ჟურნალისტი სოფო ნაცვლიშვილი აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, ომთან დაკავშირებულ პირად ისტორიებს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. სოფო ნაცვლიშვილი ომის ამბების მოყოლას თავისი ბავშვობიდან იწყებს და იხსენებს რას განიცდიდა მაშინ როდესაც მამამისი აფხაზეთის ომში წავიდა.
„ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას გვაქვს ომის ჩვენი ამბავი. ჩემი ამბავი 2008-ში არ დაწყებულა.
ბავშვობაში მამიკოს გოგო ვიყავი. დედის მაგივრადაც მამას ვიფიცებდი. ტყესთან ვცხოვრობდით და როცა აგვიანებდა, სულ მეშინოდა რომ მგელი შეჭამდა. ვიდრე სახლში არ მოვიდოდა, ვერ ვიძინებდი. ვიწექი და თვალებდახუჭული ველოდი, როდის გაჯახუნდებოდა კარი და თან რომ ხმაური და აჟიოტაჟი დააქვს, იმ ხმაურს და აჟიოტაჟს მოიტანდა. მამა თითქმის ჩემხელაა. მისი მეგობრები ყოველთვის ჩემი მეგობრებიც იყვნენ. 9 წლის რომ ვიყავი ყველა მეგობარი ერთად გამომეცალა ხელიდან და აფხაზეთში წავიდნენ. დედა არ ნერვიულობდა. იმ პერიოდიდან ის მახსოვს, რომ ძილის წინ სულ იმას ვფიქრობდი - იმდენ ხანს უნდა მეძინოს, რომ გავიღვიძებ ბესო ჩამოსული დამხვდეს-თქო. ღამით ტელეფონი თუ დარეკავდა, ან კარზე ვინმე დააკაკუნებდა, პირველები კართან დედა და ბებია ჩნდებოდნენ. არც ერთი ნერვიულობდა. მე კიდევ ვცდილობდი წარმომედგინა, რომ ბესო და ჩემი მეგობრები ძალიან კარგ დროს ატარებდნენ სადაც იყვნენ და ღამღამობით კოცონთან სიმღერებს მღეროდნენ. ერთ დღეს მამა ჩამოვიდა. მერე იყო ღამეები, როცა მე და ჩემ ძმას ის გვაღვიძებდა, რომ მამა ოთახში ბიჭებს ეძებდა. ომზე მამას არასოდეს მოუყოლია. არც მაშინ ლაპარაკობენ ხოლმე, ერთად რომ იკრიბებიან. არც მე მიკითხავს. მერე დიდი გოგო გავიზარდე და ჩემი შვილი 2 წლის იყო, ომი რომ ისევ დაიწყო. რატი და ჩემი მეგობრები ომში მიკროფონებით და კამერებით წავიდნენ. მე ტელევიზიაში ვათენებდი. რომ თქვეს, შეიძლება ტელევიზია დაიბომბოს და სახლებში წადითო, არავინ წასულა. ვინც იქ არ იყო, ისინიც მოვიდნენ. ერთ ღამეს მახსოვს, მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ - იმ შემთხვევისთვის თუ სხვა დროს ვეღარ მოვასწრებდით. იმ კვირის განმავლობაში ერთხელ სახლში გამომიშვეს. მათე დედაჩემთან, ტყის პირას იყო დატოვებული. სამხედრო გზაზე ფეხით ვიარე რომ წარმომედგინა, მოხვდებოდა თუ არა მცხეთიდან შემოსულ რუსს თვალში ჩემი მშობლების სახლი და მაშინვე ააფეთქებდა თუ დრო მექნებოდა ტელევიზიიდან შვილამდე მიმესწრო. რატის ვინღა კითხულობდა. სულ ვმუშაობდი, რომ იმ გოგოებს, ვისაც ეშინოდათ მამა მგელს არ შეეჭამა, გაეგოთ სად იყო მგელი. 39 წლის გავხდი. ჩვენს ტყეში ისევ მგლები ყმუიან. აქაურ გოგოებს კიდევ სულ არ აშინებთ ომი. ტყიდან მამების გამოყვანა უკვე კარგად ვისწავლეთ, შვილების გამოყვანაც და მგელიც ვერას დაგვაკლებს“, - წერს სოფო ნაცვლიშვლი.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა
🎥 ნუკი კოშკელიშვილი 15 კილოგრამიან კაბაში პოზირებს - რა კადრებს ავრცელებს ტელეწამყვანი