Digest Logo

„მეცნიერები თანხმდებიან, რომ ქალებიც და კაცებიც ბრაზს დაახლოებით ერთნაირი სიხშირით განიცდიან“ - ფსიქოთერაპევტი

1791532219
მაგდა კოტრიკაძე

კაცები ქალებზე უფრო ბრაზიანები არიან?

ხშირად გვგონია, რომ კაცები ქალებზე მეტად ბრაზიანები არიან. ალბათ ყველას გვინახავს სიტუაცია, როდესაც კაცი ხმამაღლა გამოხატავს გაღიზიანებას, კამათობს ან აგრესიულად რეაგირებს, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრაზი უფრო „მამაკაცური“ ემოციაა, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგია გაცილებით საინტერესო სურათს გვიჩვენებს.

მეცნიერები დღეს თანხმდებიან, რომ ქალებიც და კაცებიც ბრაზს დაახლოებით ერთნაირი სიხშირით განიცდიან. განსხვავება უფრო მეტად იმაშია, თუ როგორ გამოხატავენ ამ ემოციას და როგორ აფასებს ამ გამოხატვას საზოგადოება.

აგენტა ფიშერის და კატერინა ევერსის მიერ ჩატარებული კვლევების მიმოხილვა აჩვენებს, რომ „ბრაზიანი კაცისა“ და „მშვიდი ქალის“ სტერეოტიპი რეალობას სრულად არ შეესაბამება ერთმანეთს. მათი დასკვნით, ბრაზი ორივე სქესისთვის ბუნებრივი ემოციაა, თუმცა გამოხატვაში კულტურული ნორმები და აღზრდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

თუ დავაკვირდებით, რომ ბიჭებს ბავშვობიდან ხშირად ასწავლიან საკუთარი უკმაყოფილების პირდაპირ გამოხატვას, მაშინ როდესაც გოგონებისგან უფრო მეტ თავშეკავებას ელიან. შედეგად, მამაკაცები ბრაზს ხშირად ღია და თვალსაჩინო ფორმით გამოხატავენ, ქალები კი უფრო მეტად საუბრობენ საკუთარ განცდებზე, ცდილობენ პრობლემის განხილვას ან კონფლიქტის მოგვარებას. თომასის მრავალწლიანი კვლევები სწორედ ამ განსხვავებაზე მიუთითებს. მისი მასშტაბური "ქალთა ბრაზის შესწავლა", რომელშიც 535 ქალი მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ ქალები ბრაზს ხშირად ურთიერთობების გაუმჯობესებისა და პრობლემების გადაჭრის მექანიზმად იყენებენ.

ძალიან საინტერესო შედეგები მიიღო ასევე ფალგრენის, ჩიუნგის, სიესინსკის, მაკკლოსკისა და კოკაროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც აჩვენა, რომ ქალებსა და კაცებს აგრესიის მსგავსი დონე შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა მამაკაცებში ბრაზსა და აგრესიულ ქცევას შორის კავშირი უფრო ძლიერია. მათ შეისწავლეს 424 ზრდასრული ადამიანი სპეციალურ ლაბორატორიულ პირობებში. მონაწილეები გადიოდნენ აგრესიული ქცევის შეფასების ტესტებს და ავსებდნენ კითხვარებს, რომლებიც ბრაზის დონეს ზომავდა. აღმოჩნდა, რომ ქალებსა და კაცებს ზოგიერთ სიტუაციაში აგრესიის თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა მამაკაცებში ბრაზსა და აგრესიულ ქმედებას შორის კავშირი უფრო ძლიერი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცებში ბრაზი უფრო ხშირად შეიძლება გადაიზარდოს აგრესიულ რეაქციაში.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს უფრო მაღალი ფიზიკური აგრესიის მაჩვენებლები ჰქონდათ, ხოლო ქალებს ოდნავ უფრო მაღალი ვერბალური აგრესიის. თუმცა ბრაზისა და მტრული განწყობის საერთო დონეებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა.

მეცნიერებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აღმოაჩინეს: საზოგადოება ქალისა და კაცის ბრაზს ერთნაირად არ აფასებს. სალერნოსა და ჰაგენეს ექსპერიმენტში მონაწილეებს ეგონათ, რომ ნაფიცი მსაჯულების განხილვაში მონაწილეობდნენ. რეალურად სცენარი წინასწარ იყო დაგეგმილი. აღმოჩნდა, რომ როდესაც ბრაზს მამაკაცი გამოხატავდა, მას უფრო გავლენიან და ავტორიტეტულ პიროვნებად აღიქვამდნენ, მაშინ როდესაც ზუსტად იგივე ქცევა ქალის მხრიდან ნაკლებად დამაჯერებლად ფასდებოდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერების მთავარი დასკვნა მარტივია: კაცები ქალებზე უფრო ბრაზიანები არ არიან. ორივე სქესი ბრაზს თითქმის თანაბრად განიცდის, თუმცა განსხვავებები შეინიშნება მის გამოხატვაში, მართვასა და საზოგადოების მხრიდან აღქმაში.

ბრაზი თავისთავად ცუდი ემოცია არ არის. ის ხშირად გვეხმარება უსამართლობის, დარღვეული საზღვრების ან დაუკმაყოფილებელი საჭიროებების დანახვაში. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ბრაზი კონტროლს კარგავს და აგრესიაში გადაიზრდება. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბრაზის დროს რამდენიმე ღრმად ჩავისუნთქოთ, დაუყოვნებლივ რეაქციას მოვერიდოთ, ვცადოთ ემოციის მიზეზის გააზრება და საკუთარი განცდები მშვიდად გამოვხატოთ. ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და სტრესის მართვა, რადგან გადაღლილი და მუდმივად დაძაბული ადამიანი გაცილებით ადვილად ბრაზდება.

საბოლოოდ, კითხვა „ვინ უფრო ბრაზიანია?“ შესაძლოა არც იყოს ყველაზე სწორი. უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ ვმართავთ ბრაზს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, გადაიქცევა თუ არა ეს ბუნებრივი ემოცია კონფლიქტის მიზეზად თუ პირიქით, პიროვნული ზრდისა და ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობად.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე აგრესიულია უფრო ახალგაზრდა ასაკში, პირველ ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებში“ - გია ნემსაძე ძუძუს კიბოზე

🎥 ნინა სუსლოვა ოქტომბრის ყველაზე მნიშვნელოვან და საყურადღებო რიცხვებს ასახელებს - „შეუძლია დაიწყოს ახალი საქმე, შემოიტანოს სიახლე“

🎥 „შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ კაცს“ - რა მოხდა მარნეულში

✕