
მწერალ - ილია ჭავჭავაძის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „კაცია ადამიანი?!“. მოთხრობაში ჭავჭავაძე ხაზს უსვამს მთავარი პერსონაჟის - ლუარსაბ თათქარიძის ყოფას, სახლ-კარს, ცხოვრების სტილს და სააზროვნო არეალს. მწერლის გადაწყვეტილებით, ლუარსაბი უშვილძიროდ კვდება, თანაც მნიშვნელოვანი დეტალია, ის რომ ფერისცვალების დღეს თევზის ჭამით კვდება.
ფილოლოგიის დოქტორი - გია მურღულია სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს და მკითხველს სააზროვნო კითხვას უსვამს: რატომ კვდება „კაცია-ადამიანის“ ლუარსაბი თევზის ჭამით ფერისცვალების დღეს?
ამავე კითხვას თავადვე პასუხობს კომენტარებში და გამომწერებს დეტალურად უხსნის, თუ რისი სიმბოლოა თევზი, თევზის ჭამა და რას ნიშნავდა ლუარსაბის შემთხვევაში ეს ყოველივე.
„რა შეიძლება ზოგადად ითქვას? თევზი იესოს ოდინდელი სიმბოლოა - ქრისტიანები დიდი დევნის დროს ერთმანეთს ამ სიმბოლოთი ცნობდნენ. ის, რომ ლუარსაბი თევზის ჭამით კვდება, ნაკლებად შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მან იესო შეიმეცნა, აღიქვა, გაიგო ან შეითვისა - მთელი ტექსტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
პირიქით, ეს უფრო იმას შეიძლება გვახსენებდეს - „მონანიების“ ერთ ეპიზოდში ვარლამ არავიძე გაქონილი ხელებით თევზს რომ ჭამს და ბოლოს მხოლოდ ფხას ტოვებს - ასე ჭამს მატერიაში ჩაკარგული ადამიანი იესოს მოძღვრების სინათლეს და მისგან მხოლოდ „ფორმას“ ტოვებს, რასაც არანაირი შინაარსი აღარ აქვს. ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი მაინც ის არის, ლუარსაბი რომ ფერისცვალების დღეს კვდება.
როდესაც იესომ თაბორის მთაზე ფერი იცვალა (ანუ ადამიანური ბუნებისგან განიძარცვა, ღვთაებრივი ბუნება შეიმოსა და ასეთი ბრწყინვალებით წარუდგა თავის სამ - ამ დიადი სახილველით სრულიად გაოგნებულ - მოწაფეს), ეს მხოლოდ ღმერთის წუთისოფლისთვის განუმეორებელ გარდასახვას არ ნიშნავდა - იმასაც გამოხატავდა, რომ ადამიანსაც შეუძლია ფერი იცვალოს. მეტიც - ვალდებულია ფერისცვალების გზა გაიაროს, რათა ცოდვის სიმძიმისგან გათავისუფლდეს, ღვთის ხატებისა და მსგავსების ბედნიერებით აღივსოს და ისე წარუდგეს ღმერთს.
ამის დიადი მოწოდება ჩანს მათეს სახარებაში: „იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს“ (მათე, 5 - 48).
ეს არის გზა, რომელიც ყველა ნამდვილმა ქრისტიანმა უნდა გაიაროს. ძველ აღთქმაში იაკობის სიზმარმა/ხილვამ მიგვანიშნა, რომ ღვთის განკაცებასთან ერთად არსებობს ადამიანის განღმრთობაც - კიბეზე, რომელიც იაკობს ეზმანა, ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ადიოდნენ კიდეც. ეს ორმხრივი მოძრაობაა - ცასა და მიწას იდუმალი კავშირი ჰკრავს. ლუარსაბს ეს გზა არ გაუვლია - მან ის ვერც დაინახა, ვერც იგრძნო და ვერც შეიცნო. ის მატერიის, ხორცის, წარმავალის ტყვეობაში დარჩა და გამოუყენებელი დარჩა ყველაზე დიდი საჩუქარი - ღმერთისგან ნაბოძები სიცოცხლე.
ის სოციალურ არარაობად დარჩა (ამიტომაც დაარქვა „კაცია-ადამიანზე“ თავის შესანიშნავ წერილს აკაკი ბაქრაძემ „არაფრობის უარყოფა“).
ლუარსაბი საკუთარი ნებით ასცდა ფერისცვალებას და არც ესმის, რა დააშავა. ამიტომაც დასაჯა ის ფერისცვალებამ.
ის თევზმაც დასაჯა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეურაცხყოფდა არ გაკეთებული საქმეებით. მან ტყუილად იცოცხლა - საკუთარი სიცოცხლე ცხოვრებად ვერ აქცია. თავად ილიაც წერდა ახალგაზრდობაში: „მხოლოდ ჩემ თავის არაფრობისა არ ძალმიძს, ძმანო, ვერ რით გაძლება“. თაბორის მთის მისტერიამ გვაჩვენა, რომ ღმერთის ფერისცვალებას მხოლოდ ადამიანის ფერისცვალებასთან ერთად აქვს აზრი - ის გვაჩვენებს გზას, რომელსაც უნდა გავყვეთ, თუ გვსურს ადამიანის ნამდვილ ბუნებას ვეზიაროთ. ლუარსაბმა ეს ვერ დაინახა, ვერ გაიგო და ვერც აღასრულა. მას შეეძლო ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ იაკობის კიბეზე ვერ ავიდა“, - წერს მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოვა მაისი“ და მამუკა მდინარაძე - პოლიტიკოსი ერთ-ერთ რესტორანში ამღერდა
🔵„დაგვეხმარეთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება“ - ლევან ჭელიძე