მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მას „არალეგალს“ უწოდებენ და წერენ, რომ ქვეყნიდან უნდა გააძევონ.
„გამარჯობა, მე ვარ ნინი შერმადინი, უკვე 14 წელია, რაც ამერიკაში იმიგრაციაში ვცხოვრობ. მეც რიგითი ემიგრანტი ვარ, მეც გამიჭირდა აქ თავის დამკვიდრება.
მინდა მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას, რომელმაც მიმიღო და მომცა ექსტრაორდინარული ტალანტით დაჯილდოებული ადამიანებისთვის განკუთვნილი „მწვანე ბარათი“.
დღეს უკვე ვარ ამერიკის მოქალაქე.
ეს ქვეყანა არის ჩემთვის მეორე სამშობლო, რომელმაც გამზარდა, მიმიღო, ძალიან ბევრი კარი გამიღო, მასწავლა, ბევრი უნარი აღმომაჩენინა საკუთარ თავში. ბევრი სასწაული მოხდა ჩემს თავს, ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე.
დღეს უკვე სამ შტატში მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია. 80 ბავშვზე მეტია ჩემთან და ყველამ იცის ქართული ენა, ქართული სიმღერა, ქართული ჰიმნი, მათგან რამდენიმე უცხოელია - ვესაუბრები ქართულად, ვცდილობ, ვასწავლო ქართული სიმღერები. უცხოელებს მინდა ვაჩვენო, რომელი ქვეყნიდან ვარ, შევაყვარო ჩვენი კულტურა. ამას მთელი გულით ვაკეთებ, რადგან მე ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო მიყვარს და მენატრება.
ყველა დღე, რაც ემიგრაციაში მაქვს გატარებული, ღმერთის წინაშე ვამბობ, ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე, როგორ დავეხმარო, როგორ მოვეფერო.
ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს. ამ დროიდან მომყვებიან მე ჩემი უძვირფასესი მეგობრები. მაშინ არ იყო არც შური, არც ბოღმა, არც პოლიტიკა იდგა ჩვენ შორის. მე დავიტოვე ეს გრძნობა, რომ ისინი ისევ ისე სუფთა გულით მიყვარდეს, მიუხედავად იმისა, ემთხვევა ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები თუ რა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კომენტარები, რომ მე ამერიკაში ვარ არალეგალურად, რომ უნდა გამაგდონ ქვეყნიდან. ერთ-ერთმა ქალმა ნიუ ჯერსის პოლიციაც „დათაგა“, გააგდეთ ამერიკის „ჰეითერი“ აქედანო. რა ეპითეტებით მამკობენ, ამაზე საუბარს არ დავიწყებ - „ორთოდოქსი“, „ქოცი“, „უნამუსო“... - არ ვიცი, რატომ. იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს წარმატება ვუსურვე კონცერტის ორგანიზებაში, არ გავლანძღე, არ დავაბულინგე.
სრული უფლება გაქვთ, არ მოგწონდეთ, არ მომისმინოთ, ჩემს შეხედულებებს არ ეთანხმებოდეთ...“, - ამბობს ნინი შერმადინი ვიდეომიმართვაში.