გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი შიშის ანატომიაზე წერს:
„შიშის ანატომია:
როდის უნდა გვეშინოდეს შიშის ნამდვილად და როდის არ არის შიში უბრალოდ შიში?
შიში, პირველ რიგში, არის ბიოლოგიური ფუნქცია, რომელიც გვიცავს რეალური საფრთხისგან და ოდითგან ამგვარად უზრუნველყოფს გადარჩენას.
ანუ ვთანხმდებით, რომ შიში, როგორც ასეთი, სრულიად ბუნებრივი ფერია ცოცხალი არსებების ემოციების პალიტრაში.
შიში ბუნებაში წარმოიქმნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვაფიქსირებთ საფრთხეს.
საფრთხის აღქმის გარეშე შიში უბრალოდ არ არსებობს, ისევე როგორც შეუძლებელია სიცხემ გაგყინოს.
საფრთხე კი არსებებს ორნაირი:
რეალური, ობიექტური;
შექმნილი, სუბიექტური.
რეალური საფრთხის წინაშე (ველური ცხოველი, ძლიერი სისხლდენა, ვიღაც დანით მოგვდევს...) აუცილებლად უნდა შეგვეშინდეს, რომ ჩაირთოს სიმპატიკუსის სწრაფი, ეფექტური ნერვული სისტემა და ადეკვატური რეაგირება მოხდეს გაქცევის ან შერკინების ფორმით (flight or fight or freeze response)
აზრებით, ფიქრებით, წარსულის ნაშთებით სუბიექტურად შექმნილი და ამგვარად აღქმული შიში კი არის არასასიამოვნო, მაგრამ ის არ არის საშიში, რადგან ასეთი შიში არ შეუქმნია რეალურ, ნამდვილ საფრთხეს.
შიში მხოლოდ მაშინ არის საშიში, როცა ის რეალურ საფრთხეზე სხეულის რეაქციის ნაყოფია. ისიც იმ საფრთხის გამო და არა იმის გამო, რომ თავად შიში რამეს დამმართებს!
როცა შეგეშინდებათ, შემოგიტევთ შიში არ გაექცეთ მას არავითარ შემთხვევაში, რადგან ამაზე უარესს ვერ გაუკეთებთ საკუთარ თავს. არამედ დააფიქსირეთ, რომ გეშინიათ და მოძებნეთ იმ მომენტში საფრთხის წყარო. ჰკითხეთ თავს:
- სად არის აქ და ახლა საფრთხე, რომელიც ზიანს მომაყენებს? დამასახიჩრებს? მოკლავს?
თუ ასეთი საფრთხე ვერ იპოვეთ, მაშინ აუცილებლად უნდა გადაარქვათ აქტუალურ ემოციას სახელი და აღიაროთ, რომ ეს არ არის შიში, არამედ მღელვარება, დაბნეულობა, დისკომფორტი, დაღლილობა, შეცბუნება...
მღელვარებასა თუ დისკომფორტზე კი ტვინი ნაკლებ სიმპტომებს დაგვმართებს, ვიდრე შიშზე.
თუ ამ შეტევებს მარტო ვერ გაუმკლავდებით, არ გეგონოთ თავი სუსტი. ავადმყოფობა არ ნიშნავს სისუსტეს, არამედ ავადმყოფობა თავად იწვევს რაღაც მომენტში გამოფიტვას და სისუსტეს.
დროულად მიმართეთ პროფესიონალს, თუ ჩემს მიერ შემოთავაზებული სტრატეგიები არ აღმოჩნდა საკმარისი. რადგან რაც უფრო ქრონიკულია დაავადება, მით უფრო ხანგრძლივია ხოლმე თერაპიაც.
გთხოვთ, ნუ გაავსებთ კომენტარებს რეპლიკებით, რომ თერაპია ძალიან ძვირია და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი რომ ვიცი, ამიტომაც ვწერ აქ ამდენს.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პიროვნების მაზოხისტური სტრუქტურა: ტანჯვა, როგორც კავშირის ფორმა - რას წერს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი
⭕რა გააკეთოთ და რისგან უნდა შეიკავოთ თავი 6 მაისს? - ეზოტერიკოსი დღის ენერგიებზე