Digest Logo

„ჯადო არის ირაციონალური პასუხი რაციონალურ პრობლემებზე...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

1773761527
ნინი დგებუაძე

ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც  წარმატების კოდებზე, თვალის აღებაზე და ენერგეტიკულ ბლოკებზე წერს. 

მისი თქმით, ჯადო განიხილება როგორც ნეგატიური ენერგო-ინფორმაციული პროგრამა

„სოციალური ქსელების სქროლვისას შეუძლებელია, არ შეგხვდეს ვიდეოები „წარმატების კოდებზე“, „თვალის აღებასა“ თუ „ენერგეტიკულ ბლოკებზე“. როგორც ფსიქოლოგი, ვხედავ, რომ ეს არ არის მხოლოდ ტრენდი – ეს არის კოლექტიური რეაქცია იმ გაურკვევლობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

აი, ჩემი ხედვა ამ საკითხზე, სადაც ფსიქოლოგია, ეზოტერიკა და თეოლოგია ერთმანეთს კვეთს, რათა დაგვეხმაროს საკუთარ თავზე კონტროლის დაბრუნებაში:

P.S ( ფოტოზე ტაროს არკანია (The moon) - მთვარე

ტაროს ხშირად შეცდომით სწორედ ამ ირაციონალურ კონტექსტში ათავსებენ. სინამდვილეში, პროფესიული და ფსიქოლოგიური ხედვით, ტარო არის პროექციული ინსტრუმენტი და არა „მომავლის საწინასწარმეტყველო“ ბანქო.
კარლ იუნგის მიხედვით, ტაროს ბარათები არის კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპების ვიზუალური გამოხატულება.

ის არ გვეუბნება, რა მოხდება, არამედ გვაჩვენებს, რა ხდება ჩვენს ფსიქიკაში მოცემულ მომენტში.
იუნგის „სინქრონულობის“ პრინციპი ხსნის, რატომ „ემთხვევა“ ბარათი ადამიანის მდგომარეობას. ეს არ არის მაგია, ეს არის აზრობრივი კავშირი შინაგან და გარეგან სამყაროს შორის.

რატომ გახდა „ჯადო“ ასეთი აქტუალური?

კიდევ რამდენ წელს იქნება ეს ქვეყანა მსგავსს კრიზისში, რომ ყოველი მეორე ადამიანი და ყველა პლატფორმა არ თემაზე საუბრობს და განიხილავს.

ეზოთერიკა „შეფუთულია“ ლამაზად. TikTok-ზე ან Instagram-ზე მარტივად ვრცელდება ინფორმაცია „წარმატების კოდებზე“ ან „თვალის აღებაზე“, რაც მასობრივ ფსიქოზს ჰგავს.

მასებში გავრცელების მიზეზი ალბათ მაინც ის არის, რომ როდესაც ქვეყანაში სოციალური და პოლიტიკური გაურკვევლობაა, ადამიანებს უჩნდებათ „ბაზისური უსაფრთხოების“ დეფიციტი. როცა რეალობას ვერ მართავ, იწყებ მაგიური ძალების ძებნას.

რთული თემაა, მაგრამ კოლეგები ვიცი დამეთანხმებიან საკმაოდ ვრცელია სპექტრი რწმენა/წარმოდგენებისა და გავლენა მასიური.

ჩემთვის პირადად საკმაოდ ცხადად იკვეთება კლიენტებში უშუალოდ პრაქტიკისას.

ეს საკითხი მრავალშრიანია და როდესაც მას ფსიქოდრამას, ეზოთერიკასა და თეოლოგიას ვაკავშირებთ, ვხედავთ, როგორ ცდილობს ადამიანი თავისი შინაგანი ქაოსის მოწესრიგებას.

ჯადოს ფენომენი სინამდვილეში არის ფსიქოლოგიური ტრანსფერისა და ძლიერი თვითშთაგონების ნაზავი. როდესაც ადამიანი „იხსნის ჯადოს“, ის ქვეცნობიერად აძლევს საკუთარ თავს უფლებას, გახდეს კარგად ეს არის ერთგვარი ფსიქოდრამა, რომელიც მუშაობს მხოლოდ მანამ, სანამ ადამიანს სჯერა მისი.

სოციალური და ეკონომიკური არასტაბილურობა შობს უსუსურობის განცდას. როდესაც ადამიანს არ აქვს ხვალინდელი დღის იმედი, ის ეძებს ირაციონალურ ახსნებს.

ჩვენს კულტურაში ქრისტიანობა და უძველესი წარმართული გადმონაშთები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. მაგიური აზროვნება ბავშვობის ეტაპია, სადაც გვჯერა, რომ აზრს ან რიტუალს შეუძლია რეალობის შეცვლა.

ფსიქოგანათლების ნაკლებობამ კი გაზარდა შემთხვწვები როდესაც, ადამიანები კლინიკურ დეპრესიას, შფოთვით აშლილობას ან სომატურ დაავადებებს ჯადოს მიაწერენ, ნაცვლად იმისა, რომ სპეციალისტს მიმართონ.
ფსიქოლოგიაში არსებობს „კონტროლის ლოკუსის“ ცნება. როდესაც ადამიანს აქვს გარეგანი კონტროლის ლოკუსი, მას სჯერა, რომ მის ცხოვრებას მართავენ გარე ძალები (ბედისწერა, სხვა ადამიანები, ჯადო).

ჯადოს არსებობის დაჯერება ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. თუ ჩემი წარუმატებლობა, ავადმყოფობა ან პირადი პრობლემები „გარედანაა თავსმოხვეული“, მე ვიხსნი პასუხისმგებლობას და დანაშაულის გრძნობას. ეს ამცირებს შინაგან შფოთვას, რადგან პრობლემის მიზეზი „მე“ კი არა, „ის“ (ბოროტი ძალა) არის.

თუ პლაცებო ეფექტი პოზიტიური მოლოდინით განკურნებას ნიშნავს, ნოცებო ეფექტი მისი საპირისპიროა.
თუ ადამიანს ღრმად სწამს, რომ მასზე „ჯადოა“, მისი ტვინი მუდმივი სტრესის რეჟიმში გადადის.
ამ დროს აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, გამოიყოფა კორტიზოლი და ადრენალინი, რაც საბოლოოდ იწვევს რეალურ ფიზიკურ სიმპტომებს: უძილობას, ქრონიკულ დაღლილობას, ტკივილს და იმუნიტეტის დაქვეითებას.

ეს არის კლასიკური ფსიქოსომატური ჯაჭვი:

იდეა -> შიში -> სხეულებრივი რეაქცია.

იუნგიანური პერსპექტივიდან, ჯადო შეიძლება განვიხილოთ როგორც „ჩრდილის“ პროექცია. ჩვენს შინაგან აგრესიას, შურს ან ნეგატიურ ემოციებს, რომლებსაც საკუთარ თავში ვერ ვიღებთ, ვაპროექტებთ გარეთ. „ვიღაცამ ჯადო გამიკეთა“ ხშირად ნიშნავს: „ჩემს გარშემო არსებობს ბოროტება, რომელსაც მე ვერ ვმართავ“.
ამ ჯადოს მოხსნა კი ერთგვარ განკურნების აქტს ჰგავს.

ფსიქოდრამაში მთავარია მოქმედება. როდესაც ადამიანი მიდის „მკითხავთან“ ან „მამაოსთან“ ჯადოს მოსახსნელად, ის რეალურად მონაწილეობს კოლექტიურ ფსიქოდრამაში.

როლების განაწილება: აქ არის „მჩაგვრელი“ (ვინც ჯადო გააკეთა), „მსხვერპლი“ (კლიენტი) და „გადამრჩენელი“ (რიტუალის შემსრულებელი).

რიტუალი (სანთლის დანთება, წყლის გადასხმა, ლოცვა) არის სიმბოლური აქტი, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, თავისი შინაგანი შიში გარეთ გამოიტანოს და „იქვე დატოვოს“. ფსიქოლოგიურად ეს არის ემოციური განტვირთვა, რადგან ქვეცნობიერს სჯერა სიმბოლოების და არა ლოგიკური არგუმენტების.

„ჯადო“ განიხილება როგორც ნეგატიური ენერგო-ინფორმაციული პროგრამა. თუმცა, ეზოთერიკაშიც კი არსებობს პრინციპი: „მსგავსი იზიდავს მსგავსს“. თუ ადამიანის ვიბრაცია (შინაგანი მდგომარეობა) მაღალია, მასზე „დაბალი ენერგიები“ ვერ მოქმედებს. ანუ, ეზოთერულადაც კი, შინაგანი სიმტკიცე მთავარი დამცავია.

რელიგიური გადასახედიდან, ჯადოს არსებობის დაჯერება ხშირად განიხილება როგორც რწმენის ნაკლებობა. თეოლოგიურად, ბოროტ ძალას ადამიანზე გავლენა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ადამიანი თავად უხსნის მას „კარს“ (ცოდვით, შიშით ან სასოწარკვეთით). რწმენა აქ მუშაობს როგორც ფარი „თუ ღმერთი ჩემთანაა, ვერავინ დამიშავებს“.

ამ აზრებზე გამარჯვება ნიშნავს საკუთარ თავზე ძალაუფლების დაბრუნებას. აი, როგორ:
დეიდენტიფიკაცია: როდესაც ვაცნობიერებთ, რომ „ჯადო“ მხოლოდ ჩვენი ტვინის მიერ შექმნილი ინტერპრეტაციაა წარუმატებლობაზე, შიში ძალას კარგავს.

პასუხისმგებლობის აღება: როგორც კი ვიტყვით: „ჩემი ცხოვრება ჩემს ხელშია და არა ვიღაცის შელოცვილ თაფლში“, ჩვენი ფსიქიკა მსხვერპლის როლიდან გამოდის.

ცნობიერების ჰიგიენა: ფსიქოლოგიური მდგრადობა არის საუკეთესო „ამულეტი“. როდესაც ადამიანი ემოციურად ინტეგრირებულია, მასზე გარე შთაგონება (სუგესტია) აღარ მუშაობს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჯადო არის ირაციონალური პასუხი რაციონალურ პრობლემებზე.
ფსიქოლოგს, შეუძლია ადამიანს დაანახვო, რომ მისი „დაწყევლილი ბედი“ სინამდვილეში მისივე დაუმუშავებელი ემოციური შაბლონებია“, - წერს ნინი დგებუაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕„როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს“ - მეუფე შიო პატრიარქზე

⭕„დე, სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება!“ - დედა თინათინი

⭕დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მდგომარეობაზე: „კუჭიდან სისხლდენა ინტენსიური იყო“