განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ორი ქართული სიტყვა - „სახლი“ და „სახელი“ - ერთმანეთს ძალიან ჰგავს. არა მხოლოდ ფორმით, არამედ - შინაარსითაც.
მართლაც, სახლი შენი დაცული სივრცეა (როგორ ინგლისელები ამბობენ: „შენი ციხესიმაგრეა“). იქ მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ვერავინ ვაგლახად ვერ შემოგივარდება და დაგაზიანებს - ავის მსურველი და მქნელიც რომ იყოს.
განა სახელიც იგივე არ არის? - მას ხომ მთელი ცხოვრება ქმნი, რათა შენი პიროვნების გამომხატველადაც იქცეს და გალავნადაც, რომელსაც ასე ადვილად ვერავინ შეჰბედავს და შეურაცხყოფს. სახელი არანაკლებად გიცავს, ვიდრე სახლი.
სახლი მატერიალურია, სახელი - მატერიის მიღმური. ორივე ძნელად ინგრევა - სახელი უფრო რთულად, რადგან მას სიყვარული, სიკეთე, გაბედულება და ღირსება ერთად ქმნიან. სახელი თან დანგრევაზე მეტად „ტყდება" და მტერს და ავს, რაც მის დაზიანებას მოჰყვება: „სახელის გატეხას თავის გატეხა გერჩივნოსო“.
სახელი ასე ადვილად ვერ მთელდება - როცა კაცი სხვა ადამიანის ან საზოგადოების ნდობას კარგავს, უკიდურესად ძნელია მისი დაბრუნება.
ყოველი ადამიანი თავის სახლშიც ცხოვრობს და თავის სახელშიც. სახელში - უფრო მეტად. სახელი სულის სახლია“, - წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: