Digest Logo

„ლეჟანკაზე“ მეძინა მე სტუდენტობის მსუყე ნაწილი და მანამდე, სადმე თუ დავთვრებოდით“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1709116103
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში თავისი საავტორო წიგნიდან „წერილები ბავშვობიდან“ ერთ-ერთ მცირე ამონარიდს ავრცელებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„როცა „ზალაში“ საგანგებოდ გაშლილ ლეჟანკაზე გეღვიძება, პირში მწნილის და ღვინის გემო გიტრიალებს და თავში - ფიქრი, რომ ვერ იხსენებ სად ხარ - რეზოსთან, ლაშასთან თუ ნიკასთან და ქალის და კაცის მოგუდული ჩურჩული გესმის, ალაგ-ალაგ ხმის ოდნავი ამოწევით - ყველაზე უხერხული და გაურკვეველი, თუმცა ამავდროულად ცხადი და გარკვეული ჩურჩული და გინდა ეგ „ლეჟანკა“ ჩასკდეს და იატაკიც ჩაიტანოს და სადმე ნაბჟუჟარაში ამოყვინთო, შენი სახლის უკან - ეგ არის მეათე კლასის მიწურული ოთხმოცდაათიანების შუაში. ეგ არის და მეტი არაფერი. მაგრამ ამაზე მეტი რა უნდა იყოს?

ახალმა ხალხმა არ იცის რა არის „ლეჟანკა“ და ვერც გაიგებს, რადგან მასზე წოლა სპეციალურ ვარჯიშს გულისხმობდა და ძილში სხეულის დამორჩილების ეზოტერიულ ბალანსს - გადაბრუნებისას მილიმეტრებით გადამეტებული მოძრაობა უკვე იატაკზე გადაგამისართებდა, ლეიბი ხან ეგო და ხან არ და როცა არ ეგო - მეხუთე სართულიდან გადმოხტარს რომ გაშლილ ბრეზენტს ახვედრებენ მაშველები, ალბათ მსგავსი შეგრძნება აქვს, როგორც შენ, ულეიბო ლეჟანკაზე მწოლიარეს.

ძილის წინ შეგიძლია მეათასედ დათვალო რამდენი „პრუჟინა“ აქვს და სასთუმლის სიმაღლეც ნერვიულად ცვალო. ეგეთ „ლეჟანკაზე“ მეძინა მე სტუდენტობის მსუყე ნაწილი და მანამდე, ასე, სადმე თუ დავთვრებოდით, ზალაში გვიშლიდნენ. ზალაში სულ ორი სახეობის ადამიანი წვება გურიაში: ერთი - რიცხვით ზედმეტი სტუმარი და მეორე - მიცვალებული. ოღონდ ცხადია, რომ მიცვალებული ლეჟანკაზე არა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვალება და მეუღლის დაკარგვა - გივი სიხარულიძის უცნობი ამბები

„SOS!!! მიცვალებული გაიჭედა ლიფტში, ვერ ვკრძალავთ ადამიანს“ - შოკის მომგვრელი ამბავი ვაკიდან

🎥 როგორ ცხოვრობს „იმერული ესკიზების“ ცნობილი ბიჭი და რატომ არ უყვარდა მსახიობს ამ ფილმის გახსენება