ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფრაზებია: „შინაგანი ხმა მკარნახობს“, „წინათგრძნობა მაქვს“ ან „გულმა მიგრძნო“.
ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ხშირად ვხვდები შემთხვევებს, როცა ადამიანებს თავიანთი ინტუიციის იმედი აქვთ, თუმცა რეალურად სულ სხვა რამეს უსმენენ, ზოგჯერ ჩვენი შიში და შფოთვა ირგებს „კეთილმოსურნე მრჩევლის“ ნიღაბს და გვატყუებს, თითქოს ის ჩვენი ინტუიციაა.
🪬რა არის ინტუიცია?
ინტუიცია ინფორმაციის ელვისებური, ქვეცნობიერი გადამუშავებაა. ტვინი წამში მილიარდჯერ აანალიზებს ჩვენს მთელ წარსულ გამოცდილებას, გარემოს მიკრო-დეტალებს, ადამიანების მიმიკებს და გვაძლევს მზა პასუხს მანამ, სანამ ლოგიკურ ჯაჭვს ავაგებთ, ჩვენ უბრალოდ ვიცით პასუხი, მაგრამ არ ვიცით, საიდან. ინტუიცია შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიურიც.
🚨 რა არის შიში?
შიში ფსიქიკისა და სხეულის საბაზისო, ევოლუციური თავდაცვის მექანიზმია, რომლის მიზანიც ჩვენი ფიზიკური თუ ემოციური გადარჩენაა. შიში იკვებება წარსულის ტრავმებით და ნეგატიური გამოცდილებით. მისი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად აგვარიდოს პოტენციურ საფრთხეს, თუნდაც ეს საფრთხე ილუზორული იყოს.
როგორ უნდა მივხვდეთ, როდის გველაპარაკება ნამდვილი, ღრმა ინტუიცია და როდის შიში? მათ შორის 3 მთავარი, ფუნდამენტური განსხვავებაა:
1. ემოციური ტემპერატურა: შიში ყოველთვის ხმამაღალი და დრამატულია. მას თან ახლავს ძლიერი ფიზიკური მუხტი: პანიკა, აჩქარებული გულისცემა, კუჭის სპაზმი ან კუნთების დაძაბულობა. შიშის ტონი მბრძანებლურია: „თუ გააკეთებ, ყველაფერს გააფუჭებ!“ ინტუიცია კი ყოველთვის ნეიტრალურია. ის არის უემოციო, სუფთა, შინაგანი ცოდნა. მას არ ახლავს ისტერიკა, უფრო ჰგავს ფაქტის მშვიდ კონსტატაციას, რომელიც თქვენს შიგნით არსებობს: „ეს ჩემი გზა არ არის“ ან „ახლა ასე ჯობია“. ინტუიცია არასდროს ყვირის ის ჩურჩულებს.
2. დროის ვექტორი: შიში წარსულში ცხოვრობს: ის იღებს ძველ იმედგაცრუებებს, ტრავმებს და ავტომატურად აპროეცირებს მათ მომავალზე. "უკან გექაჩებათ“, გეუბნებათ, რომ ახლაც ზუსტად ისევე მოხდება, როგორც მაშინ. ინტუიცია აწმყოში იბადება: ის პასუხობს კონკრეტულ მომენტს, კონკრეტულ გარემოს აქ და ამჟამად. ინტუიცია მომენტალურად კითხულობს მიმდინარე რეალობას.
3. ფინალური ფოკუსი: შიში გზღუდავთ: მისი ამოცანაა დაგტოვოთ ნაცნობ, თუნდაც თქვენთვის საზიანო, მაგრამ მაინც „უსაფრთხო“ ზონაში. შიშის ფორმულაა: „არ დაიწყო“, „არ ენდო“, „უკან დაიხიე, დაიმალე“. ინტუიცია გზას გიჩვენებთ: ხანდახან ინტუიციამ შეიძლება გიბიძგოთ ისეთი ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც ლოგიკურად გაშინებთ, თუმცა შინაგანად მაინც გრძნობთ, რომ ეს სწორი მიმართულებაა. შიში გკეტავთ, ინტუიცია კი განვითარების ახალ ჰორიზონტებს გიხსნით.
💡პრაქტიკული სავარჯიშო თქვენთვის: შემდეგ ჯერზე, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს რაღაც „შინაგანი ხმა“ გააქტიურდება, წამით შეჩერდით და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „ეს ხმა სხეულებრივი შფოთვიდან მოდის თუ შინაგანი სიმშვიდიდან?“ თუ პასუხი შფოთვა და აჩქარებული პულსია, მაშინ მიეცით თავს დრო, დაელოდეთ ემოციური ტალღის გადავლას. ნამდვილი ინტუიცია არსად გაიქცევა, ის ყოველთვის იქ დაგხვდებათ, სადაც სრული სიმშვიდე და სიჩუმეა.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ბუნებრივი სილამაზე...“ - ნახეთ, გიორგი მამარდაშვილის ცოლის ახალი ფოტოები
⭕ახალი ხილი ბავშვთა კვებაში: როდის, როგორ და რა რაოდენობით? - ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები