„ერთხელ ქალი რეკავდა კლინიკაში, ბავშვი უნდა მოვიყვანო კონსულტაციაზე და ანალიზებზეო. ცოტა ხანში დარეკა, ძალიან გაჭირვეულდა და ვეღარ წამოვიყვანეო და მეორე დღისთვის გადადო ვიზიტი. ექთანს ვუთხარი, სათამაშოები მოამზადე და მულტფილმები ჩაურთე მონიტორზე, რომ გავართოთ -მეთქი და არ ვაჭარბებ, ამ ქალბატონმა 40 წლის მამაკაცი მოგვიყვანა ვიზიტზე“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უცნაურ შემთხვევებს იხსენებს.
„ჩვენთან ძალიან მიღებულია პაციენტთან ერთად ერთი ან რამდენიმე თანმხლები პირის დასწრება ექიმთან ვიზიტზე. ეს, გარკვეულწილად, ადამიანების ურთიერთანადგომის გამოხატულებაა და პაციენტის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ზოგჯერ სერიოზული უკუჩვენებებიც აქვს.
მაგალითად, არაერთხელ ყოფილა პაციენტი, რომელსაც ახლავს მშობელი, სიმპტომებით საეჭვოა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და ასეთ დროს ლოგიკურია, ვეკითხებით, სქესობრივად აქტიურია თუ არა. როგორც წესი, ამ კითხვაზე დედა პასუხობს ხოლმე (განსაკუთრებით თუ პაციენტი გოგოა): „გათხოვილი არ არის", თან მკაცრი ტონი გამოერევა, თითქოს მის შვილს რაღაც უკადრებელი შევბედე. ამ დროს შვილს ისეთი შეწუხებული გამომეტყველება აქვს, რომ აშკარად გრძნობ, რაღაცის თქმა უნდა და რომ სინამდვილეში „გათხოვილია". არადა, გამოკვლევებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე როგორ დაუნიშნავ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონია სქესობრივი კონტაქტი, როგორ დავუსაბუთებ ამას მშობელს, რომლის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამთ ვერც შვილი და ვერც ექიმი?
ვიცი რომ არასწორია, მაგრამ თანმხლები პირისთვის ტყუილის თქმამაც მომიწია რამდენჯერმე. მაგალითად, ერთხელ შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტს რომ ავუხსენი, ქლამიდია მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, კონსულტაციაზე დამსწრე ცოლმა ისეთი კივილი დასცხო, ლამის იქვე დახოცეს ერთმანეთი (ეს არც თუ იშვიათად ხდება ჩემს კაბინეტში). ამიტომ სიტუაციის განსამუხტად დავაყოლე, აუზიდანაც შეიძლება -მეთქი და ოჯახის ერთიანობა იქვე აღდგა.
ასევე რთულია ნარკოტიკების გამოყენების ისტორიის შეგროვება ოჯახის წევრების თანდასწრებით. ამ კითხვაზეც დედა ან მამა თვალებს დამიბრიალებს ხოლმე, სიცოცხლეში არაფერს გაკარებიაო, სიგარეტსაც კიო.
აღარაფერს ვამბობ კონსულტაციებზე დედამთილის, ქმრის ბიცოლას და ა.შ. შემოყოლას. ხანდახან ოთახში დატევა ჭირს ხოლმე. კოვიდის დროს კარგი საბაბი იყო რეგულაციის დაცვა და თანმხლები პირების არ შემოშვებისთვის მეხმარებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ჭირს ამ წესის დაცვა.
ბევრი უცნაური შემთხვევაა ხოლმე. ერთხელ ქალი რეკავდა კლინიკაში, ბავშვი უნდა მოვიყვანო კონსულტაციაზე და ანალიზებზეო. ცოტა ხანში დარეკა, ძალიან გაჭირვეულდა და ვეღარ წამოვიყვანეო და მეორე დღისთვის გადადო ვიზიტი. ექთანს ვუთხარი, სათამაშოები მოამზადე და მულტფილმები ჩაურთე მონიტორზე, რომ გავართოთ -მეთქი და არ ვაჭარბებ, ამ ქალბატონმა 40 წლის მამაკაცი მოგვიყვანა ვიზიტზე.
განსაკუთრებით უცნაურია, როცა დაავადების ისტორიას პაციენტი კი არა, თანმხლები პირი ჰყვება სრულად და კითხვებსაც ის პასუხობს. თუ შევბედავ და ვთხოვ, იქნებ თვითონ პაციენტმა მიპასუხოს -მეთქი, შეიძლება პასუხად მივიღო, ამან რა იცისო. რა ვიცი, მე მგონი უმრავლეს შემთხვევაში ადამიანმა თვითონ ყველაზე უკეთ იცის რა აწუხებს. თუმცა ხშირად თვითონ პაციენტი და თანმხლები პირი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გაწვდიან.
მოკლედ, რა ვიცი, მგონი თუ მაინცდამაინც ჩვენი ახლობლის მხარდაჭერა გვინდა ვიზიტის დროს, ჯობია გარეთ დავიცადოთ, ვაცალოთ პაციენტს თავისი ამბავი თვითონ მოჰყვეს და თუ დასჭირდა, დაგვიძახებს“, - წერს მაია ბუწაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ნუცა ბუზალაძე პაპარაცებმა მანჰეტენზე დააფიქსირეს - ნახეთ ფოტოები
🔵 როგორ გამოიყურება შორენა ბეგაშვილის უზარმაზარი სახლი - რა ფოტოს აქვეყნებს მსახიობი