Digest Logo

„მუსიკამ არაერთხელ გადამარჩინა და დარწმუნებული ვარ, მისით უკეთესი ადამიანი ვარ“- რას წერს ლევან შელეგია

1768978250
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მუსიკის თერაპიული მნიშვნელობის შესახებ წერს:

„რამდენჯერ გადაურჩენიხართ მუსიკას? რამდენჯერ მოგფერებიათ, ნუგეში მოუცია საყვარელ სიმღერას, სონატას, სიმფონიას, მელოდიას?

მუსიკა, ყველაფერთან ერთად, იყო და არის სტუმართმოყვარე თავშესაფარი, - რაც არ უნდა მოხდეს, ვიცი, რომ წავალ მუსიკის მიკროკოსმოსში და შევუერთდები საზრდოობის ტრანსცენდენტულ ჭიპლარს.

თუნდაც ის, რომ მუსიკას თავისი ენა, ანბანი აქვს, აადვილებს ამ ხშირად ექზისტენციალურ მეტამორფოზას.

ის ფაქტიც, რომ მუსიკის სამყარო დიდწილად ნონვერბალურია, გეხმარება, განერიდო სიტყვიერ ტყვეობას.
რატომღაც ცხოვრების დიდი ნაწილი მიმაჩნდა, რომ უნდა მესწავლა მედიცინა, გავმხდარიყავი ექიმი და მხოლოდ ასე მეკეთებინა ნამდვილად ღირებული საქმე; მუსიკოსობა ეგოისტურ-ნარცისტული ფუფუნება და უაზრო ახირება მეგონა.

ასე მეგონა, ვიდრე ცხოვრების ქარტეხილებთან შერკინებულს, ხანდახან დაჭრილსაც, დღის ბოლოს ყველაზე ეფექტურად ისევ მუსიკა მიყუჩებდა ტკივილს, მამშვიდებდა, მანუგეშებდა, შემართებას მაძლევდა. პალიატიური მედიცინის განყოფილებაში მუშაობისას ბოლომდე დავრწმუნდი მუსიკის უკიდეგანო თერაპიულ პოტენციაში.

ძლიერ ტკივილს პაციენტებს ხანდახან ჩემი დაკრული ან ნამღერი ბნელი დერეფნის ასაწყობ, შავ პიანინოზე ისე უყუჩებდა, რომ მორფინის თუ ჰიდრომორფონის სწრაფი კანქვეშა ინექცია ზედმეტი ხდებოდა; ან 5 მგ ნაცვლად 2,5 მგ. მორფინიც კარგად თიშავდა მღრღნელ ტკივილს. მუსიკამ მე არაერთხელ გადამარჩინა და დარწმუნებული ვარ, რომ მისით უკეთესი ადამიანი ვარ, ვიდრე ვიქნებოდი მის გარეშე.

მჯერა, თუ შემოვუშვებთ ყველანი მუსიკის სიწრფელეს, მის სიკეთეს ჩვენს ცხოვრებებში, ნაკლებად დამანგრევლები და აგრესიულები ვიქნებით. ამის მართლა ისეთივე მტკიცე, მიამიტური დარწმუნებით მჯერა, როგორც დიდთვალება ბავშვს თოვლის ბაბუის სტუმრობის ახალი წლის ღამეს.

ამ სურათზეც ბავშვივით ვარ გახარებული…მუსიკასა და აუდიტორიის შორის განმარტოების ინტიმური, საკრალური პრივილეგიით განუზომლად და უპრეტენზიოდ ბედნიერი. უკლებლივ ყველას გისურვებთ ასეთ ბედნიერებას!“, - წერს ლევან შელეგია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო საამაყო შვილო, შენ ხარ მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი...“ - ილია თოფურია იუბილარია

⭕„იდეალურია დიეტის დაწყება“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით