თმის შეღებვა, ბოტოქსი, ფილერები და ა.შ. დღეს უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით გოგოები (და არამხოლოდ), ამ საკითხს ძალიან ზედაპირულად უყურებს და რეალობის სიღრმეებში ვერ, ან არ ჩადის. მინდა მათ ერთი მცირე, მაგრამ საკმაოდ მწარე რეალობა გავუზიარო.
ცნობილი ფრაზაა - „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ და დამერწმუნეთ, ჩვენს ეპოქაში ეს დიდწილად გამართლებულია, ოღონდ ისეთი მსხვერპლით, რომელზედაც კოსმეტოლოგის კაბინეტში და სილამაზის სალონებში არავინ გელაპარაკებათ. ერთ წამით გავწიოთ სენტიმენტები და გადავდოთ ესთეტიკური, ვიზუალური მხარე, დავივიწყოთ მარკეტინგული ზღაპრები და მკაცრ სამეცნიერო პრიზმაში გავატაროთ ის, თუ რას ვუშვებთ საკუთარ სხეულს უჯრედულ დონეზე.
სანამ უშუალოდ პროცესებზე გადავალ, მინდა თავიდანვე ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან დეტალს - ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის მოვლა და მსგავსი პროცედურების ჩატარება ზოგადად, ჯანსაღად არ შეიძლება. კი, თეორიულად არსებობს ბიოთავსებადი და დახვეწილი ვარიაციებიც, მაგრამ მოდით, ნუ გვექნება ილუზია. დღეს არსებულ მასობრივ ბაზარზე, სასარგებლო და სრულიად უსაფრთხო პროდუქცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. მიზეზი მარტივია - სიხარბე და არაკეთილსინდისირება... მით უმეტეს ნაგავზე მოთხოვნა დიდებულია, და როცა მოთხოვნაა, არავის ადარდებს შენი ჯანმრთელობა, მხოლოდ პირადი ანგარება წერტილი. ასეთი ტექნოლოგიები ულტრა ძვირია და მასობრივი წარმოებისთვის არამოგებიანი. ის, რაც ფართო მასებისთვისაა ხელმისაწვდომი, უმეტეს შემთხვევაში სინთეზური, ქიმიური ნაგავია და რეალურად ჯანსაღი ალტერნატივების პოვნა დღეს ბაზარზე "სანთლით საძებნია".
დავიწყოთ ყველაზე პოპულარულით - ბოტოქსით. ბევრს ჰგონია, რომ ეს უბრალოდ რაღაც უწყინარი, გამაახალგაზრდავებელი "წამალია". სინამდვილეში, ის არის Clostridium botulinum ბაქტერიის მიერ გამოყოფილი ნეიროტოქსინი, ანუ პირდაპირი გაგებით - შხამი. უჯრედულ დონეზე რომ ჩავიხედოთ, მისი მოქმედება ეფუძნება კონკრეტული ცილის, SNAP-25-ის დაშლას.
ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში, ეს ცილა ეხმარება ჩვენს ნერვულ დაბოლოებებს, რომ აცეტილქოლინის (ნეირომედიატორის) გამოყოფით კუნთს შეკუმშვის სიგნალი გაუგზავნოს. როცა ბოტოქსი ამ ცილას შლის, აცეტილქოლინი სინაფსურ ნაპრალში ვეღარ გამოდის. კუნთი სიგნალს ვეღარ იღებს და დგება ქიმიური დენერვაციის, მარტივად რომ ვთქვათ, ლოკალური დამბლის მდგომარეობა.
უბრალოდ "კუნთის მოდუნება", არ გეგონოთ არა. ბიოქიმიური ბლოკადაა... ხანგრძლივი გამოყენებისას ეს ლოგიკურად იწვევს კუნთოვან ატროფიას. გარდა ამისა, მეცნიერულ წრეებში უკვე აქტიურად მიდის დებატები ე.წ. "რეტროგრადული ტრანსპორტის" შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეყვანილი ტოქსინის მცირე ნაწილი, უეჭველი ნერვული ბოჭკოების გაყოლებით პირდაპირ ცენტრალური ნერვული სისტემისკენ გადაინაცვლებს. ჩვენი ორგანიზმი ერთი მთლიანობაა, ეს ხშირად გვავიწყდება...
ახლა რაც შეეხება ფილერებს. მარკეტინგი გამუდმებით ჩაგვჩიჩინებს, რომ ჰიალურონის მჟავა სრულიად "ბუნებრივია", რადგან მას ჩვენივე ორგანიზმი გამოიმუშავებს და ბლა, ბლაა.. ჟღერს იდეალურად, მაგრამ პრიმიტიულად იდეალურად, როგორც ყველა მარკეტინგული აფიორები...
მაგრამ აქ ერთი უზარმაზარი "მაგრააამ" იმალება. იმისთვის, რომ კოსმეტოლოგის მიერ შეყვანილი ფილერი ჩვენმა ორგანიზმმა რამდენიმე დღეში არ დაშალოს, მასში ამატებენ ქიმიურ აგენტებს, სინთეზურ ჯვარედინ კავშირებს, ძირითადად BDDE-ს (1,4-butanediol diglycidyl ether). ეს გახვლავთ სინთეზური ნივთიერება, რომელიც ჰიალურონის მოლეკულებს ერთმანეთთან "აკერებს". შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი ამ ახალ, ლაბორატორიაში შექმნილ სტრუქტურას აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს. წავიდე ომი, ქრონიკული, დაბალხარისხოვანი ანთებითი პროცესი.
ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედები, მაკროფაგები, მიდიან ადგილზე და ცდილობენ ამ უცხო სხეულის შთანთქმას და მოშორებას. რადგან ამას ვერ ახერხებენ, ხშირად მის გარშემო აშენებენ ფიბროზული ქსოვილის კაფსულებს - ყალიბდება გრანულომები. ამას ემატება ლიმფური სტაზი - ფილერმა შეიძლება ფიზიკურად დააწვეს და დაახშოს ლიმფური სადინარები, რაც იწვევს სახის ქსოვილების ქრონიკულ შეშუპებას (რაც ასე ძალიან ეტყობათ ხოლმე ფილერების მომხმარებლებს) და მეტაბოლიზმის სერიოზულ შენელებას კონკრეტულ უბანში.
გადავიდეთ თმის საღებავებზე, რომელიც ბევრისთვის ყოველთვიური, ჩვეულებრივი რუტინაა. თმის საღებავები, განსაკუთრებით კი მუდმივი (permanent) ტიპის, ალბათ ყველაზე აგრესიული ქიმიური კოქტეილებია, რაც კი ადამიანის კანთან შეხებაში მოდის. მათი მთავარი პიგმენტი არის PPD (პარა-ფენილენდიამინი) - ნივთიერება, რომელიც ქიმიაში ცნობილია თავისი მაღალი ტოქსიკურობით და ალერგენულობით.
ბიოქიმიური პროცესი ასეთია: საღებავში არსებული ამიაკი უხეშად ხსნის თმის კუტიკულას, ხოლო წყალბადის ზეჟანგი ოქსიდაციის გზით შლის თმის ბუნებრივ მელანინს. ეს პროცესი წარმოქმნის უამრავ თავისუფალ რადიკალს, რაც უჯრედების ოქსიდაციური სტრესის და დაზიანების პირდაპირი მიზეზია. ნუ დაგვავიწყდება სისტემური გავლენა - სკალპი არის კანი, კანი კი არის ორგანო, რომელიც შესანიშნავად შთანთქავს ნივთიერებებს. PPD-ის და სხვა არომატული ამინების მცირე დოზები პირდაპირ ხვდება ჩვენს სისხლის მიმოქცევაში.
მეცნიერული კვლევები პირდაპირ აჩვენებს მათ კავშირს ენდოკრინულ (ჰორმონალურ) დარღვევებთან და ხანგრძლივი ექსპოზიციისას პოტენციურ გენოტოქსიკურობასთანაც კი, რაც დნმ-ის დაზიანებას ნიშნავს. მერე გვიკვირს რატომ ვართ მონჯღრეულიები, როგორც მენტალურად, ასევე ემოციურად თუ ფიზიოლოგიურად, ჯაჭვიაა ჯაჭვიიი... ყველაფერი კავშირშია. ცნობიერება იმისთვსის გვაქვს, რომ ლამაზებიც ვიყოთ და ჯანმრთელებიც, მაგრამ ამას ღრმა ცოდნა სჭირდება და არა ბრმად მინდობა ვიღაც ქაჯებზე.
და ბოლოს, მივდივართ ყველაზე მთავარ პრობლემამდე, რასაც მეცნიერებაში ბიოაკუმულაცია (Bioaccumulation) ეწოდება. როცა ადამიანი ერთდროულად იკეთებს ბოტოქსსაც, იმატებს ფილერსაც, იღებავს თმასაც, თუ ა.შ. ა.შ. ამას ემატება ყოველდღიური კოსმეტიკაც, რომელიც სავსეა პარაბენებით, კონსერვანტებით და მიკროპლასტიკით - იქმნება ე.წ. "კოქტეილის ეფექტი".
ჩვენი ორგანიზმის დეტოქსიკაციის მთავარი სისტემა - ღვიძლი და თირკმელები, მუდმივად, 24/7-ზე გადატვირთულია ამ სინთეზური ნაერთების დაშლით და გამოდევნით. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხვალვე დაეცემა და დაავადდება, მაგრამ ეს არის მუდმივი, უხილავი ბიოქიმიური წნეხი...
მაღალი მოლეკულური წონის სინთეზური ნაერთების ეს სისტემური დატვირთვა უხეშად არღვევს ბუნებრივ ფიზიოლოგიურ პროცესებს და ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება უჯრედულ რეგენერაციაზე და ორგანიზმის საერთო ჰომეოსტაზზე... რასაც ექიმები ვეღარ გაამოასწორებენ. ამიტომ, ნუ გვექნება ინფანტილური ბავშვური ილუზია, რომ მასობრივი სილამაზის ინდუსტრიის პროდუქტები ჯანსაღია... არა არაა... უბრალოდ ლამაზად შეფუთული ნაგავია. და მთავარი, თუ გავცდებით ვიწრო ხედვას და ფართო პრიზმიდან შევხედავთ, დღევანდელი მომქედებები, შენი მომავლის თაობის გენებში, აუცილებლად გამომჟღავნდება. ნუ გადავიქცევით სინთეთიკებად...
ვისაც რა უნდა, ის ქნას, არჩევანის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ სანამ სხეულში მორიგ სინთეტიკებს შეიყვანთ, სასურველია ზუსტად იცოდეთ, რა ბიოქიმიურ ომს იწყებთ საკუთარ ორგანიზმთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ინექცია თუ თვითმოვლა? სად გადის ზღვარი და რატომ არის კრიტიკა არაჯანსაღი - ფსიქოლოგის განმარტება
⭕„არ გაუშვათ ეს შანსი, გადაწერეთ თქვენი ფინანსური ბედისწერა!“ - ეზოტერიკოსის მიმართვა