Digest Logo

„ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა... დედაენა წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს, ჩემი დედა ვაჩუქე და მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე“ - ნოდარ დუმბაძე დედაენაზე

14 აპრილი 5:03
დედა ენის დღე

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლის ღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო.

ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, „დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ  მწერალ ნოდარ დუმბაძის მოგონებას დედაენაზე.

„14 აპრილი დედა ენის დღეა!

ნოდარ დუმბაძე.

ჩემს ოჯახში ერთი უძვირფასესი წიგნი ინახებოდა. ეს წიგნი გოგებაშვილის „დედა ენა“ გახლდათ, რომლითაც დედაჩემი სწავლობდა და რომელსაც მე მიკითხავდა ბავშვობაში, ვიდრე სკოლაში წავიდოდი. იმიტომ კი არა, რომ დედა ენის გაჭირვება იყო ჩვენს ოჯახში, არა იგი შელოცვილი აკვანივით გადადიოდა მამიდან შვილზე და ისე იყო გაცრეცილი, ფურცელ-ფურცელ დაშლილი და ათასჯერ დაკაბადონებული, რომ ძალაუნებურად მოითხოვდა უაღრესად სათნო მოპყრობას.

სწორედ ეს „დედა ენა“ წავიღე თან, ქართველ მწერალთა ჯგუფთან ერთად თურქეთში რომ გავემგზავრე.

ქალაქ ბურსაში ერთი შავთვალწარბა ბიჭი მომიახლოვდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა და ნაფოტივით თხელი იყო, ეკალათი და ცივი მჭადით გაზრდილ გურულ ბიჭს ჰგავდა და არც მოვტყუებულვარ.

გურჯი ვარ! - მითხრა.

თარჯიმანი გვეხმარებოდა საუბარში.

- ქართული რატომ არ იცი? - ვუსაყვედურე.

- ნენეი მომიკვდა! - იმართლა თავი.

ეს ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა.

სასტუმროში წავიყვანე და ის ჩვენი ოჯახის განძი „დედა ენა“ ვაჩუქე.

- შენია, წაიღე, ოღონდ ისწავლე - ვთხოვე.

თავი დამიქნია, გამიღიმა და წაიღო, წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ჩემი დედა ვაჩუქე და მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე“.

 ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „ჩემთან მოვიდა გიორგი დანელია და მითხრა - მე მინდა კინოში გადაგიღო, შენ მინდა იყო ციცინო...“ - რას იხსენებს ია ნინიძე

⭕„აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, დიაგნოზი - კიბო... თუმცა მე დავამარცხე, დიდმა სიყვარულმა დამამარცხებინა“ - ია ნინიძე

⭕„მათი პირველი ცეკვა“ - ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს