კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი 16 აპრილს კლუბში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
🔵ნაჯა ორაშვილი: 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც BASSIANI-ს თანამშრომლები დაჭრა
„როგორც პასუხისმგებელი პირი, რომლის ინიციატივით და უშუალო ჩართულობით მოხდა Horoom Femme - Lesbian * Resistance ღამის ჩანიშვნა, ვეხმიანები წვეულების მონაწილე არტისტებისა და ქვიარ თემის წარმომადგენლების მიერ გამოხატულ წუხილებს.
პირველ რიგში, კარგად მაქვს გააზრებული, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც ქვიარ თემში განხეთქილებას იწვევს, დამაზიანებელია ისევ თემისთვის, განსაკუთრებით ისეთ მწვავე პოლიტიკურ ველში, სადაც მაღალია საფრთხეები მათ წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პროცესებში მონაწილეობის მიღება არ მსურს, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ანგარიშვალდებული ვარ ნათელი მოვფინო წვეულების გარშემო მიმდინარე ვნებათაღელვის მიზეზებს.
ჩემი ღირებულებები, მიზნები და პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა თანასწორობის, სოლიდარობისა და ზრუნვის იდეებს და ის არასდროს ყოფილა საზოგადოების რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული. ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია და არა სეპარაციაში, საზოგადოების რომელიმე ჯგუფთან ან ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში.
რა თქმა უნდა, ყველა ჯგუფი თავისუფალია აირჩიოს საკუთარი ბრძოლის გზა, ფორმა და შინაარსი, და ამ შინაარსზე შეთანხმების მიუხედავად, ეს არ ავალდებულებს სხვა ჯგუფებს, რომ უპირობოდ გაიზიარონ ეს გზა. მჯერა, რომ არცერთი სხვა ჯგუფის ბრძოლა ერთმანეთს არ უნდა მიემართებოდეს, რადგან ზუსტად ეს ასხამს წყალს სისტემის წისქვილზე.
საკუთარ სხეულზე მაქვს გამოცდილი პატრიარქატის მარწუხები და ყველა ის ჩაგვრა რაც ქალებს გვაერთიანებს და მისგან გათავისუფლების გზაზე არაერთი წინააღმდეგობა გადამილახავს, თუმცა ჩემს პირად მონაპოვრად მიმაჩნია, რომ მძიმე გამოცდილებების მიუხედავად, არ დამიკარგავს ადამიანების რწმენა და საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ამ პროცესში მთავარი არა მტრების, არამედ თანამოაზრეების ძიება და ერთმანეთის გაძლიერებაა.
სწორედ ამ სულისკვეთებით დაიგეგმა Horoom Femme, რომელიც უკვე მესამედ უნდა გამართულიყო და ქცეულიყო ქალთა ერთიანობისა და სოლიდარობის კიდევ ერთ დღესასწაულად. ამ ღამეს სულმოუთქმელად ველოდებოდით, თუმცა, სამწუხაროდ, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა.
16 აპრილს იგეგმებოდა Horoom Nights ქვიარ წვეულება, რომელიც უკვე მე-7 წელია ტრადიციულად ემთხვეოდა აღდგომის ღამეს. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი წვეულების შინაარსი შეგვეცვალა და ეს ღამე სრულად დათმობოდა ქალებს.
23 მარტს პირადად დავუკავშირდი ამ სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ, ძვირფას, ქვიარ და ფემინისტ არტისტ ქალებს და მოვიწვიე, რომ ჩართულიყვნენ და ყოფილიყვნენ ამ წვეულების მთავარი გზავნილის, შინაარსის და თავგადასავლის შემოქმედები.
26 მარტს Horoom Femme-ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გამოთქვა სურვილი, რომ პერფორმანსის კონცეფციის შემუშავებაში ჩართულიყვნენ “ლესბოსური * წინააღმდეგობის” ჯგუფი ქუთაისიდან და ბათუმიდან, რაზედაც უპირობო ნდობა და თანხმობა გამოვუცხადე.
ამ წვეულების განთავსება, სოციალურ ქსელებში ტექნიკურად ჩემი მხრიდან მოხდა, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ არ ჩავრეულვარ წვეულების ანონსის ტექსტის შინაარსობრივ ნაწილში და ვიზუალური მხარეც “ლესბოსური * წინააღმდეგობის” ხედვების სრული გათვალისწინებით გადაწყდა.
ანონსამდე, თანაორგანიზატორს გავუზიარე ყველა დეტალი, რაც ღამის სრულფასოვნად ჩასატარებლად იყო საჭირო, მათ შორის წვეულებაზე დასაქმებული ქალების შესახებ და ერთი დღით, პირადი მიზეზით დავტოვე ქალაქი, რის გამოც შეზღუდული მქონდა წვდომა საკომუნიკაციო საშუალებებთან. შესაბამისად, ერთი დღის დაგვიანებით შევიტყვე, რომ არტისტები საერთო მიზეზებით პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ დაკვრაზე. მუშაობაზე უარი განაცხადეს კლუბში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულმა ქალებმაც. ამ სფეროში ჩემი 20 წლიანი გამოცდილების მანძილზე, ეს არის პირველი, და იმედია უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასეთი ფაქტის წინაშე დავდექით.
არტისტებთან და კლუბში დასაქმებულ ქალებთან კომუნიკაციისას გაირკვა, რომ მათ ჰქონდათ პროტესტი წვეულების შინაარსობრივ მხარესთან, ხოლო Horoom Femme თანაორგანიზატორთან პირდაპირი კომუნიკაციისას, მათი წუხილების გათვალისწინებისა და პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად, მეორე დღეს დამხვდნენ შეურაცხყოფილი და ატირებული არტისტები, რომლებიც მოხსენიებულები იყვნენ, „ანტიფემინისტებად”, “Gender Blind-ებად”, და „ფემინისტური ცნობიერებისგან დაცლილებად“.
ამასთანავე, ვიღებდი უამრავ პირად შეტყობინებას ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანებისგან, რომლებიც თვლიდნენ, რომ წვეულების ანონსში მათ მიმართ გამოყენებული ფორმულირება “We, women, trans and non-binary people who have been assigned female at birth” იყო შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული. მიუხედავად იმისა, რომ წვეულების ანონსის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ რადგან ჩემი თანხმობით დაიდო ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებს ამ სრულიად გაუმართლებელი შინაარსის გამო.
როდესაც ელექტრონული მუსიკის ადგილობრივ სცენაზე საუბრისას ადამიანები უაპელაციო მტკიცებებში შედიან, მინიმალურ ცოდნას მაინც უნდა ფლობდნენ ადგილობრივი სცენის შესახებ.
საბედნიეროდ, ამ ქვეყნის ყველაზე ღირებულ და მნიშვნელოვან საკლუბო სივრცეებს მართავენ ჩემთვის ძვირფასი, სამაგალითო და საამაყო ქალები, მათ შორის ქვიარი და ფემინისტი ქალები, მათ შორის ქალები პერიფერიიდან და მთელი ამ წლების განმავლობაში საკლუბო სივრცესა და მის მიღმა ჩვენს საერთო მიზანს ქალების და ქვიარ თემის უპირობო გაძლიერება წარმოადგენს.
17 მაისის და 5 ივლისის ქვეყანაში, სადაც თემი ემიგრაციის შედეგად იცლება, ქვიარ თემის თითოეული წევრის გამოჩენა კლუბში პირადად ჩემთვის კიდევ ერთ გამარჯვებასთან ასოცირდება. Horoom Nights-ის დაარსების იდეაც 17 მაისის შემაძრწუნებელ მოვლენებს მოჰყვა. ამ გამოცდილებით ტრავმირებულმა ადამიანებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან საცეკვაო მოედნებზე დაიწყეს შეკრება და იპოვეს უსაფრთხო თავშესაფარი. ამ ღამეებზე საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებმაც იპოვეს ახალი მეგობრები და საერთო სიხარულით მიღწეული ბედნიერება.
უხერხულია საუბარი, თითქოს ქალებს პერიფერიიდან არ ეძლევათ კლუბში მოხვედრის საშუალება, როცა კლუბში დასაქმებულთა უმრავლესობა და მოცეკვავეთა დიდი ნაწილი სწორედ პერიფერიიდან არის.
სრულად ვიზიარებ თემის წევრების წყენასა და გულისტკივილს Horoom Femme-ს ერთ-ერთი ორგანიზატორის მხრიდან გაზიარებულ ტექსტზე, სადაც საცეკვაო სივრცის „გეი დომინაციისგან“ დაცლაზე საუბრობს. ჩემი აზრით, ყოველგვარი კვლევისა და ადგილობრივი, ჰომოფობიური გარემოს და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, საკლუბო სივრცეებში „გეი დომინაციაზე” საუბარი არის საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის სისტემის მიერ აშენებულ კედელზე კიდევ ერთი აგურის დადება.
ჩვენ წლების მანძილზე ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ამ სივრცეებზე წვდომა ჰქონოდა ლგბტქი+ ჯგუფის ყველა წევრს. მჯერა, რომ უთანასწორო გარემო სწორედ ამ ქალების გაძლიერებით უნდა აღმოიფხვრას, და არა მათი დამცირებით, შეურაცხყოფითა და მათი ნების უგულებელყოფით!
სამწუხაროდ, Horoom Femme-ს თანაორგანიზატორთან ჯერ კიდევ 21 მარტს დავასრულე ურთიერთობა, მას შემდეგ რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საჯაროდ გვდებდა ბრალს, რომ ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის შიში ჰქონდა ჩვენი მხრიდან. ამ ღირსებისშემლახავი ცილისწამების მიუხედავად, გადავაბიჯე საკუთარ თავს, რადგან მჯეროდა, რომ ქალებისთვის მიძღვნილი ღამე გაცილებით ღირებული იდეა იყო, რომლის გამოც, კიდევ ერთხელ ღირდა ამ ადამიანთან კომუნიკაციის გაბმა, რათა საზოგადო მიზნები არ დაზარალებულიყო.
საკლუბო სივრცეები თავისი არსით არის პოლიტიკური, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ეს არის მუსიკალური სივრცე, სადაც მუსიკა, შესაბამისად არტისტის თავისუფალი ნება ყველაზე მეტად მნიშვნელობას, და როცა არტისტი პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს დაკვრაზე, ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი სიტყვა გადამწყვეტია, ხოლო მათი სხვა არტისტებით ჩანაცვლების იდეა, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი.
რაც შეეხება ბრალდებას, რომ კლუბი არტისტებს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, ეს არის პირველ რიგში ამ ქალი არტისტების შეურაცხყოფა და იმის უარყოფა, რომ მათ აქვთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, პროტესტისა და თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა.
კატეგორიულად ვემიჯნები ყველა იმ გზას, რომელიც გაერთიანების და გაძლიერების ნაცვლად დაფუძნებულია კონფრონტაციასა და თემის წევრების ერთმანეთზე წაკიდებაზე.
გამოვხატავ გულწრფელ სინანულს არტისტების, კლუბის ოჯახის წევრების, ქალებისა და ქვიარ თემის წინაშე, რადგან ვგრძნობ, რომ წარმოჩენილმა შინაარსმა სამართლიანად გაანაწყენა ადამიანები და პირველ რიგში, იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად არიან სისტემური წნეხის, გარიყვის, მარგინალიზაციისა და დემონიზაციის მსხვერპლი.
ბოდიშს ვუხდი ყველა ქალს, მათ შორის გულწრფელ ბოდიშს ვუხდი Ana Marjanidze, Sophie Phare, Mariam Kvirikashvili Sofio McQueen Anya Kopaleishvili რომელიც განსაკუთრებულად ემზადებოდა და პირადად ვპირდები, რომ ეს ღამე აუცილებლად გაიმართება უახლოეს მომავალში, როგორც ქალთა სოლიდარობისა და ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.
P.S. 25 წელზე მეტია ყოველ პარასკევს და შაბათს საკუთარი სხეულით ვარ წარმოდგენილი საცეკვაო მოედანზე, სადაც, სამწუხაროდ თქვენ ვერც მაშინ გხედავდით და ვერც ახლა, ვინც ცდილობთ ქალებს წაგვართვათ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი“, - წერს ნაჯა ორაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: