Digest Logo

„იცით როდის დაიწყო ტვინების გამორეცხვა? ერთი-ორი პროტესტი, პროპაგანდისტებმა გამოხატვის თავისუფლების ჩახშობად რომ გაასაღეს, შემოგვაპარეს: იესო და მარიამი ხელშეუხებელნი არ არიან... მათი გაშარჟება ისევე იოლია, როგორც იოლია პრეზერვატივებს დაახატო ქართველი მეფეები და დედოფლები! მადლობა ღმერთს, რომ ყველას ვერ მოერივნენ, ყველას ვერ გაწვდნენ“ - ნინიკო მშვიდობაძე

1732904753
ნინიკო მშვიდობაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინიკო მშვიდობაძე საქართველოში მიმდინარე დაძაბული ვითარების ანალიზსს და შეფასებას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გვაცნობს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„იცით როდის დაიწყო ტვინების გამორეცხვა? როცა 24 წლის ლაშა ბუღაძემ თავისი „პირველი რუსი“ დაწერა და ვითომ კი ავხმაურდით, მაგრამ ამ ხმაურმა ეს მოთხრობა მისი ავტორი კიდევ უფრო პოპულარული გახადა, იმდენად პოპულარული, რომ ერთმა ჩემმა თანატოლმა (ნუ, მაშინ, როცა ეს მოთხრობა დაიწერა, ორივე გაცილებით ახალგაზრდები ვიყავით), მითხრა: ბუღაძე გმირია, ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა, რომ თამარ მეფე ბოზიაო.

ანუ მარტივად შემოგვასაღეს: თქვენი წმინდანად შერაცხილი მეფეები და დედოფლები ჩვეულებრივი გარყვნილი მონარქები იყვნენ და მეტი არაფერიო.

გავა ზუსტად ცხრა წელი და ახლა უკვე 20 წლის ერეკლე დეისაძე დაწერს თავის გახმაურებულ რომანს „საიდუმლო სირობა“, სადაც სიტყვასიტყვით ამბობს: „მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა”. ეს რომანიც არაადეკვატური ხმაურით მივიღეთ, რითაც ხელი შევუწყვეთ ავტორის გაპოპულარებას.

სამაგიეროდ, კიდევ ერთი რამ შემოგვასაღეს მარტივად: თქვენი რწმენა სულაც არაა მტკიცე, ისეთი ვადა და ყავლგასულია, რომ შეგვიძლია სექსთან და მით უფრო, ინცესტთან გავაიგივოთო.

წლების შემდეგ რატი ამაღლობელი, რომელიც ამავდროულად, თიბისი ბანკთან ერთად, ლიტერატურული პრემია „საბას“ დამფუძნებელია, ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის, რომ ყველა ლექსის წერას იწყებდა ტუალეტში....
მანამდე კი, 2011 წელს დათო ქარდავა დაწერს რომანს „ტუალეტში საკითხავი“, რომელიც იმავე წელს პრემია „საბას“ ლაურეატი ხდება.

ასე შემოგვასაღეს შემდეგი: ის, რაც ქართველისთვის ასოცირდება ადამიანის ამაღლებულ გრძნობებთან, ის, რაც ქართველისთვის სულის სიმების შემრცხვენია, რაც სათუთად ეხება მის გრძნობებს, ანუ პოეზია, იმდენად მდაბალ საფეხურზე დაიყვანეს, იმდენად გაამატერიალურეს, რომ დეფიკაციის აქტთან გააიგივეს.

განსაკუთრებული ლექსიკით გამოირჩა მწერალი ზაზა ბურჭულაძე, რომელიც ერთ-ერთ გახმაურებულ რომანში (ხმაურიანი კი სწორედ ლექსიკის გამო გახდა), დაწერს: „ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა: პირში სპერმა, გულში ლოცვა“.

ტრენდი: ლოცვის შედარება სექსუალურ აქტთან, ანუ ლოცვის - ამ ზეაღმატებული მდგომარეობის, უხილავი კავშირისა წმინდანებთან - გაიგივება ყველაზე ცხოველურ აქტთან, რომელსაც ძაღლები პირდაპირ ქუჩაში ასრულებენ!!!

2011 წელსვე წარსულში თორაძეების მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მხედრიონელი ნიკოლოზ რურუა, სააკაშვილთან დაპირისპირების გამო (კონკრეტულად ამ გამონათქვამის: სააკაშვილი სომეხია და ეს დამალული არ არის არავისთვის), თანამდებობიდან ათავისუფლებს რობერტ სტურუას.

ისევ შემოპარებულ - შემოსაღებული: მერე რა, რომ ცნობილი სახეა, ქსენოფობიას (ასე შეფუთეს) არავის ვაპატიებთ (რეალობაში, გაგვაფრთხილეს, რომ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას არავის გვაპატიებდნენ).

ძალიან მალე მხატვარი და აქტივისტ-ფემინისტი ლია უკლება თავის ნამუშევრებს გამოფენს, რომელსაც პროპაგანდისტული ტელევიზიები აიტაცებენ: თვითმკვლელი ღვთისმშობელი, ტრანსგენდერი ქრისტე, კაცების სამაია...

ერთი-ორი პროტესტი, რომელიც პროპაგანდისტებმა ისევ გამოხატვის თავისუფლების ჩახშობად გაასაღეს, არადა, თუკი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე მიდგა საქმე, თუ შენ გაქვს უფლება დახატო, რაც გინდა, შესაბამისად, მეც მაქვს უფლება ვთქვა, რომ შენი ნახატი არ მომწონს. მაგრამ არა, მეორე მხარეს ამ ფსევდოლიბერალების აზრით არ აქვს უფლება ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, რადგან ასეთ შემთხვევაში იოლად მიაკრავენ ბნელის, ჭაობის გადმონაშთის იარლიყს, რომელიც (ეს აუცილებლად სათქმელია, ტრენდულია): რუსულად აზროვნებს!

შემოგვაპარეს: იესო და მარიამი ხელშეუხებელნი არ არიან. მათი გაშარჟება ისევე იოლია, როგორც იოლია პრეზერვატივებს დაახატო ქართველი მეფეები და დედოფლები!!!

სოციალურ ქსელში დიდი კამათი მომიწია პოლიტიკურად განსხვავებული ორიენტაციის მქონე წარსულში მეგობართან. ის წერდა, რომ დავით აღმაშენებლის დიდგორის ბრძოლა სულაც არ ყოფილა ისეთი სამაგალითო და დიდებული, როგორიც გვგონიაო. წერდა, რომ მტრის რიცხოვნობა გაზრდილია, რომ 200 მხედარი ურიცხვი მტრის ბანაკში ვერ შეიტანდა არეულობას. კამათი სწორედ ციფრებზე აპელირების გამო მომიწია და მივხვდი, რომ ეს „მეგობარი“ არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რომ დიდგორის ბრძოლა წვრილმანებამდე დაეყვანა და ასე დაეკნინებინა მისი როლი მსოფლიო ისტორიაში. დიახ, მსოფლიო ისტორიაში, რადგან ქართველთა ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ მართლა დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს შემდგომ განვითარებაში.

შემოპარებული ტრენდი: არ გვაქვს ქართველებს არავითარი დანიშნულება. არ გვაქვს ისტორიული მისია, არც გვქონდა. ზღაპარი და მითია ჩვენი იგავმიუწვდომი ბრძოლები...

შემდეგი შემოპარებული თემა, იყო თემა ანბანის თაობაზე, როცა გვითხრეს, რომ მსოფლიოში 14 ანბანი მითია და რომ ეს არ უნდა დავიჯეროთ! რომ სულაც არაა აუცილებელი ვისაუბროთ დახვეწილი, სწორი ქართულით, სამაგიეროდ, აუცილებელია გამოვიყენოთ ისეთი ინგლისური სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა შეიძლება, არცკი ვიცოდეთ, მაგრამ ტრენდულია და დავამკვიდრეთ ამ ჩვენს უმდიდრეს ენაში: ვორქშოპი, ბულინგი, ქოუჩინგი, თინეიჯერი...

რაც მთავარია, ეს თაობა დააჯერეს, რომ ზემოთ ნახსენები პირები არიან მტრები პოეზიაში, მწერლობაში, მხატვრობაში. რომ მათ სიტყვას აქვს ფასი და წონა და მათი ნებისმიერი გამონათქვამი, მათ მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა მივიღოთ უპირობოდ, კითხვების დასმის გარეშე. ხოლო თუ თქვი, რომ ესენი სულაც არ არიან მტრები, ისევ დაგიძახებენ ბნელს, კომუნისტური აზროვნების მქონეს, მონას...

აღარ გავაგრძელებ, ასე ნელ-ნელა და მიზანმიმართულად გააკეთეს ყველაფერი, რომ ერთ დღესაც ქართველი გოგონა გამოსულიყო ეთერში და ეთქვა: ქართველებს არ გვაქვს არც კულტურა, არც საამაყო წარსული, რომ საერთოდ დაცლილები ვართ ყველაფრისაგან და მიჩვეულები ვართ მონობას (არ მოგესმათ, მიჩვეულები ვართ).

ამ თაობას, რომელსაც ეს გოგონა წარმოადგენს, მიზანმიმართულად გამოაცალეს ყველაფერი ფასეული და ღირებული, რაც წარსულთან გვაკავშირებს: მის თვალწინ იოლად დასცინეს: ენას, რწმენას, სამშობლოს. მის თვალწინ გადაუარეს ქართულ კულტურას, პოეზიას, რომანებს, თეატრს, მხატვრობას. ლიფტი მიუშენეს ბაგრატის დიდებულ ტაძარს, ბეტეერებით დაარბიეს გლდანის ეკლესია, მის თვალწინ დაანგრიეს ფერიას მთაზე მშენებარე ეკლესია, აგინეს პატრიარქს, მამათმავლობა დააბრალეს მოძღვრებს, დასცინეს შოთას - დიახ, ეს ყველაფერი გააკეთეს მაშინ, როცა თაობა, რომლის ნაწილი დღეს რუსთაველზე დგას, ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო და კრიტიკის უნარი შესაბამისად, გააქტიურებული არ ჰქონდა.

ამიტომ გასაკვირიც აღარაა: არც ის, რომ ტრენდად იქცა სამი თითის კომბინაციით კამერების წინ პოზირება; არც ის, რომ მისაღები გახდა უცენზურო სიტყვები იმათ მისამართით, ვინც მათსავით არ აზროვნებს; არც ის, რომ გოგონებიც ისევე იქცევიან ასე, როგორც ბიჭები, რადგან ჯაფარიძის პარტიამ მათ მორიგი სატყუარა გადაუდგო მარიხუანას დეკრიმინალიზაციით.

და ბოლოს, ისევ ჯაფარიძის პარტიას დავუბრუნდები: ახალგაზრდა ბიჭები უარს ამბობენ ჯარში მსახურებაზე რწმენის შეცვლის სანაცვლოდ, ანუ მათ მენტალობაში საბოლოოდ ამოძირკვეს ვალი მამულის წინაშე, ამოძირკვეს რწმენის პატივისცემა.

ზოგადად, დღეს უკვე არავინ საუბრობს ბავშვის ან ადამიანის მოვალეობებზე, გვესმის მხოლოდ უფლებებზე საუბარი, ამდენად ვიღებთ თაობას, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ მოვალეობები არ გააჩნია.

აი, ასეთი თაობა დგას დღეს რუსთაველზე, რომელსაც მერე რა, რომ არ წაუკითხავს კანონი, უთხრეს რუსულიაო და დაიჯერა!!!

პ.ს. მადლობა ღმერთს, რომ ყველას ვერ მოერივნენ, ყველას ვერ გაწვდნენ, მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ამ თაობის ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც აქვს ჯანსაღი პროტესტი, ჯანსაღი დამოკიდებულება და ჯანსაღი აზრი ყველაფერზე!!!“, - წერს ნინიკო მშვიდობაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გენაცვალე, რა გულიანად იცინის“ - ლიკა ევგენიძე შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

ჯანეტ ქერდიყოშვილის საშემოდგომო ლუქი - მოდელი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

რა მაგიური საფრთხეა ჩამალული ფეხსაცმელში და რატომ არ შეიძლება მისი ნაგავში გადაყრა