
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც იგი მდუმარების შესახებ წერს.
„მდუმარის ბაგენი საღმრთო საიდუმლოებებს განმარტავენ“,
- რატომ?!
- იმიტომ, რომ მდუმარება, არა მუნჯობა - არამედ მდუმარება, იმიტომ, რომ ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ - „აი, არ ვილაპარაკებ და მორჩა.
გავებუტე ყველას და ჩუმად ვარ“ - ეს არ არის მდუმარება. მდუმარება შინაგანი მდგომარეობაა.
მდუმარება ეგზისტენციალური ცვლილებაა ადამიანისა, არსობრივი ცვლილებაა ადამიანისა, როცა ადამიანი მიხვდება, რომ მისი მთავარი საქმე გარეთ კი არ არის.
მით უმეტეს სისულელეებში, არამედ მისი მთავარი საქმე შიგნით არის და როცა ამას ადამიანი მიხვდება და შესაბამისად შეიყვარებს ლოცვას.
ლოცვის ეს სიყვარული და ღვთის მაძიებლობა, ნელ-ნელა, ნელ-ნელა, მას სხვა გზას არ დაუტოვებს. მოდი ასე ვთქვათ, თუ არა ის, რომ მდუმარება შეიყვაროს, შეიტკბოს, ტყუილად არაფერი თქვას და ის გრძნობს, რომ ყოველი უქმად ნათქვამი სიტყვა მას იმ მადლს აკარგვინებს, რომელიც დიდი წვალებით, ცოტათი მაინც განიცადა როცა ის წლები და წლები ლოცვას ცდილობს...“, - აღნიშნულია დეკანოზის გვერდზე.