თბილისში, კანიე ვესტის (YE) გრანდიოზული კონცერტის შემდეგ, საზოგადოებაში მუსიკალური და ეკონომიკური რეზონანსი არ წყდება. მსოფლიო დონის არტისტის საქართველოში ჩამოყვანასა და Starring Georgia-ს ფარგლებში გამართულ ამ ისტორიულ მოვლენას სოციალურ ქსელში ვრცელი, ემოციური პოსტით გამოეხმაურა პროექტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და პრომოუტერი ამიკო ჯანელიძე.
მისი განცხადებით, ეს შოუ მხოლოდ გართობა არ ყოფილა, არამედ ის არის ფუნდამენტი ქვეყნის ძლიერი კულტურულ-ეკონომიკური რეალობისთვის.
„როდესაც პირველად დავდექი 10 000 მსმენელის წინაშე და ვიგრძენი ის უდიდესი ენერგია, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ და გავაცნობიერე უდიდესი პასუხისმგებლობა, შეიძლება წნეხიც..
მაგრამ როდესაც გაქვს ჟინი და შემართება, ყველაფრის გადალახვაა შესაძლებელი. ჩემი ჟინის, ჩემი მოტივაციის უკან კი ყოველთვის კონკრეტული ადამიანები იდგნენ - ისინი, ვისაც ჩემი იმაზე მეტად სჯეროდათ, ვიდრე მე თავად მჯეროდა საკუთარი თავის..
სწორედ ასეთმა ადამიანმა, ვისაც ცხოვრების მთავარ მეგობარს ვეძახი, თავისი ნდობით დამანახა, რომ უნდა გამეკეთებინა ის, რის დანახვაც საკუთარ თავში არ შემეძლო… მგონია, რომ მან უფრო ადრე დაინახა ეს ფოტო, ვიდრე მე შევძელი მისი გადაღება.
ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, მებრძოლა ერთი ადამიანისთვის და მებრძოლა ყველასთვის, ვინც მე მენდობა.. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, ირგვლივ შემომეკრიბა ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად დაიჯერებდნენ შეუძლებელს და ამას რეალობად აქცევდნენ, როგორც ეს გუშინ საქართველოში მოხდა..
და ეს გზა არ ყოფილა ადვილი და ფინიშამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.. ფინიშთან კი მარტო ვერ მიხვალ, ამიტომაც ყოველთვის მახსენდებიან ის ადამიანები, ვინც ეს გზა ჩემთან ერთად დაიწყეს - ისინი, ვინც შემდეგ შემომიერთდნენ და ისინიც, ვისთანაც გზები გაიყო..
ზოგჯერ გზების გაყოფაც აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარ თავს დისტანციიდან შეხედო, ახლებურად შეაფასო შენი ტრაექტორია და ეძებო ახალი მიმართულებები.. შეეჯიბრო საკუთარ თავს და შექმნა ახალი რეალობა არა მხოლოდ შენთვის, არამედ ზოგჯერ 10 000, ზოგჯერ 70 000 და ზოგჯერ მილიონობით ადამიანისთვისაც კი..
და დამიჯერეთ, ეს დღეც დადგება...
ის, რაც პერსონალური ნდობით და მოტივაციით დაიწყო, დღეს ჩემთვის უკვე სულ სხვა მასშტაბის პასუხისმგებლობებს მოიცავს - ვხედავ, რომ თანამოაზრეებთან ერთად მე ჩვენს სცენას და რაც უფრო მთავარია, ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენ და ამაზე განსაკუთრებული შეგრძნება არ ვიცი, რა უნდა იყოს..
აქ დგომამ არა მარტო საქმის, არამედ ქვეყნის სიყვარულიც სხვანაირად მასწავლა და მიმახვედრა, რომ არცერთი სცენა არ ეკუთვნის მხოლოდ არტისტს, სცენა ეკუთვნის მსმენელს - Starring Georgia-ს სცენა კი გვეკუთვნის ჩვენ, საქართველოს. და დამიჯერეთ, მისი სახელი ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ მთებისა და ოკეანეების მიღმაც გაიგებენ...
ეს ყველაფერი კი ვერ მიიღწევა გუნდური ერთიანობისა და იმ ფარული ენერგიის გარეშე, რომელიც ასეთ სასწაულებს შესაძლებელს ხდის...
ეს არ არის მხოლოდ გართობა, ეს არ არის მხოლოდ კულტურა, ეს არის ფუნდამენტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას თვითმყოფადი და ძლიერი კულტურულ-ეკონომიკური რეალობა ჰქონდეს, რომლითაც სარგებელს ნახავს ყველა, ვისთვისაც ამას ვაკეთებთ...
YE-ს პლანეტაზე ასვლის წინ მითხრეს, რომ ჯერ არცერთი პრომოუტერი არ მდგარა აქ და ამის გამო თავი განსაკუთრებულად უნდა მეგრძნო.. მაგრამ ჩემი სიამაყის მიზეზი სულ სხვა რამეა - მე ვამაყობ ჩემი მეგობრით, ჩემი ოჯახით, ჩემი გუნდით და, რაც მთავარია, ჩემი ქვეყნით, რომელიც ამ პლანეტაზე შეიძლება ერთ პატარა წერტილად ჩანს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდია... და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სხვებმაც დაინახონ...“, - წერს ამიკო ჯანელიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕კეტი პერი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე ბრწყინავდა: FIFA 2026 გრანდიოზული შოუთი გაიხსნა
⭕ არ გირჩევთ: ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ემოციურ დაპირებებს, ქორწილს - 13 ივნისის ენერგიები
🎥 „გული კინაღამ გამისკდა სიხარულისგან“ - ბაბი კირკიტაძე კანიე უესტის გრანდიოზულ კონცერტს ეხმაურება