„რაც თავი მახსოვს, ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს დარბაზში, პერსონალური ტრენერი, დიეტოლოგი და პილატესის ინსტრუქტორი ჰყავს, დარბაზიდან სოლარიუმში გარბის, სოლარიუმიდან ესთეტიკის კაბინეტებში, ხან ბოტოქსს შეიშხაპუნებს, ხან ფილერით შეივსებს სახის ჩაღრმავებულ ადგილებს“ - ასე ახასიათებს ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ნაცნობ ქალს, რომელიც ქუჩაში შემთხვევით შეხვდა.
„საღამოს 8 საათზე მივხვდი, რომ კარგ ნამცხვარზე არ ვიტყოდი უარს. მანქანის გამოყვანაც კი არ დამეზარა, ჩავირბინე ქვემო წყნეთში, ერთ კარგ საცხობში და სულზე მივუსწარი რამდენიმე ნაჭერ გემრიელობას, ჩემზე მსუნაგებს სულ გამოეპრიალებინათ იქაურობა. მივდივარ მანქანისკენ, ხელში ნამცხვრის ყუთი მიჭირავს, პირი გასასინჯად მოკბეჩილი ბეზეს, ქიშმიშისა და ნიგვზის ნაზავით მაქვს სავსე, ჩუმად ვკრუსუნებ სიამოვნებისგან და „როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ჩემს გვერდით ხართქო“, გულში ვღიღინებ.
და ვხედავ მოდის ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ქალი. რაც თავი მახსოვს, ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს დარბაზში, პერსონალური ტრენერი, დიეტოლოგი და პილატესის ინსტრუქტორი ჰყავს, დარბაზიდან სოლარიუმში გარბის, სოლარიუმიდან ესთეტიკის კაბინეტებში, ხან ბოტოქსს შეიშხაპუნებს, ხან ფილერით შეივსებს სახის ჩაღრმავებულ ადგილებს, ხან ტუჩს დაიბერავს, ხან კანს გადაიჭიმავს და ყურებს უკან დაისტეპლერებს. ძირითადად სალათის ფურცლებით და იმ იმედით იკვებება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, წყნეთის ორღობეში მე კი არ გადავეყრები ნამცხვრით პირგამოტენილი, არამედ კევინ კოსტნერისა და ჰიუ ჯეკმანის ნაჯვარი, აბრამოვიჩის ქონებითა და ახალგაზრდა ვერტერის ვნებებით და ეს აფროდიტა, ჩემი დანახვის სიხარულმა რომ გაუარა, მეკითხება, სად ვარჯიშობ, რა ფორმაში ხარო, არა, კი არ მენანება, ვასწავლი სასწაულ ვარჯიშს, დღეში 8-9 საათი უნდა იჯდე და ესპანურის გაკვეთილები ატარო, შუალედებში ნამცხვრები და შოკოლადი დააყოლო და ხშირად გახედო ხოლმე დიდის ამბით ნაყიდ და დეკორაციად ქცეულ სარბენ ბილიკს. რაც უფრო ხშირად და სინანულით გახედავ, მით მეტ კილოს იკლებ.
მეც მქონდა ერთი კითხვა, მაგრამ ეწყინებოდა. არადა, მართლა მაინტერესებს, რისი გულისთვის იკლავენ ასეთები თავს? კარგი, დაიყენე პანტერას ტანი, გადაწვი სოლარიუმის ნათურები და სანტო დომინგოელი კრეოლი ქალის ფერი მიიღე და გამოგაყოლა ქუჩაში ვიღაც ალფა მაჩომ მიბნედილი მზერა. მერე? მაგრამ ალბათ მე ჩამოვრჩი ცხოვრებას, უფრო სწორად მეოცე საუკუნეში ჩავრჩი, სადაც პირიქით ხდებოდა, კაცები ცდილობდნენ ქალებისთვის თავის მოწონებას და დღემდე ეს მიმაჩნია ნორმად. აგერ ჯენიფერ ლოპესი აიღეთ, ქალის იდეალი, სულ რომ სასწაულ ფორმაშია, ბოლო კლიპი ვნახე, პირი დამრჩა ღია და რას მიაღწია? ამდენი იხტუნა, იმღერა, მილიონები აგროვა, ყველაზე სასურველი ქალების ტოპ ათეულის ქვემოთ არ ჩამოდის და ისევ 10 თუ 20 წლის წინ დაშორებულ, გალოთებულ ბენ აფლექს დაუბრუნდა, თან გვატყუებს, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ვყოფილვარო. ჰოდა, ოქროს და ბრილიანტის ჯეი ლომ რომ ამ ღიპიან და მეორად ბენ აფლექზე უკეთესი ვერავინ იპოვნა, თქვენ რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას, რევიტალიზაციას და სახის ჯიჯგვნას, ერთი კარგი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, არ გირჩევნიათ? უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას", - წერს თეა გვასალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ
🔵 ლიზა ქისტაური გარდაცვლილია - ბელგიის პოლიცია
🔵 საქართველოს საგარეო უწყების პირველი კომენტარი ლიზა ქისტაურის მკვლელობასთან დაკავშირებით