Digest Logo

„არსებული რწმენით, ეგ დაღვრილი სისხლი რომ შუშაზე წაგესვა და ისე გაგეხედა, გოგო შიშველი გამოჩნდებოდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1720098391
გიორგი კეკელიძე

მწერალი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ჩანახატებს.

ამჯერად მწერალი, წიგნიდან „წერილები ჩემი ბავშვობიდან“ ამონარიდს ავრცელებს:

„დაიჯესტი“ გიორგი კეკელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სიყვარულის ახსნის საქმე გახსოვთ?

მამიდაჩემი ითვლებოდა ამ ახსნის საუკეთესო დამწერად. ქართულის მასწავლებელი. როგორც ორაკულთან, ეგრე დადიოდნენ მასთან ბიჭები და მამიდაჩემი უწერდა:

„სიყვარული ეს ისეთი რამ არის, რომელსაც მეფეებიც კი ჰმონებენ. სიყვარულო ძალსა შენსაო - თქვა პოეტმა და მართლაც, სიყვარულს უზარმაზარი ძალა აქვს“ - წარმოიდგინეთ ახლა ამგვარი შესავალი და ძველი ბიჭი წიწკვია კითხულობს ამ ტექსტს და იზეპირებს და ნერვიულობს. ხვალ დიდ დასვენებაზე უნდა აუხსნას სიყვარული ნუნუჩის. და ანონსდებოდა ასეთი მოვლენები წესისამებრ - „ხვალ წიწკვიე ნუნუჩის სიყვარულს უხსნის!" და ფანჯრებიდან ვუყურებდით ამ დიდ სცენას, როგორც ერთადერთ და ჭეშმარიტ თეატრს. მოულოდნელი და გამყინავი დასასრულებით.

და ესეც ხომ გახსოვთ:

ვანიკოს + რუსკა = შეყვარებულებს.

ეგ წარწერები ხან ამბავი იყო, ხან სურვილი. თუმცა ეგ სურვილიც ხომ ამბავია თავისთავად. და საერთოდ ხან სურვილი უფროა ამბავი.

ხოლო სურვილი სხვაც ბევრი იყო. აი, მაგალითად, მე როგორც მითხრეს, ოზურგეთელი ხვლიკები დღემდე აღნიშნავენ წინაპართა გენოციდის დღეს, რომელიც 1993 წლიდან 2000 წლამდე გაჩაღებულ დაუნდობელ სისხლის ღვრას გულისხმობდა, რადგან არსებული რწმენით, ეგ დაღვრილი სისხლი რომ შუშაზე წაგესვა და ისე გაგეხედა, გოგო შიშველი გამოჩნდებოდა. ეს რიტუალი იმ გაქანების ადამიანის მოგონილი იქნება, როგორებიც ადრე მსხვერპლთშეწირვებს აწყობდნენ ხოლმე და დიდი მაგია დევს, რადგან უამრავი იმედგაცრუების გამოცდილების მიუხედავად, ყოველი მომდევნო მაინც დაჟინებით ცდილობდა იმავეს.

კი. ასეთი იყო ვნება და სიყვარული სხვა რამეც იყო ალაგ-ალაგ, მაგრამ სხვა დროს იმ სხვა რამეზე. დღეს ეს გვეყოფა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ფრთიანი ანგელოზი კი არ გეგონოთ, ნაკლის მეტი რა მაქვს, თუმცა წლებმა და ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ...“ - რას ჰყვება რუსუდან მუმლაძე

⭕„ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“

⭕„ვულოცავ გურამს დაბადების დღეს! ჩემთვის ეროვნული ნაკრების საუკეთესო კაპიტანია გურამ კაშია“ - გოგა ჩანადირი