კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე 3 აგვისტოს 92 წლის გახდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა , დიმიტრი ხვთისიაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და გარდაცვლილი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„მე წილად მხვდა ბედნიერება ამ დიდებულ კაცთან, შესანიშნავ არტისტთან და მრავალმხრივ საინტერესო, ღრმად ინტელექტუალ პიროვნებასთან სიახლოვისა...
ჩემს მწირ სამსახიობო ბიოგრაფიას მასთან პარტნიორობის უზარმაზარი სიამოვნება სდევს თან, სარეჟისორო კარიერაში ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ბატონ თენგიზს ჩემთან სარეპეტიციო დარბაზში ვიხილავდი და ყველაზე საამაყოდ და თავმოსაწონებლად მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნის ავტორობა მგონია. ამ რამდენიმე წინადადებაში მინდა დავასრულო საკუთარ თავზე საუბარი და უმთავრესზე და უმნიშვნელოვანესზე შევაჩერო თქვენი ყურადღება: ჩვენს გვერდით არსებობდა დიდი ქართველი ხელოვანი, ღირსეული კაცი, ჭეშმარიტი რაინდი, საკუთარ მიწა-წყალზე, წეს-ჩვეულებებზე, მემკვიდრეობაზე უკიდეგანოდ შეყვარებული ადამიანი...
კაცი, რომელსაც ამდენი ხნის ნაცნობობისა თუ ურთიერთობის მანძილზე არცერთ მის კოლეგაზე ოდნავ გადაბრუნებული სიტყვა არ დასცდენია, კაცი, რომელიც სიტყვა-ძუნწობის მიუხედავად, ყველაზე ბევრს "ლაპარაკობდა" საკუთარი ცხოვრების წესით - ღირსებაზე, თავდადებაზე, მოყვასის სიყვარულზე, გონიერებაზე, განსწავლულობაზე... ასეთი ადამიანები ქმნიან ისეთ საზოგადოებას, როგორითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. და მეც როგორც ამ ერის, ერთ რიგით შვილს მეამაყება რომ მყავდა ასეთი უფროსი მეგობარი... როდესაც ასეთი უფროსი მეგობრებისა და კეთილი რჩევის მომწოდებლების სია მცირდება, უფრო და უფრო მეტად შეიგრძნობ დიდ სულიერ სიცარიელეს... 2011 წლის 25 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში "მგზავრის წერილები" გადიოდა, გივი ბერიკაშვილი შეუძლოდ გახდა და ლელთ ღუნიას როლზე საკუთარ წარმოდგენაში მე მომიხდა შესვლა და პარტნიორობა დიდ ქართველ არტისტთან თენგიზ არჩვაძესთან. სპექტაკლის შემდეგ ბატონი თენგიზი, ცხონებული მალხაზ ბებურიშვილი და როლიკო ოქროპირიძე ჩემთან წამოვედით სავახშმოდ. დავლიეთ, ვიმხიარულეთ, თავზე დაგვათენდა, დედაჩემმა დილას, როცა ძვირფასი სტუმარი გავაცილეთ, ასე მითხრა - მთელი ღამე ქეიფში გავატარეთ, რამდენ ადამიანზე ჩამოვარდა სიტყვა და ამ კაცისგან ერთი აუგი არცერთ მის პარტნიორზე და კოლეგაზე არ გამიგონიაო. ასეთი იყო თენგიზ არჩვაძე - დიდი არტისტი და დიდი კაცი, რომელიც დღეს 92 წლის გახდებოდა!!!
პირველი დაბადების დღე მის გარეშე!“, - წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: