გუშინ, 22 ივნისს, 8 წლის ინგუში ბიჭი, რომელიც 15 ივნისს გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. იგი მდინარეში მეგობრის გადასარჩენად შევიდა.
ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი ნინი შერმადინი და წერს, რომ გულადობას ასაკი არ აქვს:
„მე რა კაცი ვარ, თუ მეგობარი გაჭირვებაში მივატოვეო…“
ეს სიტყვები მხოლოდ 8 წლის ბიჭმა არ თქვა…
ეს სიტყვები ადამიანობამ თქვა. ზოგი მთელი ცხოვრება ვერ ხვდება, რას ნიშნავს მეგობრობა. 8 წლის ხაზირმა კი საკუთარი სიცოცხლით გვაჩვენა.
ის არ დაფიქრებულა, არ შეუშინდა, არ გაიქცა.
დაინახა, რომ მეგობარს მისი დახმარება სჭირდებოდა და მის გადასარჩენად დაუფიქრებლად გადახტა მდინარეში… მეგობარი გადარჩა, თავად კი სამუდამოდ გმირად დარჩა.
გმირობას ასაკი არ აქვს.
გმირობას არც ეროვნება, არც რელიგია და არც საზღვრები აქვს. დედა ხშირად მეუბნებოდა კაცობას ვერ სწავლობენ, კაცად იბადებიანო. მართალია…
პატარა ხიზირმა ის შეძლო, რაც ხშირად დიდებს გვიჭირს, თავისი საქციელით სრულიად კავკასია გააერთიანა. ამ დღეებში ყველა ერთი გულით ვლოცულობდით მისთვის. ყველას გვინდოდა სასწაული… მაგრამ ღმერთმა პატარა ანგელოზი თავისთან წაიყვანა.
მადლობა, ხიზირ, რომ შეგვახსენე, რას ნიშნავს იყო ადამიანი.
მადლობა იმ გაკვეთილისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.
უდიდესი მადლობა შენს მშობლებს. მათ აღზარდეს შვილი, რომლის სახელიც გმირობასთან ერთად დარჩება. წარმომიდგენია, როგორი აუტანელია მათი ტკივილი… მაგრამ ამ ტკივილთან ერთად მთელი მსოფლიო ამბობს: „თქვენ გმირი შვილი აღზარდეთ“.
ვიზიარებ სრულიად კავკასიის მწუხარებას.
დღეს ჩვენ არ გვყოფს არც ენა, არც საზღვრები და არც რელიგია.
დღეს ჩვენ ყველას ერთი პატარა გმირი გვტკივა.
ხიზირ…
ილოცე სამოთხიდან ჩვენთვის.
იქნებ შენსავით ერთგულები, მამაცები და ადამიანურები გავხდეთ.
მისი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ნამდვილი გმირები ზოგჯერ ყველაზე პატარა გულებში ცხოვრობენ“, - წერს ნინი შერმადინი.
ცნობისთვის, ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.
ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.
რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა - მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.
მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ახალი ენერგიით ამოძრავების დროა“- დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„სანამ მე ცოცხალი ვარ – უნდა დავფიქრდე, რაში ვცვლი მარადიულ სიცოცხლეს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე