Digest Logo

„როცა გადაუღებლად წვიმდნენ და გზებს მიტალახებდნენ, შვიდ ისრიან ღვთისმშობელს გულზე მივიხუტებდი, ჩემებურად ვლოცულობდი...“ - დინა მირცხულავა

1673851350
დინა მირცხულავა

მწერალი - დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში ჩანახატს ავრცელებს და თავს გადამხდარი ისტორიის შესახებ წერს.

ამბავი ნათლობის დღეს მამაოს მიერ ღვთისმშობლის შვიდ ისრიანი ხატის ჩუქებით იწყება...

„დიდი ვიყავი, როცა სვეტიცხოვლის ტაძარში მოვინათლე.
უხუცესმა მღვდელმა (მამა არსენი) მცხო მირონი იმ დღეს და სხვათაშორისად უთხრა მედავითნეს, ხატი აჩუქე-ო.
- რომელი, მამაო.
- სულერთია.
რამდენიმე წამში გულზე პატარა „სულერთია“ ხატი მყავდა მიხუტებული.
ხატზე ღვთისმშობელს შვიდი ისარი ეჭირა და თავი ოდნავ გადაეხარა მარჯვნივ.
როცა დღეები მომდევდნენ.
როცა დღეები ბოროტ ადამიანებს ემსგავსებოდნენ და კვალში მედგნენ.
და მაშინაც, როცა ადამიანები დღეებივით ავდარდებოდნენ, გადაუღებლად წვიმდნენ, წვიმდნენ და გზებს მიტალახებდნენ, შვიდ ისრიან ღვთისმშობელს გულზე მივიხუტებდი, ჩემებურად ვლოცულობდი და ცრემლებით ვაოტებდი.
მიძლებდა.
ვუყვარდი.
იქ, იმ უძველესი ტაძრის უხეცესმა მღვდელმა, მგონია, ზუსტად გამოიცნო, რომ მხოლოდ შვიდ ისრიანი ღვთისმშობელი თუ გამიმარტივებდა მოსალოდნელ სიმძიმეებს.
ერთ წვიმიან დღეს მთელი სახლი გადავქექე ერთხელ კი არა, ასჯერ, მაგრამ ხატს ვერ მივაგენი.
გათენებისთანავე სვეტიცხოველში გავიქეცი.
ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები.
- ხატები არ იკარგებიან, ისინი მიდიან.
- წლების მერე კიდევ უფრო მოხრილიყო ბეჭებში მამა არსენი.
- რატომ წავიდა?
- შენზე მეტად სხვას სჭირდებოდა ალბათ და იმიტომ - როგორც იქნა ამომხედა და შემათვალიერა.
- ტფუი, სიბერე! მომკალი და არ მახსოვხარო - მითხრა.

წლების მერე, როცა ჩემი ძმა წავიდა და დედამ მთხოვა კარადის ზედა თაროზე ჩაკეცილი თეთრეულიდან, რომელსაც თითქმის არ ვხმარობდით - თეთრი ზეწარი ამერჩია ცხედრისთვის - ხატი გადმოვარდა.

იმ დღეს მივხვდი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გასაჭირი მედგა და ამიტომ დაბრუნდა.
იმ დღის მერე დავფოფინებ და ვეჩურჩულები:

ჩემზე მეტად ან ჩემნაირად არასოდეს არავის გაუჭირვო, ღმერთო, ამ ისედაც ჭირვეულ დედამიწაზე, რომ აღარასოდეს დამტოვოს შვიდ ისრიანმა ღვთისმშობელმა...“ - წერს დინა მირცხულავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანი ბრეგვაძის ემოციური პოსტი ბუბა კიკაბიძეს

🔵„ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ ასწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად - რუსეთის დედაო! ამით დაასრულა“ - გიორგი ჩალაძე

🔵„ჩვენი ბუბა აღარ გვყავს! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს!“ - ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ცნობილები ეხმაინებიან