2022 წლის 15 თებერვალს პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი - თამაზ მეჭიაური კორონავირუსს ემსხვერპლა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მეგობარი, პოეტი - ტარიელ ხარხელაური მისი ხსოვნის ატივსაცემად სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლექსს უძღვნის.
„ერთი წელი გავიდა...
ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო! როგორ მეუხერხულება შენზე სამგლოვიარო სიტყვების წერა და ჩემთვის როგორ თავზარდამცემია შენი ამქვეყნიდან წინსწრებით გასვლა.
უხდებოდი შენს ქვეყანას, სჭირდებოდი შენს თიანეთს, გვჭირდებოდი ჩვენ - უფრო მეტად შენს მეგობრებს... სატირალსა და სავაგლახოს შენნაირი წესით ნაცხოვრები კაცები არ სტოვებენ... მიდიხარ და მიგაქვს შენთვის სალოცავ ხატად გამხდარი თიანეთისა და თიანელებისგან საოცრად ნატკენი გული... რა ვუყოთ, ძმაო! ეს წუთისოფლის თანმდევი სენია, ავადმყოფობაა.
დღევანდელობისაგან თავგზააბნეულებს ქვეყნისთვის ავისა და კარგის გამორჩევისთვის ვერ მოგვიცლია, თვალი ვერ გაგვისწორებია, თვალი გონებისა, სინათლისა და სიყვარულის მადლით მხედველი...
დროს ვერ მოვერიეთ, დროს - ერთმანეთის საკორტნელად წამქეზებელს. საქართველოზე ჯავრით სავსე და ნატკენი გულით გაცილებს მთელი საქარათველო... არა მგონია იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა, არადა, თურმე შეგვძლებია...
მართალი არ ვიქნები თუ ამ დღეებში შენთვის დაღვრილ ცრემლს გულჩვილობას მივაწერ. მხოლოდ ასეთი გულწრფელი ცრემლი და ტკივილია ჭეშმარიტი ტკივილი. ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში ღირსებით მიმავალ გზას მამაპაპათა აჩრდილებთან ღირსეულად შესახვედრად...“ - წერს პოეტი.
***
ცრემლმა გაგალა თვალები,
უნდა უცრემლოდ გიტირო,
აღარც შენ მეპიტნავები -
შენაც ამჯავრდი სიკვდილო!
სიცოცხლესთან ხარ შეთქმული,
სულეთს გაუღე კარები,
სამშობლოსათვის ერთგულნი
მიდიან ლომა ხარები.
მზერა დაბინდეს ნისლებმა,
გავალ, მდუმარე გავცდები,
წუთისოფელი იცლება
თვირთვილიანი კაცების.
გზა ტკივილებით გავლიე,
ფიქრმა გაძარცვა გონება,
შენი დროც მოვა, ტარიელ!
აქ აღარ დაგედგომება...
არ გემშვიდობები! შეხვედრამდე, მეგობარო...
ტარიელ ხარხელაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია
🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი
🔵🎥 კაცი, რომელიც მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ გადაარჩინეს, მაშველებს ხელზე კოცნის