
პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:
„ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ე ბ ა
(მინიატურა)
- შენ ვინ ხარ?
- ამას არავინ მეკითხება, ყველამ იცის.
- მეც ვიცი, მაგრამ მაინც გეკითხები.
- ეს იმიტომ, რომ გეშინია ის მიწოდო, ვინც ვარ.
- არ მეშინია.
- არა? ცრემლი მოგდის.
- ამ ცრემლით არ ვტირი.
- მართლა? ცრემლი, როგორც წესი, ტირილისაა.
- მე არ ვტირი. ვემშვიდობები იმას, რაც ჩემთვის ძვირფასია.
- სიცოცხლეს? ყველამ იცის, რომ ის ხანმოკლეა და ერთხელაც მთავრდება.
- ეს ხელს არ მიშლის რომ მიყვარდეს მისი სინათლეები.
- შენ პირველი არ ხარ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ახლა მათ ემშვიდობები?
- დიახ.
- და ჩემი არ გეშინია?
- არა. ისინი მამშვიდებენ.
- როგორ შეიძლება ის გამშვიდებდეს, რაც აღარ არის? ამბობენ, რომ ადამიანი მარტო კვდება.
- არა. მასთან ყოველთვის ყველა და ყველაფერია, რაც გახარებია.
- „ყოველთვის“? - ეს სიტყვა უცნაურია მისგან, ვინც მიდის. მაინც ვინ ან რა გახარებს?
- ჩემი ადამიანები, სიყვარული, სილამაზე, ერთგულება, სიმშვიდე...
- და რა არის ეს ყველაფერი?
- სრულყოფილება.
- არ გგონია, რომ ძალიან მცირე და წარმავალი სრულყოფილებაა?
- ცდები. ძალიან დიდი და მარადიულია.
- ამ ქვეყნის და მარადიული? მაინც რით არის ასეთი შესანიშნავი?
- ღმერთი რომ დაგენახვება, იმას "მცირე" ან "წარმავალი" არ ეთქმის. შენ რომ არ იყო, ის მაინც იქნება.
- რა იცი, რომ ღმერთია - იქნებ მაცდურია?
- ვისაც სიყვარული შეუძლია, ეს არავის ეშლება.
- ყალბი იმედია სიკვდილის წინ.
- არ არის ყალბი. ამას მთელი ჩემი არსებით ვგრძნობ.
- რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
- სრულყოფილებას ვერც სივრცე შეზღუდავს და ვერც დრო. და კიდევ ერთი...
- კიდევ რა?
- შენც მისი სახე გაქვს.
- ვისი?
- ღმერთის. შენც მისგან ხარ. მისიანი ხარ.
- რატომ გგონია ასე?
- მისგან რომ არ იყო, გარდაუვალი არ იქნებოდი. რატომ გეღიმება?
- მართალი ხარ.
- ვიცი. გმადლობ, რომ მოხვედი.
- ის გელოდება.
- ამიტომ გითხარი: „გმადლობ, რომ მოხვედი“.
- ვინც იცის, არ ეშინია. ასეთი ბევრი არ არის.
- გმადლობ ამ სიტყვებისთვისაც.
- კარგი. წავიდეთ. კიდევ საქმეები მაქვს.
- ერთი კითხვა შეიძლება?
- შეიძლება.
- ცრემლებიც გამოგვყვებიან?
- იმათ მოგიყვანეს და ისინი გამოგაცილებენ.
- მე მზად ვარ.
- ამით არაფერი მთავრდება.
- ვიცი. რაც არ უნდა იფიქრონ, შენ ბოროტი არ ხარ.
- ჰო. თუმცა მე მხოლოდ ერთხელ მნახულობენ.
- მაშინ მშვიდობით.
- მშვიდობით. სამი სიტყვაც უნდა გითხრა.
- მითხარი.
- დაბადების დღეს გილოცავ“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ცეკვა ქართული - მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის შესრულებით