Digest Logo

„კიდევ ერთხელ გთხოვთ ფარმაცევტებს, ბლოგერებს თუ უბრალოდ ფეისბუკჯგუფების წევრებს პაციენტებს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და ნუ აშინებთ ვეროშპირონით“ - ზაზა თელია

1637819299
ძაზა თელია

დერმატო - ვენეროლოგი ზაზა თელია ფარმაცევტებსა და ბლოგერებს სთხოვს მედიკამენტ ვენერვეროშპირონის შესახებ არასრულ და ნეგატიურ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ. თელია აცხადებს რომ ვეროშპირონი მხოლოდ შარდმდენი არ არის და მას სხვა ბერი ფუნქცია გააჩნია, რომლის შესახებაც უმრავლესობამ არ იცის.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ ფარმაცევტებს, ბლოგერებს თუ უბრალოდ ფეისბუკჯგუფების წევრებს პაციენტებს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და ნუ აშინებთ ვეროშპირონით.

ვეროშპირონი - ანუ სპირონოლაქტონი არის ანტიანდროგენული მოქმედების მქონე პრეპარატი და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცნობილია საზოგადოებაში როგორც „შარდმდენი“ პრეპარატი, თუ შეიძლება მას ნუ მოიხსენიებთ როგორც „შარდმდენ წამალს“ და მით უმეტეს ნუ შეიცხადებთ „როგორ შეიძლება შარდმდენის დანიშვნა დერმატოლოგიაში“, იმიტომ რომ თქვენი არცოდნა პაციენტს აბნევს.

მედიცინა არ არის „ორჯერ ორი უდრის ოთხს“ მეცნიერება, ის ძალიან კომპლექსურია და მოითხოვს ძალიან დიდ სპეციფიკურ ცოდნას.

ასევე თხოვნა მაქვს ნუ ურჩევთ პაციენტებს სპირონოლაქტონთან ერთად მიკროელემენტების შემცველი პრეპარატების მიღებას, მაგალითად პანანგინის, რადგან პანანგინში კალიუმი შედის, ვეროშპირონი კი კალიუმ შემნახველია, ამ ორის ერთად მიღებით ჰიპერკალემიის (კალიუმის მომატების) რისკი იმატებს

ერთი და იგივე მედიკამენტი, სხვადასხვა დოზით შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა პათოლოგიების დროს, სხვადასხვა ეფექტის მისაღებად, ამის ცოდნა კი მხოლოდ ფეისბუქზე სადღაც ჯგუფში სტატუსის წაკითხვით ან აფთიაქში მიღებული „კონსულტაციით“ არ ხდება.

ასე მაგალითად:

დერმატოლოგიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ფართოდ და ხშირად გამოყენებადი პრეპარატებია - მეტოტრექსატი და ციკლოსპორინი რომლებიც მრავალი დერმატოლოგიური დაავადებების დროს ინიშნება, როგორებიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ალოპეცია, პემფიგუსი და ასე შემდეგ.

პაციენტს ენიშნება აღნიშნული პრეპარატები შედის აფთიაქში მის შესაძენად და ადეკვატური სამედიცინო განათლების არმქონე ფარმაცევტი ეუბნება: „უი ეს ხომ ონკო-პრეპარატია, რატომ გაქვთ თქვენ დანიშნული?“
რა თქმა უნდა ეს პაციენტს ძაბავს, იბნევა არ იცის რა ქნას. ზოგი რეკავს კითხულიბს, ზოგი ვერ ხვდება და უარს ამბობს წამლის მიღებაზე. ამით რა თქმა უნდა სერიოზული ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას.

ამის საპირწონედ კი - ათასი არაფრის მაქნის, ფეიკ, პოლიფარმაციულ, დასტად დაწერილ და დანიშნულ, ორი ერთნაირი ჯგუფის პრეპარატებზე არანაირი რეაგირება თუ შეფასება, არაფერს ვლაპარაკობ საერთოდ იმ ფაქტზე რომ ფარმაცევტმა ყურადღება ასევე უნდა მიაქციოს წამლის და წამლის ურთიერთქმედებას (drug-drug interaction)
ერთი შეფასებით ამ ყველაფერს განათლების დეფიციტით შექმნილი ტრაგიკომედია ჰქვია
ჩემს პაციენტებს თუ რამე შეკითხვა გექნებათ შეგიძლიათ მომმართოთ.

დანარჩენებს კი შეგახსენებთ, რომ ვეროშპირონის მხოლოდ „შარდმდენ წამლად“ მოხსენიებით მინიმუმ თქვენ გაუნათლებლობას უსვამთ ხაზს, მაქსიმუმ კი პაციენტს აყენებთ ზიანს რადგან აშინებთ და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სწორად დანიშნული მკურნალობის შესრულებაზე.

სამედიცინო განათლების მიღება არ ხდება გუგლში ან ვიკიპედიაში წაკითხულით, ან წამლის ანოტაციის წაკითხვით, ან ფეისბუქზე ბლოგერის მოსმენით.

სარწმუნო და სანდო სამედიცინო ინფორმაცია ფასიანი და ძალიან ძვირი ღირებულების, მის წაკითხვას და გაანალიზებას სპეციფიკური სამედიცინო განათლება სჭირდება.
ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს თელია.