პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს და სარძევე კბილების ჰიგიენის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, კბილის მოვლა უნდა იწყებოდეს იმ ასაკში, როდესაც ბავშვს პირველივე კბილი ამოუვა.
ინგა მამუჩიშვილი ამბობს, რომ ბავშვმა კბილები უნდა გაიხეხოს დღეში ორჯერ, განსაკუთრებით ძილის წინ, ასაკის შესაბამისი ფტორიანი პასტით:
„სარძევე კბილები:
„მაინც გამოსაცვლელია, დიდ მოვლას არ საჭიროებს" - დაივიწყეთ ეს ფრაზა, რადგან პატარა კიჭუნებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს...
პირველი სარძევე კბილი უმეტესად დაახლოებით 6 თვის ასაკში ამოდის, თუმცა რამდენიმე თვით ადრე ან გვიან ამოჭრაც შეიძლება ნორმის ვარიანტი იყოს. საბოლოოდ ბავშვს 20 სარძევე კბილი აქვს, ხოლო მათი შეცვლა მუდმივი კბილებით ჩვეულებრივ 6 წლის ასაკიდან იწყება.
მოვლა პირველი კბილის ამოსვლიდანვე იწყება. კბილები უნდა გაიხეხოს დღეში ორჯერ, განსაკუთრებით ძილის წინ, ასაკის შესაბამისი ფტორიანი პასტით.
პატარა ბავშვს კბილები მშობელმა უნდა გაუხეხოს ან დაეხმაროს, სანამ დამოუკიდებლად ხარისხიანად გახეხვას შეძლებს.
რატომ ჩნდება კარიესი?
კარიესი მხოლოდ "ბევრი ტკბილეულის“ შედეგი არ არის. მნიშვნელობა აქვს იმასაც,თუ რამდენად ხშირად ხვდება შაქარი პირის ღრუში,ტკბილ სასმელებს, წვენებს, ხშირ წახემსებას, ძილის წინ რძის ან ტკბილი სითხის ბოთლით დაძინებას, არასაკმარის ჰიგიენას და კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს. განსაკუთრებით სწრაფად შეიძლება დაზიანდეს სარძევე კბილის შედარებით თხელი მინანქარი.
რა არის შავი ნადები კბილების ფუძესთან?
ხშირად მშობელს კბილის ღრძილთან შავი ზოლი „კაიმა“ აშინებს. ეს ყოველთვის კარიესი არ არის. შესაძლოა იყოს ე.წ. პიგმენტირებული ნადები, რომელიც წარმოიქმნება პირის ღრუს გარკვეული ბაქტერიების, ნერწყვისა და რკინის შემცველი ნაერთების ურთიერთქმედებით. ხშირად ჩვეულებრივი გახეხვით ვერ სცილდება და სტომატოლოგთან პროფესიულ წმენდას საჭიროებს. მისი არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ცუდ ჰიგიენას.
რატომ შეიძლება კბილი მოყვითალო ჩანდეს?
მიზეზი შეიძლება იყოს ნადები, საკვები პიგმენტები ან მინანქრის თავისებურება. მოგვიანებით კი, როდესაც მუდმივი კბილები ამოდის, ისინი სარძევე კბილებთან შედარებით ბუნებრივად უფრო მოყვითალოც შეიძლება ჩანდეს-და ეს დაავადება არ არის.
თუ კარიესი უკვე გაჩნდა?
არ უნდა დაველოდოთ, რადგან "ეს კბილი მაინც მოსაცვლელია“. სარძევე კბილის კარიესმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, პულპიტი, ინფექცია, კვებისა და ძილის დარღვევა. დაზიანებული კბილი ბავშვთა სტომატოლოგმა უნდა შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალოს.
სარძევე კბილები ბავშვს სჭირდება ღეჭვისთვის, მეტყველების სწორად ჩამოყალიბებისთვის და მუდმივი კბილებისთვის ადგილის შესანარჩუნებლად. ამიტომ მათი ჯანმრთელობის დაცვა აუცილებელია“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამა ყოფილა და ტიროდა ძალიან ხმამაღლა“ - ვინ იყო არასრულწლოვანი, რომელიც თანატოლმა მოკლა