მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, სოციალურ ქსელში გულახდილ ვიდეოს აქვეყნებს და საუბრობს თავისი ყოველდღიური ცხოვრების დატვირთულ გრაფიკზე. ნინო აღნიშნავს, რომ დეკრეტიდან გამოსვლის შემდეგ ერთდროულად რამდენიმე თეატრში მუშაობს, ხოლო მისი შვილი, პატარა რონი, დედისა და დეიდის დახმარებით იზრდება.
„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მრჩება საკუთარი შვილისთვის და ამას ძალიან განვიცდი. დედაჩემი ფაქტობრივად ზრდის ჩემს შვილს და უზარმაზარ ენერგიას ანაწილებს მის აღზრდაზე. ჩემთვის ეს ფსიქოლოგიური ბარიერია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია.
..არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა მართლა ორმაგი პასუხისმგებლობაა. გინდა, არ გინდა, უნდა შეითავსო როგორც დედის, ისე მამის როლი. სახლში როცა მოვდივარ, მიწევს უამრავი რუტინული საქმიანობის ერთდროულად შესრულება – საკვები, წყალი, საფენები, მძიმე პარკები… ხშირად დედა იღებს მეტს საკუთარ თავზე.
12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დედა მარტო დარჩა ორი შვილით. იმ გაჭირვებულ პერიოდში რომ არ გატყდა, განათლებაც მოგვცა, არ დაგვაკლო ყურადღება, რაღაცნაირად ერთმა ქალმა, მუსიკის მასწავლებელმა რომ ეს მოახერხა, და დღეს ამ ასაკში იმასაც რომ ახერხებს, რომ ჩემს შვილს ზრდის, ამას რომ ვუყურებ, უბრალოდ არ მაქვს უფლება, სადმე წავიქცე და გავტყდე. არ მაქვს უფლებაა, ვიწუწუნო, ისეთი მაგალითია ჩემ თვალწინ, სულ მაძლევს სტიმულს, მეტი და მეტი გავაკეთო“,- ჰყვება ნინო მუმლაძე.



