ჟურნალისტი ზურაბ ბაუჟაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ამ საღამოს ქუთაისიდან ბათუმში მიკროავტობუსს გამოვყევით.
სამტრედიის ხიდი რომ გადმოვიარეთ, კოპიტნარის აეროპორტიდან თვითმფრინავი აფრინდა და სამხრეთით აიღო გეზი. ჰოდა, იმას ლანჩხუთში გავუსწარით.
გვიმბალაურში რომ ითხოვდა, ის მგზავრი სუფსასთან ჩამოვსვით და ჩანთა რომ მივაწოდეთ, გრიგოლეთში დავარდა.
ორჯერ ძაღლს დაეჯახა ისე, რომ ხმა ჩოხატაურში გაიგონეს და გადმოგვძახეს - ნელა ბიო, ნელაო.
ღერძულა ხაზზე ერთხელ ძროხას კი ააშორა, მაგრამ სამაგიეროდ აკაციების ხეივანში გველივით გაძვრა და ვიღაცის ეზოში მკვეთრად მოუხვია, ჭიშკრიდან ვეღარ მოუსწრო და ვიღაცის საძროხეს ისე ახლოს ჩავუქროლეთ, რომ შესასვლელთან მდგომ ხბოს ფანჯრიდან ზურგზე ხელი გადავუსვი და ლიმონის მოწყვეტაც მოვასწარი.
ქობულეთში, „ჯორჯიან პალასთან“ აღმოაჩინეს რომ ნომერი აღარ ჰქონდა და უკან მივბრუნდით. ნატანების ხიდთან ვიპოვეთ და წამოვიღეთ და ისე გამოვფრინდით, რომ უკან შენახული ნაზის ზურგჩანთა წინ დადებული ჩემი ჩანთიდან ამოვიღე.
ბამპარი, „სტოპი", სარკე და ერთი-ორი დეტალი მივფანტ-მოვფანტეთ ჰაერში. მე ქობულეთში ჩამოვდიოდი, მაგრამ ჩაქვიდან მოვედი ახლა სახლში. ზოგადად, ქუთაისი-ბათუმი 2:30 წუთს ანდომებს გადაადგილებას. ამ მძღოლმა 48 წუთში ჩაგვატია. მგზავრობის დროც შეამცირა და ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ნერვიულობით“, - წერს ზურა ბაუჟაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავე ნინო კირვალიძე გარდაიცვალა
🔵ვინ არის ქალი, რომელიც თავს „გეპეის“ დეკანად ასაღებდა - პროკურატურა დაზარალებულებს ეძებს