პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს და გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ ალერგიული რინიტი ბავშვებში.
მისი თქმით, ალერგიული რინიტი ხშირად გამოწვევაა, რადგან მისი სიმპტომები ძლიერ ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას:
„ალერგიული რინიტის ამოცნობა ბავშვებში ხშირად გამოწვევაა, რადგან მისი სიმპტომები ძლიერ ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას...
რა ძირითადი ნიშნები და სიმპტომები გვაქვს ალერგიული რინიტის დროს?
ეს რა თქმა უნდა ალერგოლოგების კომპეტენციაა, მაგრამ პირველ ეტაპზე პედიატრები ვაწყდებით ამ პრობლემას და შემდეგ ვახდენთ რეფერალს, ამიტომაც გავბედავ და პირველ ამოსაცნობ კლინიკურ ნიშნებს გეტყვით, თუმცა ამ საკითხზე ბევრს საუბრობენ ალერგოლოგები საჯარო სივრცეში, თქვენც საკმაოდ გათვითცნობიერებული ხართ...და მაინც რა არის ალერგიული რინიტი და როგორ ამოვიცნოთ?
ცხვირის გახანგრძლივებული გაჭედვა ან ცრემლდენა, გამონადენი არის წყლისებური, გამჭვირვალე და თხელი (ვირუსული ინფექციისგან განსხვავებით, სადაც ის დროთა განმავლობაში სქელდება და ფერს იცვლის). ინტენსიური ქავილი: ბავშვი ხშირად იწვალებს, იქავებს ცხვირს, თვალებს ან სასას.
„ალერგიული სალამი“ - ბავშვის მიერ ხელის გულით ცხვირის წვერის ზემოთ აწევის და სრესის დამახასიათებელი მოძრაობა, მუქი წრეები ან შეშუპება თვალების ქვეშ, რაც გამოწვეულია ვენური სისხლის შეგუბებით.
ხშირი, ცემინების სერიები: განსაკუთრებით დილით გაღვიძებისას ან ალერგენთან (მტვერი, მცენარის ყვავილის მტვერი, ცხოველის ბეწვი) კონტაქტის შემდეგ.
თვალის სიმპტომები: სიწითლე, ცრემლდენა და ქავილი (ალერგიული კონიუნქტივიტი).
ქრონიკული მშრალი ხველა: განსაკუთრებით ღამით, რაც გამოწვეულია ყელში გამონადენის ჩადინებით...
როდის მივმართოთ ალერგოლოგს?
სიმპტომები გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს და არ ექვემდებარება სტანდარტულ სიმპტომურ მკურნალობას.
ირღვევა ძილი და ყოველდღიური აქტივობა: ბავშვს უჭირს სუნთქვა ღამით, ხვრინავს, პირღია სძინავს ან უქვეითდება ყურადღება და ენერგია.
ჩნდება რესპირატორული გართულებები: სტვენითი სუნთქვა, ქოშინი, ცრუ კრუპი, ხშირი ოტიტი ან სინუსიტი.
ანტიჰისტამინები ნაკლებად ეფექტურია ან იწვევს გვერდით ეფექტებს ასეთ შემთხვევაში.
საჭიროა ზუსტი ალერგენის იდენტიფიცირება, რათა დაიგეგმოს მიზნობრივი პრევენცია...“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ ხდება მისი კრიტიკოსი ან „აღმზრდელი“, არამედ არის მოკავშირე...“ - რა სჭირდება კაცს ქალისგან?
⭕ცნობილია, ვინ იყო 15 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი თბილისის ზღვაში იპოვეს