Digest Logo

„რამდენი სიხარული დამიტოვა ამ თვითონ გაუხარელმა კაცმა...“ - ზურა შევარდნაძის ემოციური პოსტი

1752081691
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს გვიზიარებს, სადაც დათიკოს შესახებ საუბრობს, კაცის რომელიც მისი ღვიძლი ბაბუას ძმა იყო და მის შესახებ ემოციურ ისტორიას გვიყვება:

„დათიკო, ჩემი ღვიძლი ბაბუას ძმა იყო. მათი მამა, ჩემი დიდი ბაბუა, მირიანი ქერჩში დაიღუპა. მარგალიტა ბებიამ ობლად, სიდუხჭირეში გაზრდა შვილები.

დათიკო ყველა თანატოლისაგან გამორჩეული ყოფილა და ბებიას უთქვამს, "ზურგზე ტყავს გევიძრობ და დათიკონას უსწავლელს არ დავტიებო". მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტი საბჭოთა ჯარში გაუწვევიათ.. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ასკანის ფოსტაში მოსკოვის სამხედრო კომისარიატიდან არ დაურეკავთ შემზარავი ამბვით. ყაზარმის მშენებლობაზე ბაგირი გამწყდარა და რამდენიმე თანატოლ სამხედროსთან ერთად მძიმედ დასახიჩრებულა დათიკო.

მარგალიტა ბებიას, მეზობლებთან, დუდანა და ბულბულოსთან ერთად, ცოცხლად შეუცხადებიათ დათიკო.
ჩვენს თანასოფლელს, რუსულის მცოდნე ისიდორე ჭეიშვილს უთავებია და რის ვაი ვაგლახით სახლში ჩამოუყვანია დათიკო. ხერხემალ დაზიანებული და წელს ქვემოთ მოწყვეტილი. მოსკოველი ექიმების უიმედობის ამბავიც ჩამოუტანია თან.

მე დათიკო ბაბუა ასაკიანი, შევერცხლილი თმებით, კარგი გარეგნობით, სულ ეტლში მჯდომი მახსოვს. სახლის პირველ სართულზე, ვენახის მხარეს, დიდ ოთახში ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლომდე დედა, ჩემი დიდი ბებია, მარგალიტა უვლიდა.

დათიკო ბაბუა ყოველთვის კეთილად ღიმილიანი, მშვიდი, ყველას მიმშველებელი, დამრიგებელი იყო. ვერ იპოვნი ასკანაში ჩემი მამაბიძების თაობის კაცს ვისაც დათიკომ არ ასწავლა, დაარიგა, ურჩია, გაამხნევა.. ყველას მან გვასწავლა წერა, კითხვა, ჭადრაკის თამაში.. გვამეცადინებდა, გვიკითხავდა, გვაწერინებდა, გვავარჯიშებდა..
არავის, არავის არ უნახავს დაეწუწუნოს, თავისი უბედო ცხოვრება დაეგმოს ან დაეკვნესოს.

საუზმის შემდეგ თავრეჯულა მსხლის ძირას გამოგორდებოდა და სულ ხალხი იყო მის ირგვლივ, სულ.
ფოტოებს იღებდა ზენიტით და კიბის ქვეშ თავისივე მოწყობილ ლაბორატორიაში ამჟღავნებდა. გაამბავდა ზეწარს ხიდან კიბემდე და იღებდა ყველას, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, ბავშვებს, მოხუცებს.
საბჭოთა სოცრუზველყოფა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ჩუქნიდა ახლ, ხელის მართვაზე აწყობილ ზაპოროჟეცს, ასე ენაცვლებოდა ერთმანეთს მთელი ბავშვობა თეთრი, წითელი, მწვანე და ყვითელი მანქანები, მიქონდათ ძველი და მოქონდათ ახალი.

მისი მანქანა სულ სავსე იყო ბავშვებით, თორმეტნიც ჩავტეულვართ.. ბაბუას მოფიქრებული ქონდა ჩვენთვის ისეთი მარშრუტები სადაც შეეძლო მდინარის პირამდე ჩვენი მიყვანა, ნაბრინჯვალაში, ნიკადო მსხლის ძირამდე მისვლა, ბულბულოს ღარდაში, ნაბეღლავი, ბჟუჟისპირი, შალვა ჟღენტის წისქვილი, ვაკიჯვრის ეკლესია, ბახვში დურღანაზე ბორბლიანი საცივი ჩვენთვის მოფიქრებულ ექსკურსიების სიაში შედიოდა. ურეკში, წყალწმინდაზე ისეთი ადგილი ქონდა ნაპოვნი ზღვის ნაპირამდე, რომ შეეძლო მანქანით მისვლა. გააღებდა კარებს და თითქმის ჩვენთან ერთად იყო. ყველა სიამოვნებით ანდობდა შვილს და მადლობელიც იყვნენ, იცოდნენ კარგის, სიკეთის და სიყვარულის მეტს ვერაფერს ისწავლიდნენ მათი შვილები მისგან.

ცეკვაზე ოზურგეთში გვატარებდა. პენსიას, რომ აიღებდა სახელგამთან გამოგვატრებდა, ფართე ვიტრინიდან დაგვინახავდა რომელიმე და გამოგვეგებებოდა, გამყიდველ ქალს ჩააბარებდა ჩვენს თავს, მოგვქონდა ყველაფერი რაც გვჭირდებოდა და არ გვჭირდებოდა. ბაზრის წინ ჩაჩნებიც ცნობდნენ და აჟრიამულდებოდენ ზაპორიჟეცის დანახვაზე, პედრო და დონალდო არ გვაკლდა. მამალოებით თუ გავწებავით სკამებს არც იმაზე გვეჩხუბებოდა, თითონ გაწმენდდა გაწურული ტილოთი. მანეთიან კულიჩის ქამარზე ატეხილ წიავ წიავსაც მოთმინებით იტანდა.
ბებია, ბაბუა და ეთერი ბებია ყველა ტირილში და საძიმარზე დათიკოს დაყავდა. ხშირად ჭირისუფალი, რომ გაიგებდა დათიკო გარეთ, მანქანაში იცდიდა აიშლებოდნენ და სამძიმრის მისაღებად მასთან, მანქანსთან გამოდიოდნენ. ამ დროს მახსოვს შეწუხდებოდა, ძალიან უხერხულობდა.

გამოწერილი ჰქონდა ყველა ჟურნალი და გაზეთი რისი გამოწერაც იმ დროს შეიძლებოდა, სავსე იყო მისი ოთახის თაროები საინტერესო, ფერადი საკითხავით.

მასთან მეგობრობდა ყველა, დიდ, პატარა, ქალი, კაცი, მოდიოდნენ ნარდის სათამაშოდ, მოქონდათ წიგნები, ფოტოაპარატის ფირები. რჩევის საკითხავად დედის ტოლა ქალებიც მინახავს მასთან მოსული. მაგრამ ბავშვები, ბავშვები სულ ბავშვები ირეოდა მის ირგვლივ, თუ ეტლის გაგორებას გვთხოვდა ჩვენზე ბედნიერი არ იყო არავინ. ფეხები ეტლში ფიცრის დაფაზე ეწყო და სულ შალი ქონდა გადაფარებული, რიგი იდგა იმ დაფაზე დასაჯდომად.
არ იყო არაფერი რაც მის ხელს არ გამოუვიდოდა, ისეთ კალათს მოქსოვდა როგორსაც ვერავინ სხვა. სხვისთვის შეუძლებელი მისთვის მარტივი და იოლი იყო, მის ხელებს ყველაფერი იოლად, მარტივად და შნოიანად გამოსდიოდა. სამგლოვიარო გვირგვინებს კეთებაც მასთან ერთად დავიწყე, შესაშური გემოვნებით შეუხამებდა ვითომ არაფრით შესაფერის ფერებს ერთმანეთს. თავისი დიდი ტორებით წვრილმან საქმესაც ლაზათიანად ახერხებდა.

არ ვიცი, დავწერო? მერიდება კია..

ზოგჯერ პარასკევობით მასთან მოდიოდა უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით ჩაცმული მეწიეთელი ქალი, ნანული სხვანაირად დარდიანი და წყნარი იყო ნანული..

კალათით ხილი, საკითხავი და ხანდახან მისი გამომცხვარი ქიშმიშიანი ნამცხვარი მოქონდა. ამაზე არ ვლაპარაკობდით, ასე იყო დადგენილი უსიტყვოდ. თავრეჯულა მსხლის ძირას სამფეხა მაგიდას დავდგამდით ტკბილეულით და გამოვეცლებოდით. ის მისი პირადი სტუმარი იყო. ბავშვობისდროინდელი, შეუცვლელი და ერთადერთი.

მოწიწებით, მორიდებით ველაპარაკებოდით. მის მოტანილ კალათს ბაბუას ოთახში შევიტანდით და წინა პარასკევს მოტანილს გამოვუტანდით წასვლისას. დიდხანს არ დარჩებოდა, ცდილობდა დარდი არ ეჩვენებინა ჩვენთვის. მოგვიკითხავდა ყველას და ისევე უჩუმრისპირად გაქრებოდა როგორც გაჩნდა. თბილად გავაცილებდით, ვიცოდით ბაბუასთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი სტუმარი იყო.

ჩემი სკოლის დამთავრებას დათიკო ბაბუა ვერ მოესწრო.

მეათე კლასში ვიყავი , რომ გარდაიცვალა. დუდანა, ეთერი, უმანკო, ბებიამ, პელო და თალიკო მამიდამ, დედამ, ნანა, მზია ბიცოლამ როგორც საკუთარი შვილი, ძმა, მამა, ისე შეიცხადეს. არ მახსენდება ჩემს ირგვლივ არავინ ვისაც იმდენი ალალი კურცხალი გაატანა სოფელმა როგორც დათიკო ბაბუას.
რამდენი სიხარული დამიტოვა ამ თვითონ გაუხარელმა კაცმა..“, - წერს ზურა შევარდნაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს არ არის როლი - ეს მე ვარ“ - ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები

⭕„ჩემი დიდი სიყვარული დაიბადა დღეს“ - როგორ ულოცავენ ცნობილები სალომე ბაკურაძეს დაბადების დღეს

⭕„სამაგალითო ოჯახი“ - გიორგი გასვიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს