Digest Logo

კოგნიტიური ნეიროფსიქოლოგიური ფაქტები ტვინის გენიალურობაზე - „საშუალებას აძლევს ორგანიზმს, გადარჩეს და იმოქმედოს მაშინაც კი, როდესაც სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული“

1787753924
ტვინი და ადამიანი

ჩვენი ტვინი უწყვეტ რეჟიმში ასრულებს ისეთ ფარულ პროცესებს, რომელთა შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ერთი შეხედვით, ეს მოვლენები შესაძლოა უცნაურად ჩანდნენ, მაგრამ მათ გარეშე სამყაროს აღქმა გაუსაძლისი გახდებოდა.

✅შინაგანი ორგანოების მოძრაობის იგნორირება: ტვინი იყენებს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც წინასწარ განსაზღვრავს მოსალოდნელ შეგრძნებებს. როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა მოძრაობის ბრძანებას გასცემს, ის პარალელურად ქმნის ამ ქმედების „წინმსწრებ ასლს“.

თუ რეალური შეგრძნება წინასწარ გაკეთებულ პროგნოზს ემთხვევა, ტვინი მას ახშობს. სწორედ ამიტომ ვერ ვგრძნობთ ყოველდღიურად კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და კუნთების უწყვეტ მოძრაობას. ამავე მიზეზით რეაგირებს ნერვული სისტემა სხვის შეხებაზე ბევრად მკვეთრად, ვიდრე საკუთარზე.

✅„ბრმა ლაქა“ და გამოსახულების შევსება: თვალის ბადურაზე, იმ ადგილას, საიდანაც მხედველობის ნერვი იწყება, ფოტოგრძნობიარე უჯრედები საერთოდ არ გვხვდება. ამ ზონას მხედველობის ველში „ბრმა ლაქა“ ჰქვია. თუმცა, ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, რადგან ტვინი აღქმის შევსების პროცესს იყენებს: ის აანალიზებს მეორე თვალიდან მიღებულ მონაცემებს და გარემომცველ ფონს, შემდეგ კი გამოტოვებულ ადგილს ლოგიკურად ავსებს.

✅ამოყირავებული გამოსახულების გასწორება: ალბათ უმრავლესობამ იცით, რომ თვალის ბადურაზე სინათლის სხივები ამოყირავებულ და სარკისებურად ასახულ გამოსახულებას აპროეცირებს. კეფის წილში მდებარე მხედველობის ქერქი ამ სიგნალებს წამის მეასედებში ამუშავებს, გამოსახულებას ატრიალებს და რეალობას ჩვენთვის აღქმად, სტაბილურ ფორმატში გვაწვდის.

✅თვალის დახამხამების „დაჭერა“: ადამიანი დღის მანძილზე ძალიან ხშირად ახამხამებს თვალს, რაც რომ შევაჯამოთ დღეში დაახლოებით 30–40 -წუთიან სიბნელეს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, სამყარო „კადრებად“ არ წყდება. თვალის დახამხამების მომენტში ტვინი დროებით თიშავს მხედველობის ქერქის გარკვეულ ზონებს და წამის მეასედებში შავ კადრს წინა და მომდევნო გამოსახულებით შეუმჩნევლად ცვლის.

✅საკუთარი ხმის ტონის დახშობა: ლაპარაკის დროს შიდა ყურის ძვლები და ვოკალური იოგები ძლიერ ვიბრაციას წარმოქმნის. ტვინი წინასწარ ახშობს საკუთარი ხმის გადაჭარბებულ ხმაურს, რომ სმენის სისტემამ გარემოდან წამოსული ბგერების აღქმა და საფრთხის შემჩნევა მაინც შეძლოს.

✅ტკივილის შეკავების სისტემა: კრიტიკულ, საფრთხის შემცველ ან სტრესულ სიტუაციებში ტვინს შეუძლია ზურგის ტვინში ტკივილის სიგნალების გადაცემა დროებით დაბლოკოს. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს, გადარჩეს და იმოქმედოს მაშინაც კი, როდესაც სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული.

✅ღუტუნის რეაქციის არარსებობა საკუთარ შეხებაზე: ტვინის მიერ საკუთარი მოქმედებების წინასწარ პროგნოზირების გამო, ადამიანი ვერასდროს შეძლებს საკუთარი თავის გაცინებას. რადგან შეხების ადგილი, ინტენსივობა და დრო წინასწარ ცნობილია, ნერვული სისტემა საპასუხო რეაქციას ნულამდე ამცირებს.

ეს პროცესები რომ არა, ჩვენი ცნობიერება გადაიტვირთებოდა შინაგანი ორგანოების აუტანელი შეგრძნებებით, მხედველობაში მუდმივად გვექნებოდა შავი ლაქები, სამყაროს თავდაყირა დავინახავდით და უმარტივეს გარემო ფაქტორებზეც კი გადამეტებული რეაქცია გვექნებოდა.

როცა ვხედავთ, თუ როგორ „ფილტრავს“, ტვინი მთელ ჩვენს აღქმად რეალობას, გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანებს მაინც უჭირთ დაჯერება, რომ ზოგიერთი აზრი, შიში თუ რწმენა შესაძლოა მხოლოდ მათივე ტვინის მიერ შექმნილი ილუზია იყოს.

თუკი ტვინს შეუძლია თავდაყირა სამყარო გაასწოროს და შავი ხვრელები შეავსოს რა გასაკვირია, რომ მან ჩვენს ფიქრებსა და ემოციებშიც საკუთარი, ზოგჯერ მცდარი სცენარები დახატოს? საკუთარ აღქმასთან დისტანცირება და გაცნობიერება, რომ „ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის“, სწორედ ტვინის გენიალურობის გაგებით იწყება.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ესწრაფვის ადამიანი ბავშვობიდანვე შემოსაზღვროს პირადი სივრცე და სად არის სახლში ქალისთვის „ძალაუფლების ადგილი“

„შემთხვევით არაფერი მოდის გონებაში, ხშირად ყველაზე ქაოსური და ალოგიკური აზრების მიღმა, დათრგუნული ემოციების მთელი კასკადია“ - ნონა ხიდეშელი

„მუხლის ართროზის მქონე პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ნაკლები ტკივილი აქვთ მაშინაც კი, როდესაც მათ მხოლოდ მუხლის კანი გაუჭრეს“ - რას წერს ლევან შელეგია