ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ზაფხულის ერთ-ერთი აქტუალური ნივთის კონდიციონერის შესახებ წერს.
იგი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს და მისი თქმით, კონდიციონერი არ იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს.
„დაიწყო ზაფხულის სიცხეები და შესაბამისად, სახლებსა თუ ოფისებში კონდიციონერის პულტით შერკინების სეზონი. ზოგს სცხელა და უნდა რომ ჩართული იყოს, ზოგსაც ეშინია, რომ კონდიციონერთან „გაცივდება“.
ამ სეზონზე სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ კონდიციონერთან გაცივდნენ.
კონდიციონერი არ იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს, მათ იწვევს ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც გადამდებია და ასეთი სიმპტომების შემთხვევაში სხვებს უნდა მოვერიდოთ. კონდიციონერს ძირითადად იმიტომ ბრალდება, რომ თითქმის ყველა ადამიანს აქვს მასთან შეხება და ამიტომ ადვილად უკავშირებენ თავიანთ სიმპტომებს. აი დაახლოებით ისე, ადრე საზამთროთი მოწამვლაზე რომ ვწერდი - ზაფხულში ღებინებას და დიარეას ხშირად უკავშირებენ საზამთროს, არადა ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია აქვთ. ამ სრულიად უწყინარ საკვებს კი იმიტომ ბრალდება, რომ თითქმის ყველა ჭამს საზამთროს და მასზე სიმპტომების „გადაბრალება“ ადვილია.
გარდა ამისა, ზაფხულში ადამიანები ნაკლებად მოელიან სასუნთქი გზების ინფექციებს, რომლებიც, ცხადია, ზამთარში უფრო ხშირია, მაგრამ ზაფხულშიც შეიძლება გავრცელდეს.
თუმცა, კონდიციონერის პირდაპირმა, ხანგრძლივმა დაბერვამ შეიძლება ლორწოვანი გარსების გამოშრობა და შესაბამისად, ცოტა ხნით თვალების და ყელის წვა გამოიწვიოს, ზოგჯერ თავის და კისრის ტკივილიც.
გარდა ამისა, თუ კონდიციონერის ფილტრები პერიოდულად არ გაიწმინდა, სხვადასხვა მიკროორგანიზმები შეიძლება დაგროვდეს.
ასევე, რადგან კონდიციონერი ძირითადად შიდა ჰაერის გაცივებას და რეცირკულაციას ახდენს, კონდიცირებული შენობა სასურველია პერიოდულად განიავდეს, რადგან ხანგრძლივად დახშულ შენობაში ნახშირორჟანგის მზარდმა კონცენტრაციამ შეიძლება ძილიანობა და თავბრუსხვევა გამოიწვიოს“, - წერს მაია ბუწაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აღარ ვმეგობრობთ“ – რა მოხდა მარიკა თხელიძესა და ნინი ქარსელაძეს შორის?
⭕ვინ არის არმან ცარუკიანის ცოლი და რატომ მალავს მას? - ამბები ახალქალაქელ UFC-ის მებრძოლზე
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ვიდეოს გვიზიარებს - „კარტი გინდა? ჩამეხუტე და მოგცემ“