Digest Logo

„როდემდე გააჩერებთ მანქანებს ტროტუარებზე, როდემდეეე?“ - გოდერძი შარაშია თბილისში მომხდარ ტრაგედიასა და საზოგადოების გულგრილობას ეხმაურება

1782996181
გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ შემზარავ ავარიას ეხმაურება, რომელსაც ტროტუარზე მავალი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჟურნალისტი მწვავედ აკრიტიკებს დედაქალაქში არსებულ მანკიერ პრაქტიკას - ტროტუარებზე მანქანების უკანონო პარკირებას და მძღოლების თავხედურ დამოკიდებულებას ქვეითების მიმართ.

გოდერძი შარაშია აღნიშნავს, რომ ეს ტრაგედია უპასუხისმგებლობის, უკულტურობისა და სისტემური განუკითხაობის პირდაპირი შედეგია:

„ორ ჯიპს შორის რომ ქალი ჩანს, რამდენიმე წამში უპასუხისმგებლობის, უკულტურობის, გაუნათლებლობის, თავხედობის და სინაგლის მსხვერპლი ხდება. იმისაც, რომ ამ განუკითხაობაზე პასუხისმგებლები ისე აივლიან და ჩაივლიან, ვითომც არაფერი - მით უმეტეს, თუ შავი ჯიპია შავი შუშებით.

რატომ დგანან ეს მანქანები ამ ტროტუარზე? სხვა ტროტუარებზეც...

ამასწინათ, პეკინზე, ერთი დიდი და ცნობილი რესტორნის წინ ზედ ტროტუარზე მანქანა გაჩერდა, ქალი გადმოვიდა. ვთხოვე, არ გააჩერო, ტროტუარია-თქო და - „ვინ გეკითხება შენ, მე სულ აქ ვაჩერებო“ და რესტორანში შებრძანდა.

ახლა ამ ფოტოზე დროს ვეღარაფერი დააბრუნებს. არც ეს ჩემი სტატუსი შეცვლის რამეს, მაგრამ როდემდე გააჩერებთ მანქანებს ტროტუარებზე, როდემდეეე?“, - მიმართავს საზოგადოებას გოდერძი შარაშია.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებული ავტოსაგზაო შემთხვევის ვიდეოკადრები 22 ივნისს, დადიანის ქუჩაზეა გადაღებული.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.