Digest Logo

„ნუცა, ნუ სპეკულირებ ჩვენი ოჯახის ტკივილით!“ - ირინა ბათიაშვილი ნახევარ დას, ნუცა ბათიაშვილს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს

1752573545
ირინა ბათიაშვილი

სამართლის დოქტორი ირინა ბათიაშვილი მწვავედ პასუხობს ნახევარ დას, ნუცა ბათიაშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში ირაკლი ბათიაშვილის საქმე ზურა ჯაფარიძის საქმეს შეადარა. ირინა ნუცას მათი „ოჯახის ტრაგედიის“ სპეკულაციაში ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ იმ დროს, როცა ირაკლი ბათიაშვილი პატიმრობაში იმყოფებოდა, თავად ნუცა არ გამოჩენილა არც სასამართლო პროცესებზე და არც ციხეში მამის სანახავად.

ირინას მტკიცებით, ნუცას არ აქვს მორალური უფლება გამოიყენოს მათი „ოჯახის ტრაგედია“ პოლიტიკური შედარებებისთვის და უფრო მეტიც, მოუწოდებს მას, უარი თქვას მამამისის გვარზე.

„ნუცა, არ გაბედო მამაჩემის დაჭერის და ჩემი ოჯახის დევნის პერიოდის ხსენება!

როცა მჭირდებოდა (მე არასრულწლოვანს პატარა ბავშვს) და გთხოვე გვერდში დამდგომოდი, გებრძოლა ჩემთან ერთად, დაიკარგე!

ერთი წერილი არ მიგიწერია მამაშენისთვის ციხეში და ერთ სასამართლოს არ დასწრებიხარ!

რა უნდა გელაპარაკო?!

ახლა ბედავ და სპეკულირებ ჩვენი ოჯახით! არ გამოგივა! როგორ ბედავ, რომ ადარებ ამ სიტუციას?!

სად მიჰყავდათ და მოჰყავდათ ირაკლი?? მამაჩემი საკუთარი მამის გასვენებაში არ მოიყვანეს და გზიდან მიაბრუნეს ციხეში იმ არაადამიანმა „ნაცებმა“ ვის გვერდითაც ასე ბედნიერი დგახარ!

ირაკლის საკუთარი მამის დამარხვის და ბოლო გზაზე გაცილების უფლება არ მისცეს „ნაცებმა“ და აქ ვინც ამით ხარობთ, ღმერთმა გაგცეთ პასუხი ყველას! მამაჩემი მაშინ მეშვიდე საპყრობილის ჯურღმულში ჰყავდათ გამომწყვდეული, რომელთანაც შედარებით ახლანდელი ციხეები ოაზისია!

მარტო საბჭოთა კავშირის და ტოტალიტარულ რეჟიმებს ჰქონდათ ის აბსურდული მუხლი, რითაც ირაკლი გაასამართლეს: ინტელექტუალური დახმარება ამბოხებაში, ამ მუხლით გაასამართლეს ირაკლი (შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის არ გაუსამართლებიათ) - ეს იყო აბსურდული, მოგონილი და შეთითხნილი ბრალდება და შენ, ნუცა, ხარ სამარცხვინო და მატყუარა ქალი, რომელიც შენი გამზრდელი ბებიის, მამაჩემის დედის, რომელიც გადაგყვა მთელი ბავშვობა, პანაშვიდებზეც კი არ მოხვედი. გაოგნებული დარჩა მთელი საზოგადოება შენი ასეთი არაადამიანობით.

ამ ადამიანს, რომელიც ასე უსირცხვილოდ იტყუება და თან მამაჩემის გვარს ატარებს ასე გავცემ პასუხს: ირაკლი პოლიტიკურ პატიმრად მთელმა საქართველომ, amnestry International-მა, human rights watch-მა, ყოფილმა დისიდენტებმა და მათ შორის ბუკოვსკიმ აღიარა.

ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ბათიაშვილი იყო უსამართლოდ გასამართლებული! მამა რომ გაყალბებული და დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერით დააპატიმრეს - ეს სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშიც წერია და ისიც მითითებულია, რომ ამ ჩანაწერითაც არ დგინდებოდა მისი დამნაშავეობა.

ამდენი წელი გავიდა და შენი უსაქციელობა, რაც საერთოდ იკადრე არსად მითქვამს, მაგრამ მართლა შენს უზნეობას საზღვარი არ აქვს! გულის ამრევია შენი სახედაკარგულობა და უსინდისობა.

სამწუხაროა და მეცოდები, რომ ბათიაშვილების არაფერი გცხია. თუ შენი უზნეობა იქამდე მივიდა რომ მამაშენი დამნაშავედ მიგაჩნია, როდესაც ის მთელ საქართველოს, ეკლესიას და საერთაშორისო საზოგადოებას პოლიტიკურ პატიმრად და უდანაშაულოდ მიაჩნდათ - ნუცა, ჩემი მოთხოვნაა, თუ ოდნავ მაინც თავმოყვარეობა შეგრჩა უარი თქვი მამაჩემის გვარზე (რატომ ატარებ მამაჩემის გვარს? ეტყობა კარგად იყენებ, სადაც გჭირდება)“,- წერს ირინა ბათიაშვილი.

ცნობისთვის: ნუცა ბათიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ზურა ჯაფარიძის ახლანდელ მდგომარეობას ირაკლი ბათიაშვილის პატიმრობის პერიოდს ადარებს. მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე, რომელიც ამჟამად დაკავებულია, მხოლოდ 20 წუთით მიიყვანეს დედის სამძიმარზე, მაშინ როცა ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში იხდიდა სასჯელს, შესაძლებლობა მისცეს, მთელი დღე დარჩენილიყო გარდაცვლილი მშობლის პანაშვიდზე.

ზურა ჯაფარიძე დაკავებულია მას შემდეგ, რაც არ გამოცხადდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ მას 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ჯაფარიძემ გირაო შეგნებულად არ გადაიხადა, რის გამოც იგი დააკავეს.