საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი, პრემიის სახით უკვე მიიღეს.
თანხის ჩარიცხვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
„ნაკრების სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის“, - განაცხადა კაშიამ.
ოპოზიციის ნაწილმა სოციალურ ქსელში კაშიას საჯარო მადლობა დაუწუნა და ამის გამო იგი ბულინგის ობიექტი აღმოჩნდა. ნაწილი მათგანი თვლის, რომ თანხა, რომელიც ნაკრების წევრებს ჯილდოს სახით გადაეცათ, საერთოდ არ უნდა აეღოთ. აქვე, ზოგიერთი მათგანი კაშიას განცხადებაზე შეფასებისას რბილი ტონით გამოირჩევა. კაპიტნის დაბულინგებაში აქტიურობენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.
„ივანიშვილისთვის მადლობა სცენიდან არცერთს არ გადაუხდია, არც ინდივიდუალურ განცხადებებში.
გულშემატკივარმა კობახიძე სცენიდან გააძევა, ერთხელ კი არა, ორჯერ, ნაკრების თვალწინ. მთავარი ეს გაძევებაა. ამ პოსტის ამოცანა ვინმესთვის პასუხისმგებლობის მოხსნა არაა. ვისურვებდი, რომ კაშიას მადლობა არც განცხადების სახით გაევრცელებინა ფედერაციას. მაგრამ მოცემულობა ისაა, რაცაა. მაშინ თანხაც უკან უნდა გაბრუნებულიყო. თუ არ გაბრუნდა, ფორმალური მადლობაც მოყვა, ამასაც მათში ვერავინ გაემიჯნება.
არავის ეხალისებოდა მადლობების გადახდა აშკარად. გარემო კიდევ, სადაც სპორტსმენებს ეს არ მოუწევთ, ერთობლივადაა შესაქმნელი. ყველა ჩვენი პრობლემა ფეხბურთით ვერ გადაიჭრება. ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ვინც მოგვწონს, ყველა სიტუაციაში ვერ იქნება გმირი. ამდენი ფრუსტრაციისთვის კიდევ ენერგია ვერ გვეყოფა, მოლოდინები უნდა ვმართოთ, ჩემი მოკრძალებული აზრით“, - წერს სალომე უგულავა.
„ჩაირიცხა, დაჯდა მილიონდვესტი“ - წერს ბაჩანა ხუფაცარია.
„იმედია, ამ განცხადებისთვის არ გადაუვლით და გუშინდელ დიდ სიყვარულს დღეს დიდ სიძულვილად არ აქცევთ. მადლობა ზრდილობის ამბავია, უბრალოდ“, - წერს მერაბ მეტრეველი.
„გურამ კაშია ჩემი საყვარელი კაპიტანია! ვიცნობ, ვმეგობრობ და ყველაზე რთულ დღეებში მხარდამხარ გვიბრძოლია! რაც უფრო შინაურია, მით უფრო მტკივნეულია ასეთი კაცისგან ქვეყნის დამაქცევარის ქება–დიდება! რა ვქნა, ვერ შემიძლია მისი ადვილად გადაყვარება და გადავწყვიტე ვიფიქრო, კარიერის ბოლოს ეს საშინელი ტვირთიც თავის თავზე აიღო და ბიჭები გაათავისუფლა. იქნებ ისეთი სახელმწიფო შევქმნათ, გულში ჩავარდნილი ბიჭები ასე აღარ გვტკიოდეს დიდება თავისუფლებას (ასე მთავრდებოდა ჩვენი ყველა მიმოწერა ბევრი წელი) Update: ვერ გამომივიდა გაპრავება სათითაოდ წერენ იმავეს სხვებიც“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
„დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას პირდაპირ ეთერში და ისე ჩამწყდა გული ახლა ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რომ რა გითხრათ.. ყველაზე სწორი საქციელი ნაკრებისგან ამ ფულის საბავშვო კლუბებისთვის გადარიცხვა იქნებოდა და იმის უნარისა და ძალის შენარჩუნება, რომ მათი აზრი და სიტყვა არ შეესყიდა დედამო**ნულ ოლიგარქს. საერთოდ ამ ვითარებაში ივანიშვილის მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ამასაც უნდა ხვდებოდნენ წესით. ვწუხვარ ძალიან“, - წერს ანა სუბელიანი.
„ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლობის თქმის ვალდებულება არ გქონდეს. ამ კაცმა არბია საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალს.
ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდი სიხარული, ბედნიერება და გამარჯვების მუხტი მოგვიტანეს, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ვერ ხვდებოდეს, რა ზიანი მოაქვს საქართველოსთვის რუსულ კანონს და ივანიშვილის რეჟიმს და გვიანღა მიხვდენენ მოსალოდნელი კატასტროფის მასშტაბს.
ფეხბურთელების თანატოლები სცემეს და სასამართლო ჯარიმებით აავსეს საქართველოს დაცვისთვის. განა ყველამ არ ვნახეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ მოქალაქეები ივანიშვილის მარიონეტს ეროვნული ნაკრების დახვედრის ზეიმზე?! თავს ნუ მოიტყუებთ, ეს კაცი საქართველოს მომავლით ვაჭრობს და თქვენს სახელსა და წარმატებასაც იყენებს ამისთვის. ეს ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის თქვენ კი მათი იდეალები ხართ ახლა“, - წერს ლაშა ბუღაძე.
„ქართუმ” ეროვნულ ნაკრებს დაპირებული 30 მილიონი ლარი უკვე ჩაურიცხა,გუნდის კაპიტანმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. წესია,საჩუქარზე მადლიერება და გუნდის თავკაცმა მოიხადა კიდეც ! სანამ გურამ კაშიას გაძიძგნიდეთ, გაგახსენებთ როგორ ქომაგობდა ის ლგბტ პირებს, როცა მათ ჩაგრავდნენ და რისი გადატანა მოუხდა ამ პოზიციის გამო! ჰოდა, სიკეთე გადამდებია“, - წერს ელისო კილაძე.
„საინტერესოა ბატონი კაშია როგორც ევროპის სტადიონებზე სექსუმცირესობათა სიმბოლიკით მორბენალი და ამის გამო დიდი ვაების გადამტანი ამ ივანიშვილისადმი მადლობის გადახდისას მილიონების ჩუქებუის გამო, რა აზრის იყო ოლიგარქისგან დაინიცირებულ ანტი ლგბტ კანონზე?“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
⭕თუ ბინის რემონტი ან ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს წესები