, რომ პროცედურის შემდეგ მოგვწონდეს ის, რასაც სარკეში ვხედავთ, რადგან ეს პირდაპირ ზრდის ჩვენს შინაგან რესურსს.

კორექცია ჯანსაღია, სანამ ის გვეხმარება ვიყოთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. პრობლემა მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც იკარგება იდენტობა და ადამიანი საკუთარი თავის ნაცვლად სხვისი სახის ნაკვთების გამოძერწვას ცდილობს. ასევე ყურადსაღებია ის მომენტი, როცა ერთი პროცედურა მეორეს დაუსრულებლად ცვლის და კმაყოფილების განცდა არ დგება ასეთ დროს მიზეზი ხშირად შინაგან შფოთვაშია და არა გარეგნობაში.
სხვისი არჩევანის გაკიცხვა, იქნება ეს ტუჩის ფორმა თუ ჩაცმის სტილი, ხშირად თავად კრიტიკოსის შინაგან სტერეოტიპებზე მეტყველებს. სილამაზის სტანდარტი სუბიექტურია და მთავარია, რომ ადამიანმა ამ ცვლილებით თავი უფრო ბედნიერად იგრძნოს.

ჩემი მესიჯი ასეთია: ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზრუნვის იმ ფორმით, რომელიც თქვენთვისაა მისაღები. მთავარია, პროცედურის შემდეგაც სარკეში თქვენივე თვალებიდან თქვენ იმზირებოდეთ უფრო მშვიდი, უფრო თავდაჯერებული და უფრო კმაყოფილი.

საგანგაშო ნიშნები მაშინ ჩნდება, როდესაც გარეგნობის ცვლილება თვითმიზანი ხდება და არა შინაგანი კომფორტის მიღწევის საშუალება.

ეს არის მდგომარეობა, როდესაც პროცედურის დასრულებისთანავე კმაყოფილება ქრება და ადამიანი მომდევნო ჩარევას გეგმავს. საგანგაშოა, როცა პაციენტი ვერ ხედავს რეალურ სურათს და მუდმივად ეძებს ახალ დეფექტს, რომლის გამოსწორებაც "საბოლოო ბედნიერებას" მოუტანს.

როდესაც ბოტოქსისა და ფილერების რაოდენობა იქამდე მიდის, რომ სახე კარგავს მიმიკურ მოძრაობას, ეს ხშირად გაუცნობიერებელი თავდაცვის მექანიზმია. ფსიქოლოგიაში ამას ზოგჯერ ემოციებისგან გაქცევას ვუწოდებთ.
როცა პაციენტს სჯერა, რომ ტუჩის ფორმის შეცვლა გადაჭრის მის პრობლემებს პირად ცხოვრებაში, კარიერაში ან განკურნავს მარტოობისგან…

ინიექცია ვერ ცვლის ცხოვრებისეულ სცენარებს.

ის მხოლოდ დროებით ვიზუალურ ეფექტს იძლევა. თუ მოლოდინი ასეთი მაღალია, იმედგაცრუება გარდაუვალი და მტკივნეული იქნება.

მოკლედ რომ ვთქვათ, საგანგაშოა ყველაფერი, რაც გაშორებთ საკუთარ თავს და გიბიძგებთ დაუსრულებელი, ხელოვნური სრულყოფილების ძიებისკენ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ გაუშვათ ეს შანსი, გადაწერეთ თქვენი ფინანსური ბედისწერა!“ - ეზოტერიკოსის მიმართვა

🎥 „ქალი რომ გარეთ გამოდის, ძალიან კარგად იცის რას რისთვის იცვამს და რატომ აკეთებს“ - როგორია მამა საბა ჭიკაიძის შეხედულება ეკლესიაში შარვლით შესულ ქალზე

„ულამაზესი ქალბატონი, პატარა გოგოსავით გამოიყურები“ - როგორ აფასებენ თიკა ფაცაციას ახალ ფოტოებს