როგორ დაიწყო ისრაელში მოვლენები?
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები 7 ოქტომბერს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია, სულ მცირე, 2 315.
აღნიშნულ პროცესებს სოციალურ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი თამარ ჯაყელი ეხმაურება და წერს, რომ „ჰამასის“ მებრძოლების ქმედებები ტერორიზმია. მისი განმარტებით, კვლევები ამბობს, რომ პალესტინელი ხალხი მშვიდობის მომხრეა.
„გეოპოლიტიკურად რომ შევხედოთ, ჰამასის დარტყმა ისრაელზე ირანის, რუსეთის, ჩინეთის და ანტიდასავლური ძალების ინტერესებში შედის, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დათბობა შეინიშნებოდა, ამერიკის მხარდაჭერით.
რეალპოლიტიკის მიხედვით, თუ რუსეთის დასუსტება გვინდა და შესაბამისად ძლიერ დასავლეთს და საქართველოს ევროატლანტიკურ გეზს ვუჭერთ მხარს, მაშინ ცხადია, რომ ისრაელი ჩვენი მოკავშირეა.
ეს გეოპოლიტიკური და პრაგმატული პერსპექტივები რა თქმა უნდა ლიმიტირებულია. არსებობს ეთიკური, იდეოლოგიური, ისტორიული და სხვა შრეები, რომლებიც ასევე განაპირობებს რომელიმე მხარისადმი სოლიდარობას.
ფაქტია, რომ პალესტინელ ხალხს უსამართლო, უთანასწორო, აპართეიდულ პირობებში უწევს ცხოვრება. ფაქტია, რომ პალესტინელი ბავშვებიც ხშირად იხოცებიან.
ფაქტია, რომ პალესტინელი ხალხის ხმები იშვიათად თუ ისმის საერთაშორისო ასპარეზზე.
რა უნდა პალესტინელ ხალხს? კვლევები გვეუბნება, რომ მეტი და მეტი პალესტინელი უჭერს მხარს მილიტანტურ სტრატეგიებსა და დაჯგუფებებს.
ჰამასის მხარდაჭერაც გაზრდილია მოსახლეობაში. შემცირებულია რწმენა, რომ ისრაელისა და პალესტინის თანაარსებობა (two state solution) შესაძლებელია. ეს ყველაფერი ძალიან საგანგაშოა.
პალესტინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა ბევრი წელია მაქვს, თუმცა ვერ ვხვდები, რანაირად დაეხმარება მას ჰამასი. პირიქით, ჰამასის დარტყმა ისრაელზე სავარაუდოდ პალესტინელ ხალხს კიდევ უფრო დააზარალებს, როგორც ფიზიკურად, ასევე რეპუტაციულად (უკვე ვხედავთ, რომ ყველა პალესტინელს ტერორისტად აღიქვამს საზოგადოება).
ვფიქრობ, რომ პალესტინის დეოკუპაცია მისი ჰამასისგან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს, თუმცა ამას უნდა დაემატოს რეალური მონდომება საერთაშორისო საზოგადოების და ისრაელის მხრიდან, რომ მშვიდობა და სამართლიანობა დამყარდეს რეგიონში. ამის პერსპექტივასაც ჯერ ვერ ვხედავ.
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი ალბათ მსოფლიოში ყველაზე რთული, მრავალშრიანი კონფლიქტია. რეგიონის ექსპერტებიც დაბნეული არიან. ბევრად მეტი კითხვა მესახება პირადად მე, ვიდრე პასუხი.
ამ დღეებში, ჩემი სოლიდარობა მშვიდობიან მოსახლეობას ორივე მხარეს, რომელთაც შიშისგან თავისუფალი, თანასწორი თანაცხოვრება სურთ. ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ მშვიდობიანი გამოსავლის პოვნის იმედი. არ ვიცი, ოდესმე გამართლდება თუ არა ის.
ჩემი თანაგრძნობა ყველას, ვისაც ეს დღეები ფიზიკური საფრთხე ემუქრება. მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ ამორჩევა სამიზნედ გაუმართლებელია.
ამ დღეებში ჰამასის მებრძოლების ბარბაროსული ქცევა ნამდვილად ტერორიზმად შეგვიძლია მოვიხსენიოთ“,- წერს თამარ ჯაყელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 რას ჰყვებიან ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებული „გორდელას“ წევრები
🔵„მძიმე ღამეს ველოდებით, დააფასონ საქართველოში მშვიდობა“ - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი