ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც უფალზე საუბრობს:
„შენ რომ შემოგხვდი
(მინიატურა)
- შენ ვინ ხარ?
- მე მე ვარ.
- აბა, მე ვინ ვარ?
- შენც „მე“ ხარ.
- ორივე „მე“ ვართ?
- თავის თავისთვის - მე, გვერდით მდგომისთვის - შენ, მესამისთვის - ის. საბოლოოდ კი ყველა არის „მე“.
- ის „მე“ ვიღაა?
- ვინ და - ღმერთი.
- ესე იგი, ღმერთი ყველა ჩვენგანშია?
- რა თქმა უნდა. მარტო ადამიანში კი არა, ყოველ შექმნილში ის თავის თავს ეცნობა.
- რად უნდა ამდენი შეცნობა?
- იმიტომ, რომ მისი სახე ერთზე გაცილებით მეტია, თუმცა იმ ერთს არასდროს ტოვებს.
- ის არის მხსნელი?
- ჰო, ის არის. მესია ჰქვია.
- მარადიული სიცოცხლე გვაჩუქა და ამიტომ?
- კი. და ეს საკმარისია სახელის შერქმევისთვის.
- ის სულ აქ არის, ჩვენთან?
- მუდმივად.
- უსასრულო სივრცეში ჩაკარგულ ამ პატარა დედამიწაზე, სამყაროს ერთი წერტილიც რომ არ არის, რა დარჩენია?
- რა კი არა - ვინ. თავისი მსგავსება „დარჩენია“. ვერ მიატოვებს ვერაფრით.
- სხვებიც ასე იჩემებენ მას სამყაროში?
- ვინ იცის. შესაძლოა ასეა.
- და ის კეთილია?
- კი, კეთილია. ძალიან.
- და ის სიყვარულია?
- დიახ, სიყვარულია - ყველაზე აღმატებული.
- აბა, დედამიწა და ადამიანი რატომ არ არიან სიკეთე და სიყვარული?
- არიან.
- ესენი?
- ჰო, ესენი.
- ვითომ რატომ?
- ასე რომ არ იყოს, იესო არ გვეტყოდა, თქვენი მტრები გიყვარდეთო. მათში უთუოდ არის სიკეთეც და სიყვარულიც.
- დიდი იდეალისტი ვინმე ყოფილხარ.
- არც არის გასაკვირი. მე ხომ ბავშვი ვარ.
- მე კი ხანდაზმული ვარ და შენზე მეტი ვიცი.
- ცოდნას მხოლოდ რწმენასთან ერთად აქვს აზრი.
- ეგ ვინ თქვა?
- ყველაზე დიდმა ბავშვებმა.
- კარგი, წავედი. იქნებ ბედს ვეწიო.
- სად მიდიხარ?
- ჩემს ბავშვობაში.
- კეთილი მგზავრობა! ესე იგი, კიდევ შევხვდებით.
- მხოლოდ ამიტომ დავადექი ამ გზას.
- გინდა, ერთი რამე გითხრა? - მოგზაურებს ძალიან შველის.
- მითხარი.
- ქრისტე აღსდგა!
- ჭეშმარიტად.
- და რა იცი, რომ მიდასტურებ?
- ამწუთას გვერდით ჩაგვიარა“,- წერს გია მურღულია
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მამა აჭმევს ჩვილებს დედის საფლავზე...“ - გიგა ცხელიშვილი „შოშიების“ ემოციურ კადრებს აქვეყნებს