Digest Logo

„მეგონა, შეყვარებულების ისტორია მოვიპარე თითქოს...“ - რას წერს რამაზ გიგაური

1701701490
რამაზ გიგაური

 ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ემოციურ, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ასტროლოგი ძველი წიგნებით გამოწვეულ ემოციაზე საუბრობს და ერთ-ერთი წიგნის ყიდვის ისტორიას ვრცლად უყვება საზოგადოებას.

„ძველი წიგნების ყიდვა მიყვარს განსაკუთრებით.
პიპინიას ჩემს მასწავლებლად ვაღიარებ, ძველი წიგნებით რომ ასწავლიდა მეზობლის ბალღს.
მაგრამ ძველ წიგნზე გაკეთებული წარწერები მკლავს.
როგორც ჩემს პოსტებზე გარდაცვლილი ფრენდების კომენტარებს, ისე აღვიქვამ.
თვალს ვარიდებ ხოლმე. მრცხვენია.
დღეს ვიყიდე ერთი წიგნი. ასი წელი არ ვიტყვი წიგნს და წარწერას, მაგრამ შეყვარებული უძღვნის შეყვარებულს - დახატული გულებით და ამბებით. იქვე არ მინახავს.
ბუკინისტმა, თხუთმეტი ლარი ღირს, მაგრამ ცამეტად წაიღეო. იქვე დაამატა, არა, ცამეტი თარსია, თორმეტადო.
მეთქი, თხუთმეტადაც კოხტად წავიღებ.
წამოვიღე. მოვიტანე სახლში. გადავშალე და ეგრევე დამცეცხლა.
მეგონა, რომ მოვიპარე - შეყვარებულების ისტორია მოვიპარე თითქოს. უცბად დამიტრიალდა თავში ათასი სცენარი.
დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ჩემს წიგნებს, რომლებსაც ჩემთვის ვყიდულობ, სახელი და გვარი არ უნდა დავაწერო, რადგან ეს წიგნები დროებით არიან ჩემთან.
წიგნი - ადამიანზე მეტ ხანს ცოცხლობს.
როგორც ჩემთან მოვიდნენ წიგნები და მემეგობრებიან, ისე ჩემს მერე წავლენ სხვასთან და მისი გახდება. მას წაუღებენ ჩემს ენერგიას, ცოდნასა და სიტყვას.
ეზოტერიკული სწავლებით, ფიზიკურ სამყაროში ოთხი ცოცხალი სახეობაა (საფეხურია_:
1. ადამიანი;
2. ცხოველი;
3. მცენარე.
4. მინერალი (ნამდვილი მინერალი, ის პლასტმასა არა, ჩვენი ბაზარი რომ არის გავსებული).
და ამათ გვერდით მე ვაყენებ წიგნს - ნამდვილს წიგნს, ადამიანს ძმასა და მეგობარს, რომელიც მოვა შენთან სულშეწუხებულთან, ხელს გადაგხვევს და მოგიყვება რაღაცას, გულზე მალამოს გაცხობს და შუბლზე მირონს.  
მჯერა, რომ იმ სახელებს, რომლებიც დღევანდელ წიგნს აწერია, უკვე დიდი ხნის ბედნიერი ოჯახი აქვთ, თავისი ბღარებითა და სიცილებით. ეს წიგნიც რა. ახალ სახლში გადავიდნენ და ამდენი წიგნი ვეღარ გადაიტანეს. ან უცხოეთში წავიდნენ - ახალი ცხოვრების საძიებლად. თავიანთი წიგნებიც აქ დატოვეს - იმ ადამიანებთან, ვინც მათ ემეგობრებოდა“ - წერს რამაზ გიგაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵  1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული

🔵  „საქართველოს გამარჯვება მხოლოდ ერთსულოვნების გზაზე დადის...ეს გზა ისევ მოსაძებნი გვაქვს“ - გია მურღულია