ჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის თაობათა ცვლაზე, დროის მსვლელობასა და წარსულის აღქმაზე საუბრობს.
იგი იხსენებს, რომ ბებიის ბავშვობა „უხსოვარ დროდ“ მიაჩნდა, ახლა კი აცნობიერებს, რომ დღევანდელი ბავშვები ზუსტად ასე უყურებენ მის ახალგაზრდობასა და 90-იანების ეპოქას:
„ახლა გავაცნობიერე და რომ გითხრათ გამიხარდა მეთქი, მოგატყუებთ, რომ ბებიაჩემი დაახლოებით ჩემი ასაკის იყო, როცა მასთან არდადეგების გასატარებლად ჩასულს, ავტობუსში რომ ადგილი უნდა დაუთმო, იმ ხნის მეგონა და როცა თავის ბავშვობაზე ვაყოლებდით ამბებს, მისი პატარაობა, ზღაპრებში რომაა, იმ უხსოვარი დროის ნაწილად მიმაჩნდა.
არადა, ერთ საუკუნეში ვიყავით დაბადებული და დეკემბრის იმ თოვლიან დღეს, მე რომ დაგეგმილზე ორი კვირით ადრე გადავწყვიტე ამქვეყნიური ცხოვრების დაწყება, ის 50 ან 51 წლის იყო.
ისე, უხსოვარი დრო მეგონებოდა, აბა რა იქნებოდა, მისი დაბადების შემდეგ მოხდა რევოლუცია რუსეთში, საქართველოს გასაბჭოება.
37-ის რეპრესიები რომ დაიწყო, მას უკვე 2 წლის მამაჩემი ჰყავდა, ომში წასული ბაბუაჩემი ცოცხალი რომ დაბრუნდა, მამიდაჩემიც შეეძინა. ამ ყველაფერს ძილისპირულის ზღაპრებივით ვისმენდი მე, 70-იანების ბედნიერ ზაფხულებში, როცა შავ-თეთრ ტელევიზორებს ნელ-ნელა ფერადი ცვლიდა, კოსმოსი მარტო გაგარინს კი არა, ვალენტინა ტერეშკოვასაც ჰქონდა მოვლილი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ ცოტაღა აკლდა თასების თასის მოპოვებამდე.
ალბათ ზუსტად ასე უსმენენ ჩვენს მონაყოლს 80-იანების ბობოქარ მოვლენებსა და ბნელ, მაგრამ მაინც „ტკბილად“ მონათლულ 90-იანებზე დღევანდელი 10 წლის ბავშვები.
ის, რაც ჩვენთვის გუშინ იყო, მათთვის უხსოვარი დროა, ჩვენი მაშინდელი ფოტოები მათთვის ალბათ ისეთივე ღიმილის მომგვრელია, ჩემთვის ილო ფოტოგრაფთან გადაღებული, ამ საქმისთვის საგანგებოდ გამოპრანჭული ბებიაჩემის შავ-თეთრი სურათები რომ იყო, ძალით დაწვრილებულ ტუჩებზე რაღაცნაირად, „გაბანტულად“ წასმული პომადითა და ლუბა კოკოჩაშვილთან (იმ ეპოქის ქუთაისელი კოკო შანელი იყო ) შეკერილი კაბით.
და ვაითუ ჩემი „ამბობენის“ სიუჟეტებზეც, ამდენი წლის მერე თავიდან რომ დატრიალდა ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე ისე ეცინებათ, ჩემი თაობის ბავშვები რომ ვხალისობდით ახალგაზრდა რამაზ ჩხიკვაძისა და ლეილა აბაშიძის ცნობილ დიალოგზე:
- მარინე, თქვენ მოჰკალით ძერა?“, - წერს თეა გვასალია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?