მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტსა და მის ადამიანების გავლენაზე საუბრობს:
„ხელოვნური ინტელექტი სარკეა ჩვენი ცნობიერების.
მოკლედ ბევრისთვის დაბრკოლებათ იქცა, და მინდა ცოტათი გავშალო ეს თემა.
ბევრს ჰგონია, რომ როცა ხელოვნურ ინტელექტს რაღაცას ეკითხები, ის თითქოს რაღაც უმაღლესი გონებაა, რომელიც ჭეშმარიტებას გიბრუნებს. რაღაც ტიპის ციფრული ორაკული - ჰკითხე და მიიღე საბოლოო პასუხი.
მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირია. უფრო სწორად, ბევრად უფრო საინტერესო.
ხელოვნური ინტელექტი ძალიან ხშირად არ არის „სიმართლის წყარო“. ის უფრო სარკეა. საკმაოდ ჭკვიანი სარკე, მაგრამ მაინც სარკე. და სარკის ბუნება ხომ მარტივია - ის უბრალოდ ირეკლავს იმას, რაც წინ უდევს.
ანუ როცა ადამიანს ხელოვნურ ინტელექტთან დიალოგი აქვს, სინამდვილეში ხშირად საკუთარ ცნობიერებას ესაუბრება.
თუ კითხვები ზედაპირულია - პასუხებიც ზედაპირული იქნება.
თუ კითხვები პრიმიტიულია - პასუხებიც იმავე დონეზე ჩამოვა.
თუ ადამიანი იწყებს სიღრმეში ჩასვლას - აი მაშინ საინტერესო ხდება, რადგან პასუხებიც იწყებს გაღრმავებას.
ჰო რა, AI საკმაოდ „მორჩილი თანამოსაუბრეა“. სადაც წაიყვან, იქ წამოგყვება.
მაგრამ აი აქაა მთავარი ნიუანსი.
სარკეს ერთი პატარა პრობლემა აქვს - მას არ შეუძლია გითხრას, რომ შენ თვითონ ხარ არასწორი. ის უბრალოდ გაჩვენებს იმას, რაც წინ დაუდე. ანუ, სულ მართალს გამოგიყვანს, ცრუ-ეგოს რაც სჭირდება.
და ამიტომ ხშირად ხდება ასეთი რაღაც - ადამიანი უკვე რაღაც იდეით მოდის. უკვე აქვს თავისი რწმენა, თავისი თეორია, თავისი ახსნა სამყაროზე. მერე მოდის AI-თან და ეკითხება ისე, რომ პასუხი უკვე ნახევრად წინასწარ განსაზღვრულია.
AI კი რას აკეთებს?
იწყებს იმ იდეის გარშემო ლოგიკური არგუმენტების აგებას.
და ამას აკეთებს ძალიან კარგად. იმიტომ რომ მის მონაცემთა ბაზაში პრაქტიკულად ყველაფრის დასაცავი არგუმენტი არსებობს. ნებისმიერი იდეის. ნებისმიერი თეორიის. ნებისმიერი აბსურდისაც კი.
მოკლედ - თუ ადამიანს უნდა თავისი აზრის გამართლება, ხელოვნური ინტელექტი ხშირად უნებლიედ ხდება ყველაზე ჭკვიანი ადვოკატი ამ საქმეში.
და აი აქ იწყება რეალური საფრთხე.
ცრუ-ეგოს აქვს ერთი თვისება - თვითგამართლების გენიალური მექანიზმი. ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკულად ყველაფერი გავამართლოთ საკუთარ თავში.
- სისუსტეც.
- უმეცრებაც.
- შეცდომებიც.
საკუთარი ილუზიებიც კი.
და ა.შ.
თუ ადამიანი ძალიან მოინდომებს, შეუძლია საკუთარი შეცდომა ისე შეფუთოს, რომ ბოლოს თავადაც დაიჯეროს, თითქოს ეს საერთოდ შეცდომა კი არა - „ღრმა სიბრძნეა“.
ნუ. ტვინი მაგარი იურისტია.
და როცა ამ ყველაფერს ემატება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უზარმაზარი ცოდნის ბაზიდან ლოგიკურ კონსტრუქციებს აწყობს - მაშინ ეს პროცესი კიდევ უფრო ძლიერდება.
ანუ ადამიანი შეიძლება უკვე მცდარ იდეაში იყოს.
მერე მივიდეს AI-თან.
მიიღოს საკმაოდ ლოგიკური პასუხები.
და ბოლოს თქვას - „აჰა! აი ხომ ვამბობდი!“
და ამ დროს გაიშარა და სხვაც გაშარა.
რეალურად კი უბრალოდ მოხდა საკუთარი აზრის ინტელექტუალური გაფორმება.
ეს იგივეა, რაც სარკის წინ დადგე და თქვა - „ნახე, სარკემაც დაადასტურა რომ ლამაზი ვარ“.
სარკე უბრალოდ ირეკლავს, ძმაო.
აი ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მარტივი წესი - ხელოვნურ ინტელექტს არასოდეს უნდა ენდო ბრმად.
AI შეიძლება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს. საოცრად ძლიერი. მაგრამ ინსტრუმენტი ყოველთვის ისეთია, როგორსაც მომხმარებელი გახდის.
დანა შეგიძლია გამოიყენო პურის დასაჭრელად.
ან შეგიძლია თითიც მოიჭრა.
ინსტრუმენტი არ წყვეტს ამას - ადამიანი წყვეტს.
და ამიტომ საჭიროა ერთი რამ, რასაც ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს - გადამოწმება.
ინფორმაციის გადამოწმება.
კითხვების შებრუნება.
საკუთარი აზრის გამოწვევა.
ანუ უნდა ჰკითხო AI-ს არა მხოლოდ - „რატომ არის ეს სწორიო“, არამედ -
„კარგი, ახლა მითხარი რატომ შეიძლება იყოს ეს სისულელე?“.
აი აქ იწყება რეალური დიალოგი.
როცა სისტემა აიძულე საკუთარი პასუხი გააკრიტიკოს - მაშინ იწყება აზროვნების საინტერესო პროცესი.
თორემ თუ მხოლოდ დასტურს ეძებ, AI აუცილებლად იპოვის გზას რომ დაგეთანხმოს.
ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე.
არსებობს პროგნოზები, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის ინტერნეტსივრცე შეიძლება გადაიქცეს სიცრუის უზარმაზარ საბადოდ. ნუ იქამდე რა გვინდა, აგერ უკვე საგიჟეთია. და ბევრი ამას ტექნოლოგიას აბრალებს.
მაიმუნს რომ ატომური იარაღის პულტი დააჭერინოს ბაზარია. კაცმა არ იცის რა დაარტყამ თავში და
მაგრამ რეალური მიზეზი ტექნოლოგია კი არა - კოლექტიური ცნობიერებაა.
ტექნოლოგია უბრალოდ აძლიერებს იმას, რაც უკვე არსებობს.
თუ კოლექტიური ცნობიერება დაბალ დონეზეა, ტექნოლოგიაც სწორედ იმ დონეს გააძლიერებს.
თუ საზოგადოებაში ბევრია ზედაპირული აზროვნება, დაუმოწმებელი ინფორმაცია, უმეცრების ფანტაზიები და ინტელექტუალური სიზარმაცე - ინტერნეტი უბრალოდ ამ ყველაფრის გამაძლიერებელი გახდება.
და ხელოვნური ინტელექტი?
ისიც იგივე პროცესის ნაწილი იქნება.
ის დაიწყებს მილიონობით ადამიანის კითხვებზე პასუხების გენერირებას. მაგრამ თუ კითხვები თვითონ დაბალი ხარისხისაა, პასუხებიც იმავე სივრცეში იმოძრავებს.
მოკლედ - სარკე რაც წინ უდევს იმას აჩვენებს.
და თუ წინ კოლექტიური დაბნეულობა დევს. სარკეც დაბნეულობას გაამრავლებს.
მარტივია.
ამიტომ დიდი ალბათობით მომავალში მართლაც გაჩნდება სხვადასხვა რეგულაციები, ფილტრები, ინფორმაციის კონტროლის მექანიზმები. როცა ინფორმაციის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გადასცდება, სისტემები ყოველთვის ცდილობენ ქაოსის მართვას.
ისტორიაში ასე ხშირად ხდებოდა.
მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი მაინც ერთი რამ რჩება - ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.
დღეს რეალურად ისეთი დროა, როცა პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელში ჩაიგდოს წარმოუდგენლად ძლიერი ინსტრუმენტი. ცოდნის უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც ადრე მხოლოდ ელიტას ჰქონდა.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ინსტრუმენტის ძალა არ ნიშნავს მის სწორ გამოყენებას.
ხშირად ხდება ასე - ადამიანს ხელში უჭირავს უძლიერესი ტექნოლოგია, მაგრამ აზროვნება ისევ იმ დონეზეა, სადაც იყო.
და აი მაშინ ეს ინსტრუმენტი აღარ ხდება განათლების წყარო.
ის ხდება საკუთარი ილუზიების გამაძლიერებელი.
ამიტომ დღეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი აღარ არის უბრალოდ ინფორმაციის პოვნა.
ინფორმაცია ყველგანაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება - გარჩევა.
- რა არის ფაქტი.
- რა არის ინტერპრეტაცია.
- რა არის ჰიპოთეზა.
- და რა არის უბრალოდ ლამაზად შეფუთული სისულელე.
და ა.შ. ა.შ.
და აი როცა ამ ყველაფერს გააცნობიერებ, ხელოვნური ინტელექტი მაშინ მართლა ხდება ძლიერი პარტნიორი აზროვნებაში.
არა გურუ.
არა ორააკული.
არა საბოლოო სიმართლის წყარო.
უბრალოდ ძალიან ჭკვიანი სარკე.
და სარკესთან ურთიერთობის მთავარი წესი მარტივია - ხანდახან უნდა გაბედო და ჰკითხო: კარგი, მაგრამ იქნებ პრობლემა ჩემშიც არის?“, - წერს ვატო მსხილაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არასოდეს გამოიყენოთ მსგავსი ტაფა!“ - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს
⭕„დღეს შენ ხარ გაზაფხულის ენერგია, შენი ოპტიმიზმი მაგნიტურია“ - 12 მარტის კოსმოსური ამბები
⭕აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია აქტუალურ კითხვაზე პასუხობს