მიხეილ (მიხა) ხელაშვილი ართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო.
ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე.
მიხა ხელაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი წერს:
„ძმაკაცებმა“ მოწამლეს ხინკლით თავის დაბადების დღეს... შემდეგ ღორის შვილმა კომუნისტებმა უკვე მომაკვდავი დახვრიტეს და შუა ქუჩაში დააგდეს ასაყროლებლად და მტაცებლების დასაჯიჯგნად...
ასე გამიგია დამ, სალომემ მოიპარა ღამე დასახიჩრებული სხეული და დამარხაო...
იმასაც ამბობენ, დედა მხოლოდ იმიტომ მოუკლეს წამებით ჩეკისტებმა ხანჯლის წვერებით, რომ ფიქრობდნენ დედის გასვენებაში აუცილებლად მოვაო...
შეფიცულებთან ერთად მისულა, როდესაც აყვანა დაუპირეს, ჩოხები შეუხსნიათ და თუკი რამე ფეთქდებოდა ყველაფერი ტანზე ეკიდათო... ხელი ვერ დააკარეს და გაუშვეს...
სკოლაში ვიყავი, ალბათ მეორე ან მესამე კლასში როდესაც პირველად მისი სახელი გავიგე, ჩემი სახლის გვერდზე იყო კრიტიკოსთა კავშირი თუ რაღაც ასეთი, მამაჩემთან მეგობრობდნენ, ხშირად სვამდნენ ერთად, მიყვარდა მათ სუფრასთან ყოფნა, პურმარილი დიდი არაფერი, საუბრები კი... ერთ-ერთი მათგანი იყო თუ სწორად მახსოვს გვარი, თორემ სახელი ნაღდია, ალეკო გაბელაია...
ალაგ-ალაგ შეხეულ შემოხეული, გაყვითლებული ფურცელი გვაჩუქა, ზუსტად ეს ფოტო ეხატა და იქვე ლექსი ეწერა:
„ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე“.
რა თქმა უნდა, უკვე აკრძალული აღარ იყო, მაგრამ ხალხი მის პოეზიას მაინც როგორც ხალხურს ისე იცნობდა...
„ბინდისფერია სოფელი“ ხომ საერთოდ ყველამ იცოდა, მაგრამ როგორც სიმღერა...
მახსოვს ეს ფურცელი ოთახში, კედელზე გამოვიკარი და თავი რაღაცნაირად დისიდენტი მეგონა, დავდიოდი და ჩუმად ვუყვებოდი ჩემს ტოლებს მიხას შესახებ, ზოგი სერიოზული სახით, მაგრამ უინტერესოდ მისმენდა, ზოგიც კი იცინოდა... სწორიცაა, აბა 7-8 წლის ასაკში რა დროს „ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა“...
მერე უფრო და უფრო მეტი გავიგე... ეს ფოტოც ყველგან გამოჩნდა და რაღაცნაირად ამპარტავანი და ამაყი ვიყავი, ასე მეგონა პირველი მე ვიცნობდი მიხას და მერე სხვა დანარჩენი...
სახლში ვერ იჯდებოდა! ქაქუცასთან უნდოდა და იყო კიდეც! ემიგრაციაში არ წავიდა, ცოლი ჰყავდა და პატარა შვილი... ამასაც ამბობენ, სახლში ვერ მიდიოდა, სულ ასაძაღლებელი კომუნისტები დევნიდნენ და ცოლს დაუბარა, ბავშვი ეზოში გამოიყვანე და დასვი, დურბინდით შევხედავ, როგორი ლამაზიაო...
მიხას გამყიდველი და მკვლელი ძმაკაცებიდან ერთ-ერთი, სახელს და გვარს რომ არ ვიტყვი, ძაღლი მიაკვდა სულში, ერთმა ტყეში გავარდნილმა "„ავარა“ ბიჭმა, გოგია ჭიჭოშვილმა დააკლა შირაქში... გადიდკაცებულს, თავზე წამომდგარი გოგიასთვის რომ უკითხავს ვინ ხარო უპასუხია: მიხა ვარ ხელაშვილი, წესი უნდა აგიგოო!
დიდია! დიდზე დიდია მიხა ხელაშვილი თავისი კაცობით, თავისი ვაჟკაცობით და თავისი ქართველობით! არც დავფიქრდებოდი ისე გავცვლიდი იმ „ყველაში“ ვინც მას მერე დირექტორად გვყავს და წეს-კანონებს გვიწესებს, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ...
ვერ ვიტყვი მიხას ნაირები უნდა ვიყოთ -მეთქი, მაგრამ მეტი უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, იქნებ რამე გადაგვედოს მისი, ქაქუცასი, საშა სულხანიშვილის, მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ჯუღელის, გოგუაძის... ვისთვისაც ჯერ საქართველო იყო და მერეც საქართველო...
25 წლის მოკლეს, 25 იანვარს, 1925 წელს...
100 წელი გავიდა...
როსნამდის ვიყო სულ მუდამყველა მხრით დაღონებული,
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
სხვისაგან დამონებული?!“, - წერს სანდრო ელოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა პროგნოზი ყოველთვის მართლდება
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, თამთა“ - არუნ ხათრი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს