Digest Logo

„მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის სიყვარულით შექმენით... იქ აუცილებლად იქნება კინო, აქ კი მისი დატოვებული არაჩვეულებრივი გამოფენა“ - ნანა დოლიძე

1754299638
ელდარ შენგელაია

ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიას მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე ნანა დოლიძე ემშვიდობება:

„გამორჩეულად მიყვარდა და არა მარტო მე, არ მეგულება ადამიანი, ვინც მისი ფილმებიდან ციტატებით არ საუბრობდეს.

ის რომ არა, არც მიქელა, არც გაადამიანურებული პლატონი, არც ერთაოზი და მიზანა გვეყოლებოდა და არც აგული და პიპინია ერისთავები, რომ არაფერი ვთქვა ტრიფონზე, მარგარიტაზე, სოსოზე, ვაჟა ზაზაევიჩზე. იდუმალებით მოსილ გივიზე .... ის რომ არა, ვერავინ დააბრუნებდა ზეციდან ვალად გაყოლილ სიმღერას, ვერც თამუნიას საფლავზე დაეშვებოდა ვარდები, ვერც პიკასოს ბიჭის გართობის და ვალოდია ჯინჭარაძის მივიწყების ამბებს შევიტყობდით, ვერც საშტატო განრიგს დაგვაწევდნენ გზად, ვერც ბზარს აღმოვაჩენდით, ვერც არტემ ჩაჩანიძის ლირიკას ვეზიარებოდით და ვერც იმას მივხვდებოდით, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც" და თუ ადამიანს ჭეშმარიტად სურს თავისუფლება, ის აუცილებლად გაფრინდება, თუნდაც ფიზიკის ყველა კანონს არღვევდეს ...

მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის სიყვარულით შექმენით, იმ სიმდიდრისთვის რაც დაგვიტოვეთ.

იქ აუცილებლად იქნება კინო, აქ კი მისი დატოვებული არაჩვეულებრივი გამოფენა“, - წერს ნანა დოლიძე. 

ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უდიდესი ელდარ შენგელაია წავიდა, მაგრამ სულ იქნება, სანამ იქნება „ცისფერი მთები“...“ - სანდრო ელოშვილი

„ვერაფერი შეედრება იმ სიყვარულს, რასაც დედაჩემის მიმართ ვგრძნობ“ - ნუცა ბუზალაძე სტამბოლში იმყოფება

🎥 „იმაზე ბევრად ლამაზი და ჯადოსნურია, ვიდრე მეგონა... ეს საღამო სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“ - თიკა ჯამბურია ერევანში იმყოფებოდა