რვა წლის დათი ქოქრაშვილის დედა - ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველ ექიმებს მადლობას უხდის.
მისი თქმით, იაშვილის კლინიკაში მომუშავე ექიმები დიდ პატივისცემას იმსახურებენ და მათნაირი ექიმი იშვიათია.
„ექიმი და ზოგადად ადამიანი თუ არის გულისხმიერი ის არჩევითად არ ამჟღავნებს ამ თვისებას. ან ხარ გულისხმიერი ან არ ხარ. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, როგორც ჩემ შვილზე დაიხარჯა ეს არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი, ზუსტად იმავენაირად დაიხარჯებოდა სხვა ნებისმიერ პაციენტთან.
დათიკოს არც არავინ იცნობდა და არც არავის შვილი იყო…. ქუჩაში გაჭყლეტილი უცხო ბავშვი ფაქტობრივად უსისხლოდ შეიყვანეს საოპერაციოში ისე რომ სახელიც არ იცოდნენ მისი და ცხრა საათი სასწაულები აკეთეს რომ ბავშვი არ დაეკარგათ.
როგორ დავიჯერო რომ ეს ექიმები სხვა პაციენტებს გულგრილად ექცევიან.
მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“.
ყველაზე მძიმე პაციენტები შეჰყავთ ყოველთვის ამ კლინიკაში, შესაბამისად ლეტალობის მაჩვენებელიც ყველაზე მაღალი პროცენტულად აქ იქნება.
კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა… დავაფასოთ საკუთარი ქვეყნის პროფესიონალები, არაფრით ჩამოუვარდებით არც ევროპის და არც ისრაელის ექიმებს, პირიქითაც კი შემიძლია ვთქვა. აქ რომ ის პირობები და ხარისხიანი მედიკამენტები გვქონდეს ალბათ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებოდით ამ კუთხით“, - წერს დათის დედა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტის დილით შარტავას ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ მოზარდს დაეჯახა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის მოზარდზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
მას თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ ატმოსფეროში იზრდება...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი