როდესაც ეს პოსტი შემხვდა და ქართულად ვთარგმნე, სადაც ქალები ღიად და გულწრფელად კითხულობენ, თუ რატომ აინტერესებთ ასე აკვიატებით ის გოგო, ვისთანაც უღალატეს და უზიარებენ ერთმანეთს ამ მძიმე შეგრძნებებს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად ღრმა და საყოველთაოა ეს ტრავმა.
ღალატი მხოლოდ ურთიერთობის დასასრული არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს, უსაფრთხოების განცდასა და თვითშეფასებას საძირკველში ანგრევს.
როდესაც ურთიერთობაში „მესამე პირი“ ჩნდება, ტვინი ავტომატურად გადადის გადარჩენის რეჟიმში და იწყებს პასუხის ძებნას მტანჯველ კითხვაზე: „რა აქვს მას ისეთი, რაც მე არ მაქვს?“. სწორედ ამ დროს იბადება აკვიატებული ქცევები. სოციალურ ქსელებში იმ მეორე ქალის მუდმივი თვალთვალი (სთოლქინგი), ყოველი დეტალის შედარება და საკუთარი სხეულისა თუ პიროვნების დევალვაცია.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სთოლქინგი ამ სიტუაციაში არის არა უბრალოდ ცნობისმოყვარეობა, არამედ სიტუაციაზე დაკარგული კონტროლის დაბრუნების ილუზორული მცდელობა.
როცა ნდობა დაზიანებულია, ადამიანი ვარდება მუდმივი შფოთვის და ეჭვიანობის მდგომარეობაში. ის ვეღარ ენდობა პარტნიორის არცერთ ნაბიჯს (მაგალითად, „მან ის მხოლოდ ჩემი თხოვნით ამოშალა და არა იმიტომ, რომ თვითონ ნანობს“) და ცდილობს „საფრთხე“ თვალთვალით გააკონტროლოს.
ეს პროცესი დამანგრევლად მოქმედებს შინაგან სამყაროზე: იკარგება სექსუალური ლტოლვა, იბადება სირცხვილი და რწმენა, რომ „არასდროს ვიქნები საკმარისი“.
ამ დროს იქმნება ილუზია, რომ ბრაზის ობიექტი „მესამე პირია“, თუმცა რეალობა მარტივია, პასუხისმგებლობა ყოველთვის იმ ადამიანს ეკისრება, ვინც ნდობა “გატეხა” და “ღალატობს”.
ამ წრიდან გამოსვლა და ტრავმის განკურნება იწყება იმ მომენტიდან, როცა ყურადღების ფოკუსი „იმ მეორე ადამიანის“ და მოღალატე პარტნიორისგან ნელ-ნელა ისევ საკუთარ თავზე გადმოდის.
იმის გააზრება, რომ სხვისი არასწორი საქციელი შენს შინაგან ღირებულებას არ ამცირებს, არის პირველი ფუნდამენტური ნაბიჯი საკუთარი საზღვრების და შინაგანი სიმშვიდის აღსადგენად.
მთავარი ჭეშმარიტება, რომელიც ამ დროს ხშირად იჩრდილება, არის ის, რომ მოღალატე ადამიანისთვის, „შედარებას” რეალურად არანაირი აზრი არ აქვს მისთვის სრულიად სულერთია, თუ ვინ დგას მეორე მხარეს.
ღალატი არასდროს არის გამოწვეული იმით, რომ „მეორე ქალი“ რითმე უკეთესია, უფრო ლამაზია ან მეტი უპირატესობა აქვს.
ღალატი ყოველთვის პრობლემური პარტნიორის შინაგან ნაკლოვანებებს, იმპულსების უმართავობასა და პასუხისმგებლობისგან გაქცევას უკავშირდება.
მოღალატე ირჩევს არა უკეთესს, არამედ უბრალოდ „სხვას“. შესაბამისად, საკუთარი თავის იმ მეორე ადამიანთან შედარება აბსოლუტურად ილუზორული და ფსიქოლოგიურად დამანგრეველი მახეა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე შარვაძე შავ სამოსში პოზირებს - „საოცარი ადამიანი ხარ“
🎥 „მე ბუნებას ვეკუთვნი, ღმერთი ჩემი ფავორიტი არტისტია“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიზა ყენია
⭕რა მოსდის ტვინს, როდესაც ლოცულობთ? - ნეიროფსიქოლოგების განმარტება