
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„როგორია ამ სამყაროში და, ცხადია, საქართველოშიც განსაკუთრებულად გამორჩეულ, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთა (მით უმეტეს - გენიოსთა) ხვედრი?
ისინი უყვართ, აფასებენ, პატივს მიაგებენ.
და ამით დასრულდა?
სრულიადაც არა.
ზოგჯერ (არც მაინცდამაინც იშვიათად) მათ ლაფში სვრიან, აგინებენ, ცილს სწამებენ, მტრებად, ეგოისტებად, უმნიშვნელოებად მოიხსენიებენ, აკნინებენ ან სულაც უარყოფენ.
დავით გურამიშვილი მართლის თქმის პრინციპს რომ ამკვიდრებდა („მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბე რად...“), ფრთხილობდა კიდეც, „ზედმეტი" რომ არ ეთქვა: „რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება", თუმცა ბოლოს მაინც არ უარყო საკუთარი რწმენა:
„მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!"
განა ილია ჭავჭავაძე მას არ ეხმიანება, როდესაც წერს:
„ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია". ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია".
ილიას ამგვარმა სიძულვილმა ამაზრზენი ტყვიაც ესროლა 1907 წელს.
მანვე, ამ სიძულვილმა და საშინელი მარტოობის შეგრძნებამ, ათქმევინა ვაჟას:
„მე კაცთა შორის მეტი ვარ“.
რატომ უნდა აფიქრებინო ან ათქმევინო საქართველოში ვაჟა-ფშაველას, რომ ის ზედმეტია და საზოგადოებაში გაუცხოებულად გრძნობს თავს?
გალაკტიონი კი პირდაპირ ამბობს:
„სადმე ყრუ ადგილს დავესახლები სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი, სადაც იქნება ცოფი ნაკლები და უფრო ნაკლებ ადამიანი".
„უფრო ნაკლებ ადამიანზე" ფიქრმა ის 1959 წელს თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
თვალსაჩინო ქართველი პოეტი მიხეილ ქვლივიძე თავის ერთ ლექსში („პასუხი") ამბობს, რას ნიშნავს ჩვენში დიდი საქმის დაწყება, მით უმეტეს - შესანიშნავი გასრულებაც - რამდენიმე მაგალითიც მოაქვს გამორჩეულ ქართველ შემოქმედთა ცხოვრებიდან.
ასეთ დროს, - როდესაც ნათლად გრძნობ, რომ შენი არასწორად ესმით, საჯაროდ დამცინავად ან უხეშად მოგიხსენიებენ, არ თაკილობენ, იმის საპირისპირო სახელი დაგარქვან, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდი, შენი ნიჭიერება ტალახში ამოსვარონ, დაგამცირონ და არაფრად გაქციონ - თუ სალი კლდესავით უტეხი არ ხარ, სული იმღვრევა და უსამართლობისგან გაქცევას ეძებს.
საქართველომ უნდა დაიცვას თავისი გამორჩეული შვილები - ილიასავით სიკვდილამდე არ უნდა მოკლას. როდესაც ზოგიერთები მას სიცოცხლის ბოლო წლებს უსამართლო გინებით უწამლავდნენ, პრაქტიკულად არავინ გამოჩნდა მისი დამცველი და თავის დაცვა თავადვე მოუწია წერილით „ნუთუ?", რომელიც მისივე დაარსებულ გაზეთ „ივერიაში" არ დაუბეჭდეს და იძულებული გახდა, თავისივე ხარჯით დაესტამბა.
ეს მწარე სიმართლე ყველა ჩვენგანმა კარგად უნდა იცოდეს, გაიაზროს, გაითვალისწინოს და მომავალ თაობასაც გადასცეს, რათა მან წინაპართა შეცდომები არ გაიმეოროს.
ეს საერთოდ შესაძლებელია?
შეიცვლება ისე ადამიანი, რომ ბიროტებაზე ხელი აიღოს?
ვინ იცის.
დღემდე ეს ვერასდროს მოხერხდა. იქნებ ახლები უკეთესნი აღმოჩნდნენ“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით