გამომცემლობების, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ მფლობელებმა ტელეიმედის სახე მარიკა ბაკურაძე 15 - წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე - ერთი მესიჯით დაითხოვეს.
როგორც ბაკურაძე აცხადებს, იგი ეჭვობს, რომ გამომცემლობების ხელმძღვანელები მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას იჩენენ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და განმარტებები გააკეთა, თუ რა არის რეალური მიზეზი ბაკურაძის სამსახურიდან დათხოვნის.
იგი ასევე უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს ბაკურაძის ბრალდებებს, თითქოს, ჟურნალისტი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
„სოფელში ვარ.
დღის ბოლოს მოვიცალე და ჩვენი გამომცემლობის თანამშრომლის - მარიკა ბაკურაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებული პოსტები, კომენტარები და სიუჟეტები ჩავათვალიერე.
ერთადერთმა მიზეზმა გადამაწყვეტინა ამ ამბავს გამოვხმაურებოდი:
მარიკას მოსაზრება, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედში“ მის მუშაობას უკავშირდება, თავად მარიკამაც, მისმა კეთილისმსურველებმაც და სრულიად უცნობებმაც, არა ინტერპრეტაციად, არამედ უტყუარ ფაქტად წარმოაჩინეს.
ვინც კარგად მიცნობს, დამისახელოს ერთი თანამშრომელი მაინც, ვინც, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, რომელიმე სამსახურიდან, პოლიტიკური შეხედულებების გამო ან არ მიმიღია, ან პირიქით, გამითავისუფლებია.
მიუკერძოებელი ადამიანები არაერთ საპირისპირო მაგალითს კი ნამდვილად გაიხსენებენ.
წმინდა წყლის ცილისწამებაა, თითქოს გამომცემლობის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება, თავისთავად სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მოქცეული, რაიმე ფორმით დაკავშირებული იყოს ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკასთან და მარიკა ბაკურაძის „იმედში“ მუშაობასთან.
ვეცადე სათქმელი შემერბილებინა, მაგრამ მოდით, ვთქვათ პირდაპირაც: „გაღმა შეედავე“-ს კამპანია ერთ დიდ ტყუილზეა აგებული.
გამომცემლობის ხელმძღვანელობაში, ზოგს გაუკვირდება და, საკადრო თუ სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას, ერთმანეთის მოსაზრებას ანგარიშს ვუწევთ. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიკა ბაკურაძესთან, მასთან პიროვნული სიახლოვის მიუხედავად, სამსახურებრივ ურთიერთობას წლების წინ გავწყვეტდი - როცა მისი მუშაობით რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოვხატე - მენეჯმენტთანაც და თავად მარიკასთანაც (ეს უკმაყოფილება მის პროფესიონალიზმს არ უკავშირდებოდა, უფრო მის მოუცლელობას). ამის შემდეგ, წლებია, მასთან უშუალო სამსახურებრივი კავშირი, როგორც ხელმძღვანელს, ფაქტობრივად აღარ მქონია. თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილება გამომცემლობების სხვა ხელმძღვანელებმა და მისმა უშუალო კურატორმა მხოლოდ მაშინ მიიღეს, როცა, წლების შემდეგ, თავადაც მივიდნენ იგივე აზრამდე.
ზოგისთვის კომუნიკაციის ფორმა (ელექტრონული მიმოწერა) აღმოჩნდა მიუღებელი.
არ დავმალავ: ჩემს საკურატორო სეგმენტებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისას ასეთ ფორმას ნაკლებად მივმართავ. „ფორმა“ არ მოეწონათ და საპასუხოდ ურთიერთობის როგორი ფორმა აირჩიეს? უაპელაციო დაბრალების (ლოგიკით - „აბა, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო“), იარლიყების მიკერების, საკითხში გარკვევის გარეშე საჯარო და პირადი შეურაცხყოფის, ტელეკომპანია „იმედის“ შეკვეთილი კამპანიის დაგეგმვა-ატაცების... მაშ, „ფორმა“ არ ყოფილა თქვენთვის არსებითი. უბრალოდ, მიუღებელი ადამიანებისა და კომპანიების გაშავების, ოპონენტების ლანძღვის საბაბი მოგეცათ და „ოსტატურადაც“ ისარგებლეთ.
ალბათ გაგაოცებთ და, ორი დღის წინაც კარგად ვუწყოდით, თვეების წინაც და წლების წინაც, რომ ჩვენი თანამშრომლის - მარიკა ბაკურაძის ძირითადი სამუშაო ადგილი ტელეკომპანია „იმედი“ იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ადრეც ერთად ვმუშაობდით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების თანამშრომლები და მომავალშიც ასე ვაპირებთ.
კამპანია რომ ტყუილსა და ფარისევლურ სოლიდარობას დაეფუძნა, ეს კარგად ჩანს კონტრასტიდანაც: კარგად დააკვირდით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო (!) დაწესებულებებიდან დადასტურებულად პოლიტიკური ნიშნით (!) ათეულობით და ასეულობით გათავისუფლებულთაგან რომელი კოლეგა ან მეგობარი დაიცვეს კერძო კომპანიის ერთი შიდა საკადრო გადაწყვეტილებით აღშფოთებულებმა? რომელ მუზეუმელს, მეცნიერს, კულტურის სამინისტროსგან დევნილ პროფესიონალს მიუძღვნეს ასეთი მგზნებარე სიუჟეტები? იქ ვერ დაინახეს პოლიტიკური მოტივები, ხომ? იქ მისაღები იყო გათავისუფლების ფორმაც და ფორმულირებაც („არაკომპეტენტურობა“), არა?
შეადარეთ და ადვილად დარწმუნდებით, როგორ ანაღვლებთ მართლა უსამართლოდ ჩაგრულთა და პოლიტიკურ დევნილთა ბედი.
უდანაშაულო კოლეგა ციხეში უზით და ხმა ვერ ამოუღიათ ვერც ჟურნალისტებსა და ვერც მის ნაცნობებს და კერძო კომპანიებთან მოეცათ გული!
დიახ, ხდება ხოლმე საკადრო ცვლილებები კომპანიებში და ეს ნორმალურია.
მიზეზიც ბევრი შეიძლება იყოს და ჩვენ შემთხვევაში მიზეზები საგამომცემლო სამზარეულოს ერთი ნაბიჯითაც არ გასცდენია. სწორი იყო გადაწყვეტილება თუ მცდარი, სამართლიანი თუ უსამართლო, ესეც ალბათ გამოჩნდება. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მადლიერი ვიქნები მარიკასი თბილი პიროვნული ურთიერთობისთვის (ჩემი სტუდენტი გახლდათ), ჩვენი გამომცემლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (სხვათა შორის, ჩემი შეთავაზებით დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა). მადლობა ამ კამპანიისთვისაც, რომელმაც ჩემი სხვა სტუდენტების, კოლეგების, ახლობლებ-შორებლების ხელახლა გაცნობის საშუალება მომცა“.- წერს კუდავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მომვარდა ტელევიზიის საგრიმიოროში და მაისურში ხელები ჩამიყო“ - ნინო ჭელიძე