Digest Logo

რატომ არ გვისმენენ შვილები? - „ქცევების მიღმა, გაცილებით ღრმა მიზეზები იმალება...“

1793890314
მაგდა კოტრიკაძე

ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მშობლებს მნიშვნელოვან თემაზე ესაუბრება. 

მისი თქმით, ბავშვები ყველაზე კარგად ვითარდებიან მაშინ, როდესაც მშობლის მხრიდან არსებობს ერთდროულად სითბოც და საზღვრებიც. როდესაც ოჯახში მხოლოდ კონტროლია, მაგრამ ნაკლები ემოციური სიახლოვე, ბავშვი იწყებს თავის დაცვას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაცვის მექანიზმი კი ტყუილია:

„ბევრ მშობელს ერთხელ მაინც უთქვამს: „ათჯერ ვუთხარი და მაინც არ გამიგონა“. ხშირად გვგონია, რომ პრობლემა ბავშვის სიჯიუტეში, უპასუხისმგებლობაში ან თაობათა განსხვავებაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ქცევის უკან ხშირად გაცილებით ღრმა მიზეზები იმალება. როდესაც ბავშვი გვატყუებს, გვაიგნორებს, ან პირიქით, ზედმეტად ცდილობს ჩვენი ყურადღების მოპოვებას, ეს მხოლოდ აღზრდის პრობლემა არ არის.

ხშირად ეს არის ურთიერთობის, ემოციური უსაფრთხოების და არასწორი კომუნიკაციის შედეგი. აქ ორი უკიდურესობა უნდა გამოვყოთ: ქრონიკული უგულებელყოფა და ჭარბი ყურადღება. ერთი შეხედვით, ეს სრულიად განსხვავებული მოვლენებია, მაგრამ ორივემ შეიძლება ერთნაირი შედეგი გამოიწვიოს. შედეგად, ბავშვმა დაკარგოს მშობლის ნდობა, უარი თქვას გულახდილობაზე და შეწყვიტოს მოსმენა.

ბავშვები ყველაზე კარგად ვითარდებიან მაშინ, როდესაც მშობლის მხრიდან არსებობს ერთდროულად სითბოც და საზღვრებიც. როდესაც ოჯახში მხოლოდ კონტროლია, მაგრამ ნაკლები ემოციური სიახლოვე, ბავშვი იწყებს თავის დაცვას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაცვის მექანიზმი კი სწორედ ტყუილია.

წარმოიდგინეთ 12 წლის ბიჭი, რომელიც სკოლიდან დაბალი ნიშნით ბრუნდება. მან იცის, რომ სახლში მკაცრი კრიტიკა, გაბრაზება და დასჯა ელოდება. ასეთ სიტუაციაში ბავშვისთვის ტყუილი ხშირად არა მანიპულაცია, არამედ შიშისგან თავის დაღწევის გზაა.

კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები გაცილებით იშვიათად იტყუებიან იმ ოჯახებში, სადაც შეცდომა განიხილება როგორც სწავლის ნაწილი და არა როგორც კატასტროფა.

კანადელი მკვლევრის, ვიქტორია ტალის კვლევამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით ავტორიტარულ ოჯახებში ბავშვები უფრო ხშირად მალავენ ინფორმაციას მშობლებისგან. საინტერესოა, რომ ასეთ ოჯახებში ბავშვები გარეგნულად შეიძლება მორჩილებაც კი ჩანდნენ, თუმცა შინაგანად მათში იზრდება უნდობლობა და ემოციური დისტანცია.
მეორე უკიდურესობა არის ქრონიკული უგულებელყოფა, აქ საქმე ყოველთვის ძალადობას არ ეხება.

ბავშვი შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საკვებით, ტანსაცმლითა და განათლებით, მაგრამ ემოციურად მაინც მიტოვებულად გრძნობდეს თავს. როდესაც მშობელი მუდმივად დაკავებულია, ტელეფონშია ჩართული, ან ბავშვის განცდებს მნიშვნელობას არ ანიჭებს, ბავშვი თანდათან ეგუება იმას, რომ მისი ხმა არავის ესმის.

ჰარვარდის უნივერსიტეტის განვითარების ფსიქოლოგიის ცენტრი აღნიშნავს, რომ ბავშვის ტვინის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. serve and return კომუნიკაცია, როდესაც ბავშვი აგზავნის ემოციურ სიგნალს და უფროსი მას რეაგირებით პასუხობს. როცა ასეთი პასუხები მუდმივად არ არსებობს, ბავშვი ან ჩუმდება, ან პირიქით, სულ უფრო ხმამაღლა იწყებს ყურადღების მოთხოვნას.

ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით მოზარდებს, რომლებიც კლასში პრობლემურ ქცევას ავლენენ. შემდგომი მუშაობისას ირკვევა, რომ მათი მთავარი მიზანი ცუდი ქცევა კი არა, ვინმეს მხრიდან შემჩნევაა. მათთვის უარყოფითი ყურადღებაც კი სჯობს ყურადღების სრულ არარსებობას. თუმცა არსებობს მესამე, ნაკლებად განხილული პრობლემა: ზედმეტი ყურადღება. თანამედროვე მშობლები ხშირად ცდილობენ შვილების ყველა სირთულე წინასწარ მოაგვარონ. ისინი ყველა პრობლემას ჭრიან ბავშვის მაგიერ, იღებენ ყველა გადაწყვეტილებას და მუდმივად აკონტროლებენ ბავშვის ცხოვრებას, რაც საბოლოოდ ბავშვს დამოუკიდებლობის უნარს უზღუდავს.

ერთ-ერთ ოჯახურ თერაპიაზე 14 წლის გოგონა ამბობდა: „დედა სულ მეუბნება, რომ უნდა მოვუსმინო, მაგრამ არასდროს მეკითხება, მე რას ვფიქრობ“. ეს ერთი ფრაზა ბევრ ოჯახურ პრობლემას ხსნის. მოსმენა მხოლოდ საუბარი არ არის. მოსმენა ნიშნავს ინტერესს, პატივისცემას და იმის აღიარებას, რომ ბავშვს საკუთარი განცდები და აზრები გააჩნია.

როდესაც ბავშვი არ გვისმენს, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის ურჩია. ზოგჯერ ის შიშის გამო იტყუება. ზოგჯერ იმიტომ დუმს, რომ დიდი ხანია აღარავინ უსმენს. ზოგჯერ კი იმიტომ ეწინააღმდეგება ყველაფერს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვას ცდილობს. მშობლობის მთავარი პარადოქსი სწორედ ამაშია, ბავშვები ყველაზე მეტად მაშინ იწყებენ ჩვენს მოსმენას, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ მათ მოსმენას“, - წერს მაგდა კოტრიკაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ფერებით მოვრთოთ ნაძვის ხე 2027 წლისთვის - ძირითადი ტენდენციები

⭕რომელია უფრო დომინანტი: თქვენი ინტელექტი თუ მეხსიერება? პასუხი თქვენს ცერა თითში იმალება

🎥 „ეს აღარ არის უბრალოდ PMS, არამედ ღრმა დეპრესიული განწყობა, სუიციდური ფიქრები და მცდელობა“ - რა არის პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა?

✕