მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბავშვობის დროინდელ ტრაგიკულ მოვლენას იხსენებს, რომელიც მისი თქმით, მისი გონებიდან ვერ წაიშალა.
„სამყარომ ასე ინება, რომ სიკვდილი ყველაზე სასტიკი, გაუგებარი და უპასუხო სახით გამეცნო. ამგვარი ამბავი არც მონაყოლი მსმენია და არც სადმე ფილმში მინახავს. არადა მოხდა ჩემი სახლის გვერდით, ღობე რომ გვყოფს, იმ სახლში და სახლები კიდევ, ისე ახლოს დგანან ოზურგეთულ ქუჩებში, სუნთქვა უჭირთ.
ხოლო მანამდე, რაც მახსენდება, გარდაცვალების თაობაზე, გაცილებით იოლი საქმეა და პატიოსნად რომ ვთქვა, მაინცდამაინც საშიშიც ძნელად: ერთხელ ბებიაჩემი დაბრუნდა ბაზრიდან და სხვათა შორის თქვა, საწყალი ფირუზიე, გადაბრუნდა და მოკვდაო. ფირუზიე ხინიკაძე. მე ვიფიქრე, რომ სიკვდილი ასეთი რამაა – აუცილებლად უნდა გადაბრუნდე-მეთქი და სულ გულაღმა ვწვებოდი. გულაღმა, რადგან ეგეც შევიტყვე, მკვდრის უკან მობრუნება აღარ იქნებოდა. ახლა გადავეჩვიე. ეგრე გადაეჩვია ალბათ ფირუზიეც. და ყველა.
სიკვდილი ნიშნავდა ჭირიან ქათმებსაც წვიმიან დღეებში, ეზოში, გუბეებთან რომ ისხდნენ მობუზულები და თვალდახუჭულები. ამაზე სევდიანი სცენა მე იშვიათად მინახავს.
მაგრამ ეს ფიქრი და დარდი იოლად ნაცვლდებოდა რამე უმიზეზო სიხარულით. ბავშვობას ჰყოფნიდა ძალა, მივიწყების უჯრაში ჩაეტენა ეს წარმოსახვები და თვითონ სიცოცხლის ღია კარში გავარდნილიყო უკანმოუხედავად.
დიახ. ვახტანგ ნემსაძე. ვახტულია. სრულიად გენიალური ბიჭი. უკეთილესი. მარად მოღიმარი. ჩემი კარის მეზობელი. ხომ ექვსი წლისაც არ ვიყავი, მაგრამ ვახტულია მახსოვს ცხადად. ის საღამოებიც მახსოვს, ცოლი რომ უნდა შეერთო და შემოსასვლელს ღებავდა. თან გვეხუმრებოდა და თან ღებავდა, მაგრამ იმ დღეების თვალები არ მაგონდება და რომ მომაგონდეს, ვფიქრობ, რამეს ამოვიკითხავ, თითქოს წაკითხვა ახლა რამეს უშველიდეს. მაგრამ ადამიანი იმთავითვე უცნაურადაა ჩაფიქრებული და სულ ვცდილობ, რომ რამე ფრაგმენტი დავტყუო მეხსიერებას, სადაც ვახტულიას თვალებსაც დავინახავ, მაგრამ დრომ მაინცდამაინც ეგ მონაკვეთები ამოჭრა ან ასე იყო - ვახტულიას მზერა მიწისკენ ჰქონდა დახრილი.
ქორწილი მზადდებოდა. გაშალეს სეფა. ამინდი რას ჩივა? რადიომ მზეაო. რადიოს მაციეს ბარომეტრი ჯობია. თუმცა ბარომეტრმაც მზეაო. დაინიშნა თავიკაცი. თეფშების რეცხვა. ქვაბების დუღილი. რამდენი გოჭი ეყოფა? გრძელი ხის სკამები და ამ სკამებზე გადაგებული ქაღალდი, მწვანე და წითელი ძაფებით დამაგრებული. ნოხს რომელს კიდებთ მეფე-დედოფლის უკან? ღვინო სადაურია? არ დაგვაკლდეს. სამასი კაცი იქნება. სამტრედიიდან ცოლოურები ჩამოვლენ ასე სამ საათში.
თამადა რენოა? რენომ კუჭის ოპერაცია გაიკეთა მოსკოვში. თავიდან გული ეგონათ. მაშინ თენგო. თენგო კაია. ნელის ამბავი გეიგეთ? არ მჯერა, ბაღნებს გეფიცები, ამხელა ქალი! რაფერ იკადრა?! ხაჭაპურები არ მიიწვას! რას გავხარ ბიჯო, სა ირბინე, რა მიიცხე მაი შუბლზე გარბაჩოვის ტყლიპივით! პი-პიი! ერთი ლიმონათი გუუხსენით ამ ბაღანას, აფერი არ დაშავდება! პიპო-პაპო! პიპო-პაპო! მაყარი ვარ, მაყარი! პი-პიიი!
მოკლედ ქორწილის წინა დღე. მზადება. მოხუცები. ბავშვები. შუახნისები. დიდი ჩოჩქოლი.
ბაღნებო, არ შუუშალოთ ახლა ხელი - ვახტო წვერს იპარსავს.
მამაჩემმა თქვა, მე დილით გავიპრსავო და შვიდ საათზე ადგა. მახსოვს ეგეც, როგორ ადგა და მერე ისევ ჩამეძინა. და მერე იყო ბღავილი, რომლის მსგავსი არც მანამდე ყოფილა და არც მერე განმეორდება. ეს იყო ტკივილის, გაოცების, შეძრწუნების, სიყვარულის, შიშის, მსხვრევის, მშველელის მოხმობის, სამყაროს შერყევის სურვილის, ეგებ სიზმარი იყოს და ამ სიზმრიდან გამოსვლის მცდელობის ხმა ერთად. და კიდევ ბევრი, ბევრი რამის.
ვახტულიას მამის ხმა.
დედაჩემი წამოხტა და ოთახში ჩამკეტა.
კივილი, ხავილი და ღრიალი კაწრავდა ფანჯრის მინებს.
საკუთარი ქორწილის დილით, უკანა ეზოში, სანადირო თოფით, ვახტულიამ თავი მოიკლა.
არავინ იცის რატომ.
და იწვა ვახტულია საქორწინო პიჯაკში და დედოფალს ელოდა. და დედოფალი ჩამოვიდა სამტრედიიდან. დედოფალი და მაყარი. და მე ფანჯრიდან დავინახე, როგორ ადიოდა ქალი დედოფლის თეთრი კაბით კიბეზე.
ეს არის ჩემი ცხოვრების ერთი მთავარი კადრი.
და ამის შემდეგ სხვა სიკვდილები, რა გასაკვირია, რომ გაუბრალოვდნენ. და ძალიან დაპატარავდნენ. უსუსურებად იქცნენ.
ხუთი წლის შემდეგ, ზუსტად იმ ადგილის პარალელურად, მეზობელ ეზოში ანუ ჩვენთან - ბაბუაჩემმა ჩამოიხრჩო თავი.
და მერე, პანაშვიდებზე, შესამჩნევი ჩურჩულით ითქვა, რომ ეს არის დაწყევლილი მიწა, რადგან ოდესღაც ერთი კაცის სამოსახლო იყო და ბოლშევიკებმა წაართვეს.
მე არ ვიცი, ვინ იყო ის კაცი და როგორი იყო, მაგრამ მაისის ორიათასოცდაორი წლის ოცდაორში, რეანიმაციაში მესიზმრა და თოხი დამიმიზნა თოფივით.
მე გამეცინა და ის გაქრა“,- წერს კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: